Baby Bag

​სოლარიუმის გამოყენება - კატასტროფული შედეგები

​სოლარიუმის გამოყენება - კატასტროფული შედეგები

სოლარიუმის გამოყენების კატასტროფულ შედეგებზე დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„სოლარიუმის გამოყენებისას ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან ახალგაზრდები, ასევე ადამიანები 1 და 2 ტიპის კანით (Fitzpatrick's Skin Types).

სტატისტიკის თანახმად, ავსტრალიაში, ევროპასა და აშშ-ში ყოველწლიურად ფიქსირდება - 10 000 მელანომის + 450 000 არამელანომური კანის კიბოს შემთხვევა (Wehner MR, et al. - Systematic Review and Meta-Analysis).


რაც უფრო ახალგაზრდა ასაკში იწყებს ადამიანი სოლარიუმის გამოყენებას, მით უფრო მეტია კანის კიბოს რისკი:

1. <35 წელზე - მელანომის რისკი 60% (Banial M, et al.)
2. <25 წელზე - ბრტყელუჯრედოვანი კიბო - 102%, ბაზალურუჯრედოვანი კიბო - 40% (Wehner MR, et al.)

ასევე სხვა სახის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელსაც იწვევს ულტრაიისფერი სხივები, მათ შორის სოლარიუმი:

1. კატარაქტა,
2. იმუნოსუპრესია (იმუნიტეტის დაქვეითება),
3. დამწვრობა,
4. კანის ადრეული დაბერება,
5. სხვადასხვა შინაგანი ორგანოების დაზიანებები,
6. ეპიგენეტიკური ინფორმაცია გადაეცემა მომავალ თაობას ანუ არამარტო იმ ადამიანისთვის მატულობს კანის კიბოს განვითარების რისკი ვინც ხშირად დადის სოლარიუმში, არამედ მისი მომავალი შვილებისთვისაც

აუცილებელია, რომ მოვერიდოთ ბუნებრივ ულტრაიისფერ სხივებსაც და გამოვიყენოთ მზისდამცავი საშუალებები (მნიშვნელოვანია მათი სწორი შერჩევა კანის ტიპის მიხედვით, შემადგენლობის გათვალისწინებით, ასევე სწორი მოხმარების უნარ-ჩვევები).

რა თქმა უნდა, ულტრაიისფერი სხივები, კერძოდ, ვიწროტალღოვანი B სხივი (UVB - 311nm.) ერთ-ერთი ეფექტური მკურნალობის მეთოდია სხვადასხვა დერმატოლოგიური პრობლემის სამკურნალოდ და ამ შემთხვევაში მის რისკებთან დაკავშირებით მტკიცებულება არ არსებობს.

ასე რომ, უარი თქვით სოლარიუმის გამოყენებაზე კანის გარუჯვის მიზნით, გამოიყენეთ მზისდამცავი საშუალებები მზეზე გასვლის წინ 30 წუთით ადრე, რადგან ულტრაიისფერი სხივები მავნებელია.

P.S. დაახლოებით 10-30 წუთის განმავლობაში (მუქი ფერის კანის მქონე ადამიანებისათვის უფრო მეტი) მზის ულტრაიისფერი სხივების სახის კანთან კონტაქტით კვირაში 3-ჯერ გამომუშავდება D ვიტამინის ადეკვატური რაოდენობა (NIH, RDA - 400-800IU - ასაკის მიხედვით).

შეიძლება დაინტერესდეთ

​ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირება საქართველოში უახლესი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფით

​ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირება საქართველოში უახლესი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფით

„ნიუ ჰოსპიტალსის“ რადიოლოგიის ცენტრი ყველაზე სრულყოფილი და მძლავრი მაგნიტურ - რეზონანსული ტომოგრაფით არის აღჭურვილი და პაციენტებს უნიკალური შესაძლებლობების მქონე რადიოლოგიურ მომსახურებას სთავაზობს.

Siemens-ის უახლესი 3 ტესლა სიმძლავრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი ორგანოების, ორგანოთა სისტემების და რბილი ქსოვილების სრულყოფილ გამოკვლევას უზრუნველყოფს, მისი გაუმჯობესებული ფუნქციები კი კვლევითი შედეგების 100%-მდე სიზუსტეს განსაზღვრავს.

უფრო ვრცლად საკითხის ირგვლივ ​MOMSEDU.GE-ს „ნიუ ჰოსპიტალსის“ რადიოლოგი, ნათია კბილაშვილი ესაუბრება:

რა შესაძლებლობებით გამოირჩევა უახლესი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი და რა უპირატესობები აქვს არსებულ ტომოგრაფებთან შედარებით?

უახლესი ტომოგრაფის უპირატესობა მისი გაუმჯობესებული შესაძლებლობები და დიზაინია, რაც კვლევის პროცესს მაქსიმალურად ეფექტურსა და კომფორტულს, კვლევით შედეგებს კი უპრეცედენტოდ ინფორმატიულს ხდის.

Siemens MAGNETOM VIDA უმაღლესი ხარისხის და გარჩევადობის გამოსახულების მიღებას უპრეცედენტო, 50-70%-ით შემცირებულ დროში უზრუნველყოფს - გარკვეული ზონების კვლევას მხოლოდ 2 წუთი სჭირდება, 40 წუთის განმავლობაში კი შეგვიძლია მივიღოთ ინფორმაცია მთლიანი სხეულის მდგომარეობის შესახებ (წინამორბედი ტომოგრაფების შემთხვევაში მთლიანი სხეულის კვლევას დაახლოებით 90 წუთი სჭირდება).

  • მისი საშუალებით ვიკვლევთ არა მარტო ცალკეულ ორგანოებს და ორგანოთა სისტემებს, არამედ მთლიან სხეულს უჯრედულ დონეზე;
  • ახალი ტომოგრაფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ძველი მონაცემების დამახსოვრება და განმეორებითი კვლევის განხორციელებისას, ცვლილებების გამოვლენაა;
  • მსოფლიოში პირველი BioMatrix ტექნოლოგია კვლევის განხორციელების პროცესს მაქსიმალურად კომფორტს ხდის, პაციენტისთვის: კვლევის პროცესში, პოზიციის ცვლილებისა და მოძრაობის შემთხვევაში, კვლევა ხელმეორედ ჩატარებას აღარ საჭიროებს; გარკვეული კვლევების განხორციელებისთვის, სუნთქვის შეკავება აღარ არის აუცილებელი;
  • ფართო გვირაბი და ვენტილაციის გაუმჯობესებული სისტემა ჭარბწონიანი (250 კგ.-მდე) პაციენტების გამოკვლევას ხდის შესაძლებელს;

რამდენად მნიშვნელოვანია უახლესი ტომოგრაფის შესაძლებლობები ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებისას?

სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ჩვენს ქვეყანაში ონკოლოგიური პათოლოგიებით სიკვდილობა მეორე ადგილზეა. ამდენად, სიმსივნის ადრეული დიაგნოსტირება და მისი გამოვლენა თანამედროვე კლინიკური მედიცინის უმნიშვნელოვანესი საკითხია, მთელს მსოფლიოში.

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია რადიოლოგიურ კვლევებს შორის ყველაზე ინფორმატიული მეთოდია, რომელიც ორგანიზმის მდგომარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის. მრ. ტომოგრაფია გამოიყენება როგორც დიაგნოსტირების, ასევე მკურნალობის (ქირურგიული თუ არაქირურგიული) ტაქტიკის განსაზღვრისა და მკურნალობის შემდგომი მონიტორინგის მიზნით. ის საშუალებას გვაძლევს, დავადგინოთ პათოლოგიური კერის ლოკალიზაცია და ხასიათი, ანატომიური თუფუნქციური.

რა როლი აქვს მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას ონკოლოგიური დაავადებების ადრეულ დიაგნოსტირებაში?

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ონკოლოგიური დაავადებების ადრეული დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტად აღიარებული მეთოდია. ის საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ განსხვავება ნორმალურ და პათოლოგიურ ქსოვილებს შორის, რაც შესაძლებელს ხდის ონკოლოგიური დაავადებები, განვითარების ნებისმიერ ეტაპზე გამოვლინდეს, მაშინაც კი, როდესაც წარმონაქმნი ძალიან მცირე ზომისაა.

კვლევის რამდენად უსაფრთხო მეთოდია მაგნიტურ - რეზონანსული ტომოგრაფია?

კვლევის სხვა მეთოდებისგან განსხვავებით, რომლებიც მაიონიზირებელ გამოსხივებას (რადიაციას) იყენებენ, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია მაღალი ხარისხის გამოსახულებას ძლიერი მაგნიტური ველისა და რადიოტალღების საშუალებით ქმნის - მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფს არ აქვს რადიაცია, რაც კვლევის ამ მეთოდს სრულიად უსაფრთხოს ხდის, მათ შორის ჩვილებისა და ორსულებისთვის.

R. 

წაიკითხეთ სრულად