ბოლო დროს იმატა დიაბეტით დაავადებული ბავშვების რიცხვმა. ნიშნები, რომლებიც გვაფიქრებინებს, რომ ბავშვს შაქრიანი დიაბეტი აქვს, როგორ უნდა ავარიდოთ ეს დაავადება პატარას? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ექიმი-ენდოკრინოლოგი მარიამ ფხალაძე.
- ქალბატონო მარიამ, თქვენი აზრით, რას უკავშირდება, ბოლო პერიოდში დიაბეტით დაავადებული ბავშვების რიცხვის ზრდა?
- ბევრი ფაქტორი არსებობს. ბავშვთა ასაკში, ზოგადად, არის ავტოიმუნური ტიპის დიაბეტი, ამის გარდა, რა თქმა უნდა, ეკოლოგიური, კვებითი ფაქტორები, რაც ხელს უწყობს დიაბეტით დაავადებულთა რიცხვის ზრდას. რაც შეეხება ვირუსებს, ისინი არ იწვევს დიაბეტის გამოვლენას, უბრალოდ მრავლობითი ვირუსული ინფექციების ფონზე ხდება პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტის გამოვლენის დაჩქარება.
- რას უნდა მიაქციოს ყურადღება მშობელმა, რომ არ გამოეპაროს დიაბეტის კლინიკური ნიშნები?
- მშობელმა აუცილებელია, ყურადღება მიაქციოს: გაძლიერებულ წყურვილს, შარდვას და წონის კლებას.
- შაქრიანი დიაბეტი არის თუ არა გენეტიკური დაავადება? რომელი ხაზით გადადის, დედის თუ მამის?
- გენეტიკურად ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ზოგადად, დიაბეტის სხვადასხვა ტიპი არსებობს, მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში 90%-ით შესაძლებელია, ხოლო პირველი ტიპის დიაბეტის შემთხვევაში ძალიან მცირე, 20-25% შეიძლება იყოს. ბავშვთა ასაკში ძირითადად, პირველი ტიპია გავრცელებული და ამ შემთხვევაში, როდესაც არის ინსულინდამოკიდებული, ამ ტიპის შაქრიანი დიაბეტი ნაკლებად არის გენეტიკურად განწყობილი. თუმცა არის ხოლმე შემთხვევები, რომ გენეტიკა დატვირთული აქვთ მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტით.
- ვიცით, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ კვებას. რა დოზით უნდა მივცეთ ტკბილეული ბავშვებს, საერთოდ უნდა ამოვიღოთ თუ არა კვების რაციონიდან?
- მინიმალური დოზით შესაძლებელია, მივაღებინოთ ჯანსაღი ტკბილეული, როგორიცაა შავი შოკოლადი და კვირაში ერთხელ ან ორჯერ კვების რაციონში ტკბილეული ჩავურთოთ, მაგალითად, ჩირის სახით. ზოგადად, ჯანმრთელობისთვის საზიანოა ტკბილი გაზიანი სასმელები, სწრაფი კვების ობიექტებიდან მიღებული არაჯანსაღი საკვები, ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, საზიანოა დიდი დოზით მიღებული ნამცხვრები, ტორტები, შოკოლადები და ა.შ.
- რამდენად ხშირია სტრესული ფაქტორით გამოწვეული დიაბეტი ბავშვებში?
- შესაძლებელია, სტრესმა მოახდინოს პროვოცირება და გამოვლენის დაჩქარება, მაგრამ დიაბეტის განვითარება, იმის გამო, რომ ბავშვმა გადაიტანა სტრესი, ეს პრაქტიკულად არ ხდება. როგორც უკვე ვთქვი, სტრესი უბრალოდ აჩქარებს.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
რა ფსიქოლოგიური ზიანი შეიძლება მიაყენოს ბავშვს ადრეულ ასაკში წონაზე ყურადღების გამახვილებამ?
რა ფსიქოლოგიური ზიანი შეიძლება მიაყენოს ბავშვს ადრეულ ასაკში წონაზე ყურადღების გამახვილებამ? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი, ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი, მარი ჯოხარიძე.
- ხშირად, როდესაც ბავშვს ჭარბი წონა აქვს ან პირიქით, ძალიან გამხდარია, მშობლები წონაზე უმახვილებენ ყურადღებას. რა ფსიქოლოგიური ზიანი შეიძლება მიაყენოს ბავშვს ადრეულ ასაკში?
- მშობლები შვილებს ხშირად აკრიტიკებენ იმ მოტივით, რომ მათთვის საუკეთესო სურთ, უმახვილებენ ყურადღებას იმაზე, რაც მათი აზრით შესაცვლელი, გამოსასწორებელია. ერთი შეხედვით ,,უწყინარ შენიშვნას” ძალიან დიდი ზოგავლენის მოხდენა შეუძლია ბავშვი ქცევაზე და მომავალში, ზრდასრულობისას, მის თვითშეფასებაზე. დააკვირდით ბავშვებს, როცა რამეს წარმატებით აკეთებენ, ყოველთვის მშობლის რეაქციას აკვირდებიან. ყველაზე მეტად მათგან უხარიათ შექება და ყველაზე მეტად მათ კრიტიკას განიციდან.
- შესაძლოა თუ არა, ადრეულ ასაკში, წონასთან დაკავშირებით მშობლის მიერ არასწორად გაკეთებულმა კომენტარმა, თინეიჯერობის ან მოზრდილ ასაკში კვებითი ქცევის დარღვევა გამოიწვიოს?
- რაც შეეხება კვებით აშლილობას, ბულემია, ანორექსია, უკონტროლო კვება (binge eating disorder), მათი გამომწვევი მიზეზი კომპლექსურია. ძირითათად თინეიჯერობისას ვლინდება ან მოგვიანებით, თუმცა, ადრეულ ასაკში სწორად მიწოდებული ინფორმაცია, საკუთარი თავის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბება მომავალში ბევრ მსგავს პრობლემას აგავარიდებს თავიდან.
- როგორ უნდა მივაწოდოთ ბავშვს ინფორმაცია ისე, რომ არ დავაზიანოთ მისი ფსიქიკა?
წონაზე საუბრისას წაახალისეთ თქვენი შვილი რომ გაგიზიაროთ თავისი აზრები, გრძნობები სხეულის შესახებ;
აუხსენით რომ ადამიანების სხვადასხვა ფორმის და ზომის არიან და ეს განსხვავება ნორმალურია, თქვენ კი ძალიან გიყვართ და გეყვარებათ, როგორი წონა და ფორმაც არ უნდა ქონდეს მის სხეულს;
არ გააკეთოთ უარყოფითი კომენტარები არც თქვენი შვილის, არც საკუთარი და არც სხვა ადამიანის წონაზე;
აუხსენით ბავშვს რომ თუ მის წონაზე საუბრობთ ეს ხდება იმიტომ, რომ გინდათ ჯანმრთელი გაიზარდოს და არა იმიტომ, რომ გინდათ სხვანაირად გამოიყურებოდეს;
ესაუბრეთ იმაზე თუ რა საოცარი რამეების გაკეთება შეუძლია სხეულს განურჩევლად ფორმებისა და ზომებისა.
გააკეთეთ აქცენტი იმაზე თუ რა შეუძლია გააკეთოს ბავშვმა საკუთარი ჯანმრთელობისთვის, ისაუბრეთ ჯანსაღი კვების და ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობაზე.
არასდროს უთხრათ ბავშვს რომ რამის ჩაცმა ან კეთება არ შეიძლება წონის გამო.
თუ მშობელი თავადაც ცდილობს წონის მომატება ან დაკლებას უნდა აუხსნას ბავშვს, რომ ამას აკეთებს ჯანმრთელობის, ენერგიის გაუმჯობესებისთვის და მოერიდოს საუბარს დიეტაზე და იმაზე თუ როგორ გამოიყურება.
არ გააკრიტიკოთ ბავშვი მისი კვებითი ჩვევების გამო. ,,ძალიან ბევრს ჭამ“, ან ,,საერთოდ არაფერს ჭამ“, განსაკუთრებით სხვა ადამიანების წინაშე. ამის ნაცვლად ეცადეთ, რომ მისცეთ მაგალითი და ერთად შეიძინოთ ახალი სასარგებლო კვებითი ჩვევები. შეგიძლიათ ერთად მოიძიოთ ინფორმაცია იმ საკვებზე და ფიზიკურ აქტივობებზე, რაც თავს უფრო ჯანმრთელად და აქტიურად გაგრძნობინებთ.
თუ ბავშვთან რომელიმე თემაზე საუბრის დაწყება გიჭირთ, ამის გამო თავი არ აარიდოთ. თუ მშობელი რომელიმე თემას თავს არიდებს, შეიძლება ბავშვმა ჩათვალოს რომ რამე სამარცხვინო და უხერხულია ამაში. მოიძიეთ ინფორმაცია, მომეზადეთ ამ თემისთვის, თუ საჭირო გახდა ჰკითხეთ სპეციალისტს. ბავშვები ინფორმაციას მაინც მიიღებენ, რისთვისაც მიღების უამრავი წყარო არსებობს, თუმცა ყველა მათგანი არაა უსაფრთხო. უმჯობესია მისთვის მგრძნობიარე საკითხებზე უსაფრთხო, სანდო გარემოში მიიღოს სწორი ინფორმაცია იმ ადამიანებისგან, ვისაც მასზე დიდი გავლენა აქვს.