რა საფრთხის წინაშე აყენებს ეკრანდამოკიდებულება ბავშვს და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ თავიდან აირიდოს მისგან გამოწვეული დაავადებები - აღნიშნულ თემებზე Momsedu.ge-ს ექიმი-პედიატრი, რადიოლოგი ნანა საპანაძე ესაუბრა.
- ქალბატონო ნანა, ბავშვებში ეკრანდამოკიდებულება საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა მშობლებისთვის. რამდენად დიდია შანსი, ეს პრობლემა გადაიზარდოს დაავადებად?
- ნებისმიერი დამოკიდებულება შეიძლება, გადაიზარდოს დაავადებად. ამ დამოკიდებულებამ შესაძლოა, გამოიწვიოს ამა თუ იმ ორგანოთა სისტემის დაავადებები. როგორიც არის ნევროლოგიური, ასევე სხვა ორგანოების, მაგალითად, მხედველობის.
- ეკრანდამოკიდებულება ხელს უწყობს ძილის დარღვევას, თუმცა უფრო კონკრეტულად, რა რისკების წინაშე ვდგებით, როდესაც გამოსხივება ძილის ხარისხზე ახდენს გავლენას ან როგორ შეიძლება გამოვლინდეს ეს პრობლემა? დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე მოვწყვიტოთ ბავშვი ეკრანს?
- დაძინება და ჩაძინებისთვის ორგანიზმში აუცილებელია წარმოიშვას მელატონინი. მელატონინი არის ის ჰორმონი, რომელიც დაძინებას უწყობს ხელს. მისი გამომუშავებისთვის აუცილებელია სიბნელეში ყოფნა. გამოსხივება მთლიანად თრგუნავს მელატონინის გამოყოფას. შესაბამისად, ზოგჯერ მშობლები ბავშვებს რომ ჩააწვენენ ლოგინში, ჩაურთავენ ტელეფონს და ჰგონიათ, ჩაეძინება ბავშვს, ეს არის მცდარი შეხედულება. გამოსხივება ჩაძინების გახანგრძლივებაზე მოქმედებს. ძილისწინ უმჯობესია რაიმე რუტინული სამუშაო, თუნდაც აბაზანის მიღება, მშობლებმა უნდა გამონახონ დრო, მიუჯდნენ, ზღაპარი წაუკითხონ, ანუ გაჯეტი ჩაანაცვლოს მშობელმა, ბებიამ ან აღმზრდელმა.
- მშობლებმა დღეში რამდენ ხანს უნდა გამოიყენოს 5 წლამდე ასაკის ბავშვთან ციფრული ტექნოლოგია, რომ არ დადგეს ბავშვის განვითარების საფრთხე?
- ორ საათზე მეტი ნამდვილად არ შეიძლება, ესეც მაქსიმუმ და არავითარ შემთხვევაში ამ ორი საათის განმავლობაში გადაბმულად არ უნდა უყურებდეს ტელევიზორს და არ უნდა ეჭიროს ხელში გაჯეტი.
- რატომ არ უნდა გავართოთ ბავშვი სმარტფონებით ჭამის დროს?
- ჭამა არის თვითონ ისეთი პროცესი, რომლის შემდეგ იწყება დანაყრება და კუჭში ჩასული საჭმელი ტვინს აძლევს სიგნალს, რომ დანაყრდა, ამიტომ მთელი ყურადღება მომართული უნდა იყოს ჭამის პროცესზე. როდესაც ჩვენ ბავშვს ვართობთ, მისი ყურადღება გადადის სხვა რამეზე, თუნდაც ტელევიზორზე, მობილურზე. ბავშვი მექანიკურად აღებს პირს და ყლაპავს, შესაბამისად, ვერ კონცენტრირდება უშუალოდ ჭამის პროცესზე. ამ კვების ჩამოყალიბებას ეწოდება „შეუმჩნეველი კვება“. შემდგომში უკვე ყალიბდება მანკიერი რეფლექსი, როდესაც ტელევიზორის ყურების დროს ერთობა და ისე ჭამს, ვერ აკონტროლებს მიღებული საკვების რაოდენობას. სწორედ ეს ხდება სიმსუქნის ჩამოყალიბების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი.
- დღესდღეობით, მშობლების დიდი ნაწილი საჭიროდ თვლის, რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეს მობილური გაატანოს სკოლაში, ბავშვები ამას ცუდად იყენებენ, უქვეითდებათ სწავლის სურვილი, ექმნებათ მხედველობასთან ან ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები. რას ურჩევდით მშობლებს, როგორ მიუდგნენ ამ ასაკის ბავშვებს?
- მოდით, დავიწყოთ იმით, რომ დღევანდელ დროში მობილურის გარეშე არსებობა თითქმის შეუძლებელია. იმისთვის, რომ დედა შვილს დაუკავშირდეს საჭიროების შემთხვევაში, ექსტრემალურ სიტუაციებში, მობილური კავშირი არის აუცილებელი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მობილურში, რომელიც მიაქვს, იყოს ჩატვირთული უამრავი თამაში და ერთობოდეს გაკვეთილების პროცესში. ბავშვი უნდა მივაჩვიოთ, რომ მობილური მისთვის იყოს კავშირის აუცილებელი საშუალება. რა თქმა უნდა, პირველ ან მეორეკლასელ ბავშვს არ ვგულისხმობ. რაც შეეხება იმას, თუ რას ვურჩევდი მშობლებს, ეკრანთან ბავშვის დიდი ხანი ყოფნა შეამცირონ და გაზარდონ ბავშვთან პირადი ურთიერთობა, ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის აუცილებელია თამაში. თუ ჩვენ დიდხანს მივუშვებთ ბავშვს ტელეფონთან, შესაძლებელია მისი შიდა ჩაკეტილობა გამოვიწვიოთ, ურთიერთობა აღარ მოუნდეს დარჩენილ სამყაროსთან და აუტისტური სპექტრის აშლილობასაც შეუწყოს ხელი.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
თუ საკვების მიღების დროს დავლევთ წყალს, ის ნამდვილად გააზავებს მარილმჟავას, მაგრამ... - შეიძლება თუ არა წყლის მიღება ჭამის დროს?
შეიძლება თუ არა წყლის დალევა საკვების მიღების დროს? - თემაზე ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს.
„ალბათ გსმენიათ, რომ როდესაც საკვების მიღების დროს წყლის მიღება არ შეიძლება, რადგან მონელებას ხელი შეეშლება. თუ საკვებს ვერ მოინელებ, გაზები შეგაწუხებს, გასუქდები და სხვა. სწორია თუ არა ეს ყველაფერი? - ეს არ არის სიმართლე და დაგიმტკიცებთ რატომ.
როდესაც საქმე ეხება საკვების მონელებას, ჩვენს კუჭში არსებობს სპეციალური გარემო და ამ გარემოს ქმნის მარილმჟავა. როგორც კი მასში აღმოჩნდება საკვები, ერთი მხრივ, გაათავისუფლებს ბაქტერიებისგან, რათა ინფექცია არ შეიჭრას სხეულში, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს, რომ მასში არსებული ცილები გაიშალონ (ამას ჰქვია დენატურაცია) და მესამე, ააქტიურებს სპეციალურ ფერმენტებს, განსაკუთრებით პეპსინს, რომელიც ამ ცილებს დაჭრის და შემდეგ ჩვენ მას მოვინელებთ.
აქ ჩნდება ლოგიკური კითხვა - თუ კუჭში მჟავიანობა არის საკვანძო მომენტი, მაშინ წყლის დალევა როგორ შეიძლება არ აღმოჩნდეს ხელისშემშლელი?
თუ საკვების მიღების დროს მივიღებთ წყალს, ის ნამდვილად გააზავებს მარილმჟავას, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში. იქ, სადაც კუჭი მთავრდება და იწყება თორმეტგოჯა ნაწლავი გვაქვს ადგილი, რომელსაც ჰქვია ანტრუმი. ანტრუმში არიან G უჯრედები, რომლებიც აფიქსირებენ, რომ კუჭში მჟავიანობა დაეცა მიღებული წყლის ხარჯზე, გამოყოფენ ჰორმონ გასტრინს, რომელიც იმოქმედებს კუჭზე, რის საფუძველზეც მჟავიანობა ისევ აღდგება. შესაბამისად, თუ საკვების მიღების დროს წყლის დალევა გიყვართ, მიიღეთ, ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.
ის ფაქტი, რომ თითქოს საკვების მიღების დროს წყლის დალევით წონაში მოიმატებ, ეს აბსულუტური სისულელეა, პირიქით, შეიძლება დაიკლო კიდეც. კვლევა ჩატარდა, სადაც ნახეს რომ თუ ადამიანი საკვების მიღების დროს, 12 კვირის განმავლობაში იღებდა 500 მლ სითხეს, წონაში იკლებდა. რა თქმა უნდა, წონაში კლება არ იყო მაინცდამაინც შთამბეჭდავი, მაგრამ 2 კილოგრამის დანაკარგი შეიმჩნეოდა 3 თვის განმავლობაში. ამიტომ, თუ თქვენ კვების დროს წყალს იღებთ, ამით შესაძლოა წონაშიც დაიკლოთ და შეკრულობაც მოიგვაროთ.
აქვე მინდა დავამატო, რომ ვისაც აწუხებს გასტროეზოფაგური რეფლუქსი, მაშინ წყლის მიღება საკვების მიღების დროს არ არის კარგი,“ - აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.