რა საფრთხის წინაშე აყენებს ეკრანდამოკიდებულება ბავშვს და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ თავიდან აირიდოს მისგან გამოწვეული დაავადებები - აღნიშნულ თემებზე Momsedu.ge-ს ექიმი-პედიატრი, რადიოლოგი ნანა საპანაძე ესაუბრა.
- ქალბატონო ნანა, ბავშვებში ეკრანდამოკიდებულება საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა მშობლებისთვის. რამდენად დიდია შანსი, ეს პრობლემა გადაიზარდოს დაავადებად?
- ნებისმიერი დამოკიდებულება შეიძლება, გადაიზარდოს დაავადებად. ამ დამოკიდებულებამ შესაძლოა, გამოიწვიოს ამა თუ იმ ორგანოთა სისტემის დაავადებები. როგორიც არის ნევროლოგიური, ასევე სხვა ორგანოების, მაგალითად, მხედველობის.
- ეკრანდამოკიდებულება ხელს უწყობს ძილის დარღვევას, თუმცა უფრო კონკრეტულად, რა რისკების წინაშე ვდგებით, როდესაც გამოსხივება ძილის ხარისხზე ახდენს გავლენას ან როგორ შეიძლება გამოვლინდეს ეს პრობლემა? დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე მოვწყვიტოთ ბავშვი ეკრანს?
- დაძინება და ჩაძინებისთვის ორგანიზმში აუცილებელია წარმოიშვას მელატონინი. მელატონინი არის ის ჰორმონი, რომელიც დაძინებას უწყობს ხელს. მისი გამომუშავებისთვის აუცილებელია სიბნელეში ყოფნა. გამოსხივება მთლიანად თრგუნავს მელატონინის გამოყოფას. შესაბამისად, ზოგჯერ მშობლები ბავშვებს რომ ჩააწვენენ ლოგინში, ჩაურთავენ ტელეფონს და ჰგონიათ, ჩაეძინება ბავშვს, ეს არის მცდარი შეხედულება. გამოსხივება ჩაძინების გახანგრძლივებაზე მოქმედებს. ძილისწინ უმჯობესია რაიმე რუტინული სამუშაო, თუნდაც აბაზანის მიღება, მშობლებმა უნდა გამონახონ დრო, მიუჯდნენ, ზღაპარი წაუკითხონ, ანუ გაჯეტი ჩაანაცვლოს მშობელმა, ბებიამ ან აღმზრდელმა.
- მშობლებმა დღეში რამდენ ხანს უნდა გამოიყენოს 5 წლამდე ასაკის ბავშვთან ციფრული ტექნოლოგია, რომ არ დადგეს ბავშვის განვითარების საფრთხე?
- ორ საათზე მეტი ნამდვილად არ შეიძლება, ესეც მაქსიმუმ და არავითარ შემთხვევაში ამ ორი საათის განმავლობაში გადაბმულად არ უნდა უყურებდეს ტელევიზორს და არ უნდა ეჭიროს ხელში გაჯეტი.
- რატომ არ უნდა გავართოთ ბავშვი სმარტფონებით ჭამის დროს?
- ჭამა არის თვითონ ისეთი პროცესი, რომლის შემდეგ იწყება დანაყრება და კუჭში ჩასული საჭმელი ტვინს აძლევს სიგნალს, რომ დანაყრდა, ამიტომ მთელი ყურადღება მომართული უნდა იყოს ჭამის პროცესზე. როდესაც ჩვენ ბავშვს ვართობთ, მისი ყურადღება გადადის სხვა რამეზე, თუნდაც ტელევიზორზე, მობილურზე. ბავშვი მექანიკურად აღებს პირს და ყლაპავს, შესაბამისად, ვერ კონცენტრირდება უშუალოდ ჭამის პროცესზე. ამ კვების ჩამოყალიბებას ეწოდება „შეუმჩნეველი კვება“. შემდგომში უკვე ყალიბდება მანკიერი რეფლექსი, როდესაც ტელევიზორის ყურების დროს ერთობა და ისე ჭამს, ვერ აკონტროლებს მიღებული საკვების რაოდენობას. სწორედ ეს ხდება სიმსუქნის ჩამოყალიბების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი.
- დღესდღეობით, მშობლების დიდი ნაწილი საჭიროდ თვლის, რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეს მობილური გაატანოს სკოლაში, ბავშვები ამას ცუდად იყენებენ, უქვეითდებათ სწავლის სურვილი, ექმნებათ მხედველობასთან ან ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები. რას ურჩევდით მშობლებს, როგორ მიუდგნენ ამ ასაკის ბავშვებს?
- მოდით, დავიწყოთ იმით, რომ დღევანდელ დროში მობილურის გარეშე არსებობა თითქმის შეუძლებელია. იმისთვის, რომ დედა შვილს დაუკავშირდეს საჭიროების შემთხვევაში, ექსტრემალურ სიტუაციებში, მობილური კავშირი არის აუცილებელი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მობილურში, რომელიც მიაქვს, იყოს ჩატვირთული უამრავი თამაში და ერთობოდეს გაკვეთილების პროცესში. ბავშვი უნდა მივაჩვიოთ, რომ მობილური მისთვის იყოს კავშირის აუცილებელი საშუალება. რა თქმა უნდა, პირველ ან მეორეკლასელ ბავშვს არ ვგულისხმობ. რაც შეეხება იმას, თუ რას ვურჩევდი მშობლებს, ეკრანთან ბავშვის დიდი ხანი ყოფნა შეამცირონ და გაზარდონ ბავშვთან პირადი ურთიერთობა, ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის აუცილებელია თამაში. თუ ჩვენ დიდხანს მივუშვებთ ბავშვს ტელეფონთან, შესაძლებელია მისი შიდა ჩაკეტილობა გამოვიწვიოთ, ურთიერთობა აღარ მოუნდეს დარჩენილ სამყაროსთან და აუტისტური სპექტრის აშლილობასაც შეუწყოს ხელი.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
გოგონას აღზრდის 8 პრინციპი, რომელიც მას წარმატების მიღწევაში დაეხმარება
მშობლის უმთავრეს მიზანს ბედნიერი შვილის აღზრდა წარმოადგენს. თანამედროვე სამყაროში გოგონებთან მიმართებაში აღმზრდელობითი მეთოდები მნიშვნელოვნად შეიცვალა. იმისთვის, რომ მომავალში ქალმა დასახული მიზნების მიღწევა შეძლოს, მშობლებმა გოგონას სტერეოტიპებისგან გათავისუფლებაზე ადრეული ასაკიდანვე უნდა იზრუნონ. გთავაზობთ გოგონას აღზრდის 8 მთავარ პრინციპს, რომელიც მას წარმატების იღწევაში დაეხმარება.
1. გოგონა სწორად უნდა შეაქოთ
ადამიანის შინაგანი სამყარო გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი გარეგნობა. მიუხედავად ამისა, გოგონებს უპირველესად გარეგნული სილამაზის გამო აქებენ. გირჩევთ, ყურადღება თქვენი ქალიშვილის იდეებზე, წარმოსახვაზე, კრეატიულ უნარებსა და ქცევაზე გაამახვილოთ. ეს იმას არ გულისხმობს, რომ გოგონას გარეგნობასთან დაკავშირებული კომპლიმენტები არ უნდა ვუთხრათ. თქვენი ქალიშვილის სილამაზეს ხაზი დღეში რამდენჯერმე უნდა გაუსვათ, თუმცა აუცილებლად აღნიშნეთ მისი უფრო მნიშვნელოვანი მიღწევები. ბავშვი უპირველესად იმ მონდომებისა და შრომის გამო უნდა შეაქოთ, რომელსაც მიზნის მისაღწევად იჩენს. ეს მას მეტ მოტივაციას შესძენს.
2. გოგონას თქვენთან კამათის უფლება უნდა მისცეთ
დედა ყოველთვის მართალი არ არის. თუ ის შეცდომას უშვებს, რატომ არ უნდა ჰქონდეს შვილს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების უფლება?! გოგონამ კამათი და საკუთარი აზრის გამოხატვა ადრეული ასაკიდანვე უნდა ისწავლოს, რათა მომავალში საკუთარ მეგობრებთან, თანამშრომლებთან ან ცხოვრების თანამგზავრთანაც ასე მოიქცეს. როდესაც ბავშვს თქვენთან შეკამათების უფლებას აძლევთ, ის უარის თქმას და საკუთარი აზრის გამოხატვას სწავლობს. ამ პროცესში თქვენც ძალიან ბევრ რამეს ისწავლით.
3. გოგონას არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა უნდა მისცეთ
თანამედროვე სამყაროში სწრაფი არჩევანის გაკეთება უნდა შეგვეძლოს, რაც ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს, რადგან ბავშვობაში მათთვის მსგავსი არაფერი უსწავლებიათ. ბავშვს შესაძლებლობა მიეცით აირჩიოს, თუ რა ფერის კაბის შეძენა სურს, რომელი სათამაშო მოსწონს თავად და რის მირთმევას ისურვებდა საუზმეზე. მომავალში თქვენი შვილი საკუთარი ჰობის ან პროფესიის აღმოჩენას მარტივად შეძლებს და გადაწყვეტილებებს თამამად მიიღებს.
4. თქვენი ქალიშვილის ჰობი და ინტერესები წაახალისეთ
ბავშვს საკუთარი ინტერესების დაცვა ასწავლეთ და მისი ჰობი წაახალისეთ. ადამიანი, რომელსაც თვალებში ბედნიერების ნაპერწკლები უელავს, გაცილებით საინტერესოა, ვიდრე ყოველთვის მოწყენილი და იმედგაცრუებული ადამიანი. მისთვის სასურველ აქტივობებში ჩართვა ბავშვს თავდაჯერებას მატებს და ბედნიერს ხდის. ყოველთვის ეცადეთ, რომ ბავშვს ხელი შეუწყოთ დაკავდეს იმ აქტივობებით, რომელიც მისთვის მოსაწონი და სასურველია.
5. გაამხნევეთ თქვენი შვილი, რათა საკუთარი პრობლემების მოგვარება დამოუკიდებლად შეძლოს
ბავშვს პრობლემებთან დამოუკიდებლად გამკლავება ასწავლეთ. ეს მას მოვლენების ანალიზს და საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებას ასწავლის. თანამედროვე მშობლები მეტისმეტად ზრუნავენ შვილებზე. ისინი ხელს უშლიან ბავშვებს დამოუკიდებლობის განვითარებაში. ბევრმა მოზარდმა არ იცის, როგორ გადაჭრას ელემენტარული პრობლემა. მშობლები ხშირად სტუდენტ შვილებსაც სერიოზულ მეთვალყურეობას უწევენ, რასაც „ბავშვზე“ ზრუნვით ამართლებენ. „ბავშვებიც“ ეგუებიან მსგავს დამოკიდებულებას და ყოველთვის მშობლების იმედად არიან.
6. თქვენს გოგონას რისკზე წასვლა ასწავლეთ
მშობლისთვის ძალიან რთულია, რომ შვილს რისკზე წასვლის უფლება მისცეს. გოგონები, რომლებსაც რისკზე წასვლა არ აშინებთ, ძალიან თავდაჯერებულები არიან. თქვენს შვილს კომფორტის ზონის დატოვებისთვის გამბედაობა უნდა შემატოთ. ბავშვს მცირე სიმაღლის ფერდობზე ველოსიპედით დაშვება თუ აშინებს, გაამხნევეთ და წაახალისეთ. მთავარია, რომ გარემო ბავშვისთვის უსაფრთხო იყოს. ბავშვს ექსტრემალური ქმედებებისკენ არ უბიძგოთ, თუმცა მისი გამბედავი ქმედებები აუცილებლად წაახალისეთ.
7. გოგონას წიგნები სწორად წაუკითხეთ
ბავშვი წიგნით რომ დააინტერესოთ, კითხვის პროცესი აქტიური უნდა იყოს. პასიური მკითხველის როლს ნუ მოირგებთ. ბავშვს გარკვეული პასაჟების დამოუკიდებლად წაკითხვა სთხოვეთ ან ჰკითხეთ, მისი წარმოდგენით, როგორ განვითარდება სიუჟეტი. გოგონას სთხოვეთ თავი მთავარი პერსონაჟის ადგილას წარმოიდგინოს. ეს მას ძალიან მოეწონება. თუ თქვენი გოგონა ძალიან პატარაა, მას გვერდების გადაფურცვლა სთხოვეთ.
8. თქვენს ქალიშვილს ზღაპრები ხშირად მოუყევით
თანამედროვე სამყაროში ზღაპრებს მწვავედ აკრიტიკებენ, რადგან ითვლება, რომ ზოგიერთი მათგანი სექსიზმს ან ძალადობას ახალისებს. მიუხედავად ამისა, გახსოვდეთ, რომ ზღაპარი ძალიან საინტერესო ფენომენია. მასში უამრავი სხვადასხვა მნიშვნელობა დევს და ის ბავშვის ფანტაზიას ძალიან ავითარებს. ბავშვს „კონკიას“ თუ წაუკითხავთ, ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რომ მთავარმა გმირმა წარმატების მიღწევა მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც უსიტყვო მორჩილებაზე უარი თქვა და საკუთარი მიზნებისთვის ბრძოლა დაიწყო.