ბოლო დროს იმატა დიაბეტით დაავადებული ბავშვების რიცხვმა. ნიშნები, რომლებიც გვაფიქრებინებს, რომ ბავშვს შაქრიანი დიაბეტი აქვს, როგორ უნდა ავარიდოთ ეს დაავადება პატარას? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ექიმი-ენდოკრინოლოგი მარიამ ფხალაძე.
- ქალბატონო მარიამ, თქვენი აზრით, რას უკავშირდება, ბოლო პერიოდში დიაბეტით დაავადებული ბავშვების რიცხვის ზრდა?
- ბევრი ფაქტორი არსებობს. ბავშვთა ასაკში, ზოგადად, არის ავტოიმუნური ტიპის დიაბეტი, ამის გარდა, რა თქმა უნდა, ეკოლოგიური, კვებითი ფაქტორები, რაც ხელს უწყობს დიაბეტით დაავადებულთა რიცხვის ზრდას. რაც შეეხება ვირუსებს, ისინი არ იწვევს დიაბეტის გამოვლენას, უბრალოდ მრავლობითი ვირუსული ინფექციების ფონზე ხდება პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტის გამოვლენის დაჩქარება.
- რას უნდა მიაქციოს ყურადღება მშობელმა, რომ არ გამოეპაროს დიაბეტის კლინიკური ნიშნები?
- მშობელმა აუცილებელია, ყურადღება მიაქციოს: გაძლიერებულ წყურვილს, შარდვას და წონის კლებას.
- შაქრიანი დიაბეტი არის თუ არა გენეტიკური დაავადება? რომელი ხაზით გადადის, დედის თუ მამის?
- გენეტიკურად ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ზოგადად, დიაბეტის სხვადასხვა ტიპი არსებობს, მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში 90%-ით შესაძლებელია, ხოლო პირველი ტიპის დიაბეტის შემთხვევაში ძალიან მცირე, 20-25% შეიძლება იყოს. ბავშვთა ასაკში ძირითადად, პირველი ტიპია გავრცელებული და ამ შემთხვევაში, როდესაც არის ინსულინდამოკიდებული, ამ ტიპის შაქრიანი დიაბეტი ნაკლებად არის გენეტიკურად განწყობილი. თუმცა არის ხოლმე შემთხვევები, რომ გენეტიკა დატვირთული აქვთ მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტით.
- ვიცით, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ კვებას. რა დოზით უნდა მივცეთ ტკბილეული ბავშვებს, საერთოდ უნდა ამოვიღოთ თუ არა კვების რაციონიდან?
- მინიმალური დოზით შესაძლებელია, მივაღებინოთ ჯანსაღი ტკბილეული, როგორიცაა შავი შოკოლადი და კვირაში ერთხელ ან ორჯერ კვების რაციონში ტკბილეული ჩავურთოთ, მაგალითად, ჩირის სახით. ზოგადად, ჯანმრთელობისთვის საზიანოა ტკბილი გაზიანი სასმელები, სწრაფი კვების ობიექტებიდან მიღებული არაჯანსაღი საკვები, ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, საზიანოა დიდი დოზით მიღებული ნამცხვრები, ტორტები, შოკოლადები და ა.შ.
- რამდენად ხშირია სტრესული ფაქტორით გამოწვეული დიაბეტი ბავშვებში?
- შესაძლებელია, სტრესმა მოახდინოს პროვოცირება და გამოვლენის დაჩქარება, მაგრამ დიაბეტის განვითარება, იმის გამო, რომ ბავშვმა გადაიტანა სტრესი, ეს პრაქტიკულად არ ხდება. როგორც უკვე ვთქვი, სტრესი უბრალოდ აჩქარებს.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
,,ალკოჰოლის მოხმარებით ხელოვნურად ვიწვევთ ორგანიზმის გამოფიტვას" - დავით ვადაჭკორია
,,მშობელს რაც შეეხება, ყოველთვის შემწყნარებლური დამოკიდებულება, რომ ბავშვია, რა მოხდა, ყველა ასე ერთობა, მეც ასე ვიყავი - ეს, სამწუხაროდ, არის ძალიან მძიმე დანაშაული მოზარდის წინაშე - როდესაც სარისკო ქცევას ყურადღების გარეშე ტოვებს მშობელი. ეს შეიძლება, მას მომავალში ყოველთვის ძვირად დაუჯდეს", - ამის შესახებ ნარკოლოგმა, პროფესორმა დავით ვადაჭკორიამ ,,პირველი არხის" გადაცემაში ,,პირადი ექიმი მარი მალაზონია" ისაუბრა.
,,აქედან გამომდინარე, მშობელს უნდა ახსოვდეს, რომ როდესაც მოზარდთან გვაქვს საქმე, როდესაც ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან გვაქვს საქმე, ნებისმიერი ზედმეტი დატვირთვა, ნებისმიერი ზედმეტი დარტყმა ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, იწვევს ისეთ ფსიქიკურ, ფსიქოლოგიურ პრობლემებს, რომლებიც შესაძლოა, წლების განმავლობაში ვერ ვმართოთ და მივიღოთ მძმე შედეგები.
რა არის ალკოჰოლი, რა ხდება ალკოჰოლის მოხმარების შემთხვევაში მოზარდთან მიმართებით - ის იწვევს ბედნიერების ჰორმონის ხელოვნურ განლევას, მოზარდს ხდის მიდრეკილს დეპრესიული აშლილობების მიმართ. ალკოჰოლი და დეპრესია ძალიან მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. დღეს მსოფლიო მოსახლეობის 7-8 %, განსაკუთრებით, კორონაინფექციის შემდეგ, იტანჯება დეპრესიით. ალკოჰოლის მოხმარებით ხელოვნურად ვიწვევთ ორგანიზმის გამოფიტვას, ორგანიზმი კი უფრო ხშირად გვთხოვს ალკოჰოლის მიღებას, რათა ბალანსი შევავსოთ. აქედან გამომდინარე, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ დარტყმებს ვაყენებთ ისეთ ცენტრებს, რომლებმაც შესაძლოა, შემდგომ პერიოდში სერიოზული პრობლემები შეუქმნას ახალგაზრდას", - აღნიშნა ვადაჭკორიამ.