რა საფრთხის წინაშე აყენებს ეკრანდამოკიდებულება ბავშვს და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ თავიდან აირიდოს მისგან გამოწვეული დაავადებები - აღნიშნულ თემებზე Momsedu.ge-ს ექიმი-პედიატრი, რადიოლოგი ნანა საპანაძე ესაუბრა.
- ქალბატონო ნანა, ბავშვებში ეკრანდამოკიდებულება საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა მშობლებისთვის. რამდენად დიდია შანსი, ეს პრობლემა გადაიზარდოს დაავადებად?
- ნებისმიერი დამოკიდებულება შეიძლება, გადაიზარდოს დაავადებად. ამ დამოკიდებულებამ შესაძლოა, გამოიწვიოს ამა თუ იმ ორგანოთა სისტემის დაავადებები. როგორიც არის ნევროლოგიური, ასევე სხვა ორგანოების, მაგალითად, მხედველობის.
- ეკრანდამოკიდებულება ხელს უწყობს ძილის დარღვევას, თუმცა უფრო კონკრეტულად, რა რისკების წინაშე ვდგებით, როდესაც გამოსხივება ძილის ხარისხზე ახდენს გავლენას ან როგორ შეიძლება გამოვლინდეს ეს პრობლემა? დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე მოვწყვიტოთ ბავშვი ეკრანს?
- დაძინება და ჩაძინებისთვის ორგანიზმში აუცილებელია წარმოიშვას მელატონინი. მელატონინი არის ის ჰორმონი, რომელიც დაძინებას უწყობს ხელს. მისი გამომუშავებისთვის აუცილებელია სიბნელეში ყოფნა. გამოსხივება მთლიანად თრგუნავს მელატონინის გამოყოფას. შესაბამისად, ზოგჯერ მშობლები ბავშვებს რომ ჩააწვენენ ლოგინში, ჩაურთავენ ტელეფონს და ჰგონიათ, ჩაეძინება ბავშვს, ეს არის მცდარი შეხედულება. გამოსხივება ჩაძინების გახანგრძლივებაზე მოქმედებს. ძილისწინ უმჯობესია რაიმე რუტინული სამუშაო, თუნდაც აბაზანის მიღება, მშობლებმა უნდა გამონახონ დრო, მიუჯდნენ, ზღაპარი წაუკითხონ, ანუ გაჯეტი ჩაანაცვლოს მშობელმა, ბებიამ ან აღმზრდელმა.
- მშობლებმა დღეში რამდენ ხანს უნდა გამოიყენოს 5 წლამდე ასაკის ბავშვთან ციფრული ტექნოლოგია, რომ არ დადგეს ბავშვის განვითარების საფრთხე?
- ორ საათზე მეტი ნამდვილად არ შეიძლება, ესეც მაქსიმუმ და არავითარ შემთხვევაში ამ ორი საათის განმავლობაში გადაბმულად არ უნდა უყურებდეს ტელევიზორს და არ უნდა ეჭიროს ხელში გაჯეტი.
- რატომ არ უნდა გავართოთ ბავშვი სმარტფონებით ჭამის დროს?
- ჭამა არის თვითონ ისეთი პროცესი, რომლის შემდეგ იწყება დანაყრება და კუჭში ჩასული საჭმელი ტვინს აძლევს სიგნალს, რომ დანაყრდა, ამიტომ მთელი ყურადღება მომართული უნდა იყოს ჭამის პროცესზე. როდესაც ჩვენ ბავშვს ვართობთ, მისი ყურადღება გადადის სხვა რამეზე, თუნდაც ტელევიზორზე, მობილურზე. ბავშვი მექანიკურად აღებს პირს და ყლაპავს, შესაბამისად, ვერ კონცენტრირდება უშუალოდ ჭამის პროცესზე. ამ კვების ჩამოყალიბებას ეწოდება „შეუმჩნეველი კვება“. შემდგომში უკვე ყალიბდება მანკიერი რეფლექსი, როდესაც ტელევიზორის ყურების დროს ერთობა და ისე ჭამს, ვერ აკონტროლებს მიღებული საკვების რაოდენობას. სწორედ ეს ხდება სიმსუქნის ჩამოყალიბების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი.
- დღესდღეობით, მშობლების დიდი ნაწილი საჭიროდ თვლის, რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეს მობილური გაატანოს სკოლაში, ბავშვები ამას ცუდად იყენებენ, უქვეითდებათ სწავლის სურვილი, ექმნებათ მხედველობასთან ან ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები. რას ურჩევდით მშობლებს, როგორ მიუდგნენ ამ ასაკის ბავშვებს?
- მოდით, დავიწყოთ იმით, რომ დღევანდელ დროში მობილურის გარეშე არსებობა თითქმის შეუძლებელია. იმისთვის, რომ დედა შვილს დაუკავშირდეს საჭიროების შემთხვევაში, ექსტრემალურ სიტუაციებში, მობილური კავშირი არის აუცილებელი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მობილურში, რომელიც მიაქვს, იყოს ჩატვირთული უამრავი თამაში და ერთობოდეს გაკვეთილების პროცესში. ბავშვი უნდა მივაჩვიოთ, რომ მობილური მისთვის იყოს კავშირის აუცილებელი საშუალება. რა თქმა უნდა, პირველ ან მეორეკლასელ ბავშვს არ ვგულისხმობ. რაც შეეხება იმას, თუ რას ვურჩევდი მშობლებს, ეკრანთან ბავშვის დიდი ხანი ყოფნა შეამცირონ და გაზარდონ ბავშვთან პირადი ურთიერთობა, ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის აუცილებელია თამაში. თუ ჩვენ დიდხანს მივუშვებთ ბავშვს ტელეფონთან, შესაძლებელია მისი შიდა ჩაკეტილობა გამოვიწვიოთ, ურთიერთობა აღარ მოუნდეს დარჩენილ სამყაროსთან და აუტისტური სპექტრის აშლილობასაც შეუწყოს ხელი.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„6 წლამდე ასაკის ბავშვისთვის წამყვანი ქცევა არ არის მეცადინეობა და დასწავლა. მისი ქცევა არის თამაში,“ - თამარ გაგოშიძე
ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვის ცხოვრებაში თამაშის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, თამაშის დროს ბავშვი სამყაროს შეიმეცნებს, ხოლო სწავლის პროცესი, შესაძლოა. სრულიად გაუცნობიერებლად განხორციელდეს:
„პირველ რიგში, ალბათ, მნიშვნელოვანია ჩვენ განვასხვავოთ ერთმანეთისგან სწავლა და დასწავლა. სწავლა ისეთი პროცესია, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩვენ გვდევს თან. ეს სწავლა მთელი ცხოვრების განმავლობაში სრულიად გაუცნობიერებლადაც შეიძლება განხორციელდეს. რაც შეეხება დასწავლას, ეს არის ნებისყოფით გაშუალებული, მიზანმიმართული პროცესი, რომელსაც სჭირდება ძალისხმევა, ძალიან სერიოზული ყურადღების კონცენტრაცია.“
თამარ გაგოშიძემ აღნიშნა, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვის ფსიქიკური განვითარება მნიშვნელოვნად განსხვავდება 6 წლის შემდგომი ბავშვის განვითარებისგან:
„ახლა შევხედოთ ბავშვის განვითარებას. 6 წლამდე ასაკის ბავშვის თავისებურება რადიკალურად განსხვავდება უკვე 6 წლის შემდგომი ბავშვის ფსიქიკური განვითარებისგან იმით, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვისთვის წამყვანი ქცევა არ არის მეცადინეობა და დასწავლა. მისი ქცევა არის თამაში. თამაშს ჩვენი საზოგადოება არასერიოზულად უყურებს, განსაკუთრებით მშობლები. მშობლები ფიქრობენ, რომ ბავშვი თავისთვის რაღაცებს შვრება, დროს ატარებს. ეს არ არის დროის გატარება, ეს არ არის დროის ფუჭად კარგვა.“
თამარ გაგოშიძის თქმით, თამაში ბავშვის უნარებს ავითარებს და მისი პოტენციალის რეალიზებისთვის ძალიან სასარგებლოა:
„ბავშვისთვის თამაში არის ცხოვრების შესწავლა, უნარების განვითარება, თავისი პოტენციალის რეალიზება, მომავალი ცხოვრებისთვის მომზადება. ეს არის თამაში, განსაკუთრებით შემეცნებითი თამაშები და როლური თამაშები. პირველი, რასაც ჩვენ მშობლებს ვეკითხებით, ეს არის როლურ და წარმოსახვით თამაშებს თუ თამაშობს ბავშვი. სწორედ ამ წარმოსახვითი თამაშებით ემზადება ბავშვი მომავალი ცხოვრებისთვის.“
„ეს არ არის არც გაჯეტების შედეგი, არც კომპიუტერული განმავითარებელი თამაშების. იმ თამაშებს არ აქვთ ის გავლენა ამ ასაკში, როგორი გავლენაც აქვს ხოლმე რეალურ შემეცნებით თამაშებს და წარმოსახვით როლურ თამაშებს. ყველა ფსიქოლოგი თანმხდება იმაზე და კარგი სკოლამდელი საგანმანათლებლო პროგრამები აგებულია თამაშზე, იმისთვის, რომ ბავშვმა შეიმეცნოს სამყარო, მოემზადოს ცხოვრებისთვის და ჰქონდეს კეთილდღეობის განცდა,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.