„ბავშვის ტვინისთვის მოშიება არის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მდგომარეობა,“ - მარი მალაზონიას რეკომენდაციები მშობლებს
ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ ბავშვის სწორი კვების რეჟიმის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სკოლაში ბავშვმა ორი გაკვეთილის დასრულების შემდეგ ხემსი აუცილებლად უნდა მიირთვას:
„როდესაც ორი გაკვეთილი დასრულდება დილით, აუცილებლად სჭირდება ბავშვს ხემსი. იგივე პრინციპი უნდა დავიცვათ სახლის პირობებშიც, რომ ბავშვს ჰქონდეს საშუალება გამოკვებოს თავის ტვინი აუცილებელი საწვავით. ბავშვის ტვინისთვის მოშიება არის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მდგომარეობა, რომელიც უნდა ავიცილოთ თავიდან. კვების რეჟიმი გვეხმარება დროის ინტერვალების სწორად გადანაწილებაში.“
მარი მალაზონიამ ბავშვის ჯანმრთელობისთვის რძის ნაწარმის უდიდეს მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი:
„გასათვალისწინებელია ასევე D ვიტამინის შემცველობა რძის ნაწარმში, ასევე A ვიტამინის, როგორც ზრდის ჰორმონის, რომელიც მზა სახით არის წარმოდგენილი მაწონში და ზოგადად რძის ნაწარმში. რძის ნაწარმში გარკვეული რაოდენობით გვაქვს E ვიტამინიც. ასევე გვაქვს, რაც მთავარია, ისეთი ნივთიერებები, როგორიც არის კალციუმი, ფოსფორი, გარკვეული რაოდენობით თუთიაც. მაწონი არის ძალიან კარგი ნაკრები ცოცხალი ორგანიზმების, მათთვის საკვების და მათი გადამუშავების პროდუქტების,“ - აღნიშნულ საკითხებზე მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.