კოვიდის სიმპტომების და მართვის თემაზე ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
კოვიდის სიმპტომების და მართვის შესახებ ძალიან ბევრი დაიწერა და ითქვა, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ რამდენიმე, ჩემის აზრით, მნიშვნელოვან ინფორმაციას კოვიდის მქონე ბინაზე მყოფი პაციენტებისთვის (ცოტა ერთმანეთთან დაუკავშირებელი ინფორმაციაა, მაგრამ ახლა უცებ რაც გამახსენდა, პაციენტების მიერ ხშირად დასმული შეკითხვებიდან გამომდინარე):
1. ტემპერატურის მომატება (მათ შორის მაღალ ციფრებამდე) კოვიდის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომია და შეიძლება გახანგრძლივდეს დიდხანს - ზოგჯერ 2 კვირამდე და მეტხანსაც. ეს კოვიდის დროს ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა ეს ის სიმპტომია, რომელიც ბინაზე მყოფ პაციენტებს განსაკუთრებით ანერვიულებს. მაღალი სიცხე, თუ ემორჩილება სიცხის დამწევებს, ავტომატურად დაავადების მძიმე მიმდინარეობაზე არ მიუთითებს. მხოლოდ მაღალი სიცხე ანტიბიოტიკის ჩვენება არ არის! კიდევ ვიმეორებ, ეს კოვიდის (მათ შორის მსუბუქად მიმდინარე დაავადების) ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომია.
2. ბინაზე მყოფ პაციენტებს ასევე ძალიან აღელვებთ ხველა, რომელიც ძირითადად არის მშრალი და შემაწუხებელი. როგორც წესი, ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტები დიდად ეფექტური არ არის. ხველა შეიძლება გახანგრძლივდეს სიმპტომების დაწყებიდან 15 დღემდე, იშვიათად მეტხანს. ყურადღება უნდა იქნას გამახვილებული სველი, ნახველიანი ხველის არსებობაზე, რაც შეიძლება ბაქტერიული გართულების სიმპტომი იყოს.
3. ბავშვებში შედარებით ხშირია სიმპტომები კუჭ-ნაწლავის მხრივ, ანუ გულისრევა და ფაღარათი. ასეთ დროს ზოგჯერ ამბობენ, რომ დაერთო „ენტეროვირუსი“ (თავისთავად, ეს ტერმინიც არასწორია), სინამდვილეში კი ეს უმეტესად კოვიდის სიმპტომებია. ფაღარათი და გულისრევა ნაკლებად ხშირია, მაგრამ მოზრდილებშიც გვხვდება.
4. ძალიან მნიშვნელოვანია ჟანგბადის სატურაციის გაზომვა. ეს არის შედარებით მარტივი საშუალება მდგომარეობის დამძიმების შესაფასებლად ბინის პირობებში. პულსოქსიმეტრები ხელმისაწვდომია სხვადასხვა საიტებზე და აფთიაქებში. გამოჯანმრთელებულებს ეს მოწყობილობა არ ჭირდებათ და შესაძლებელია ვინც ვერ ყიდულობს, ვათხოვოთ, რადგან, როგორც ზემოთ ვთქვი, ბინაზე მართვისთვის ეს ზოგჯერ ერთადერთი რეალური შეფასების საშუალებაა.
5. სატურაციის გაზომვისას სასურველია თითი იყოს თბილი, რადგან ცივი კიდურები ზოგჯერ სატურაციის მცდარად დაბალ მაჩვენებელს იძლევა.
6. გართულებების რისკი მსუბუქი და საშუალო მიმდინარეობის პაციენტებშიც არსებობს, რაც ხშირია მე-5-მე-7 დღიდან. ამიტომ თავიდან მსუბუქი მიმდინარეობა არ ნიშნავს, რომ დაავადება ბოლომდე ასე წარიმართება. ზოგჯერ ამ ვადაზე იწყება სუნთქვის გაძნელება და ყველაზე ხშირად ჰოსპიტალიზაცია სწორედ ამ პერიოდში ხდება ხოლმე საჭირო.
7. მნიშვნელოვანია, კოვიდის მქონე პაციენტებმა იცოდნენ, რა შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს მათი სიმპტომები საყურადღებოდ და ზოგჯერ საგანგაშოდაც კი (მაგალითად, უნდა ითვლიდნენ სუნთქვის სიხშირეს და თუ წუთში 25-ს აღემატება, საყურადღებოა, ხოლო თუ 30-ს, ეს ერთ-ერთი საგანგაშო სიმპტომია).
სატურაცია უნდა იყოს 94 და მეტი. თუ 92-ს ქვემოთ ეცემა, პაციენტს ჭირდება სამედიცინო დახმარება (ძირითადად იგულისხმება ჟანგბადის მიწოდება, თუმცა არამხოლოდ).
8. პაციენტები ღელავენ, როცა ვერ იტარებენ გულმკერდის რადიოლოგიურ გამოკვლევას. ნამდვილად არ არის აუცილებელი რენტგენოგრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფია ისეთი ინტენსივობით, როგორც ამას ჩვენთან იყენებენ. ფილტვის რადიოლოგიური ცვლილებები კოვიდის მქონეთა დიდ ნაწილს ისედაც აქვს (მათ შორის შეიძლება იმათაც, ვისაც PCR უარყოფითი აქვს) და პნევმონიის არსებობა არ ნიშნავს, რომ კოვიდის მძიმე ფორმასთან გვაქვს საქმე. პაციენტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ექიმების მიმართ იმიტომ, რომ პნევმონია დაუფიქსირდათ და ექიმმა არ დანიშნა ანტიბიოტიკი. ტომოგრაფიაზე პნევმონიის დიაგნოზი არ ნიშნავს, რომ პაციენტს ანტიბიოტიკები ჭირდება, რადგან პნევმონია უმეტესად ვირუსულია და ანტიბიოტიკები არ არის მიმართული ვირუსული ინფექციის წინააღმდეგ.
ასეთი ინტენსივობით კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოყენების მავნე შედეგებს, სამწუხაროდ, მომავალში მოვიმკით. არადა, პაციენტის მართვაში ამ გამოკვლევას გადამწყვეტი მნიშვნელობა არც თუ ისე ხშირად აქვს. განსაკუთრებით საშიშია ხშირი გამოყენება ბავშვებში, სადაც მცირეა გართულებების რისკები და შესაბამისად, კომპიუტერული ტომოგრაფიის აუცილებლობა უკიდურესად იშვიათია.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
რა სიმპტომების კომბინაციის გამოვლენის უნდა ეშინოდეს მშობელს, თუ ბავშვი შეუძლოდაა?
პედიატრმა მაია ხერხეულიძემ ბავშვებში მულტისისტემური ანთებითი სინდრომის გამოვლენის რისკებზე ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული სინდრომი პატარებში უმეტესად ხუთი წლის შემდეგ ვლინდება:
„მულტისისტემური ანთებითი სინდრომი შედარებით მოზრდილ ასაკში უფრო მეტია. მცირე ასაკში, პატარა ბავშვებში ძალიან იშვიათი შემთხვევაა, რომ შესაძლებელია გვქონდეს. ეს უფრო მეტად მაინც ხდება ხუთი წლის ზემოთ ასაკში. როდესაც ჩვენ ამ სიმპტომებზე ვსაუბრობთ, ესენია: ცხელება, დიარეა, გამონაყარი, შესაძლებელია მკვეთრად შეშუპებული იყოს ხელი და ფეხის მიდამოები, ღებინება, ტუჩების მიდამოებში და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სილურჯე. ამაზეა საუბარი, როდესაც რაღაც ნიშნების კომპილაცია არის ერთად.“
მაია ხერხეულიძის თქმით, მულტისისტემური ანთებითი სინდრომის დროს სიმპტომთა გარკვეული კომბინაცია უნდა გამოვლინდეს და არა ცალკეული სიმპტომი:
„როდესაც მარტო ერთი ნიშანია მხოლოდ გამოვლენილი, არც ცხელება აქვს ბავშვს, არც სხვა ნიშნები, რომლებიც ჩამოვთვალე და არის მარტო ნაწლავთა გახშირებული მოქმედება, ნუ ჩათვლით, რომ ეს შეიძლება იყოს მულტისისტემური ანთებითი სინდრომის სიმპტომი. როგორც ვთქვი, ამ შემთხვევაში სხვადასხვა სისტემა არის ხოლმე ერთად ჩართული. ეს ყველაფერი აუცილებლად ტემპერატურის ფონზე მიმდინარეობს.“
„შესაძლებელია, ბევრი მიზეზი იყოს დიარეის. შეიძლება ეს იყოს კვებასთან დაკავშირებული. სხვა უამრავი გამომწვევი აქვს დიარეას, მათ შორის, შეიძლება იყოს როგორც ვირუსული, ასევე ბაქტერიული გამომწვევიც. ამ შემთხვევაში ტემპერატურა გააკონტროლეთ, გააკონტროლეთ ბავშვის ზოგადი მდგომარეობა, ხომ არ აქვს მას მეტად ძილიანობა, ხომ არ არის ძალიან აღგზნებული, ხომ შეუძლია, რომ კარგად მიიღოს სითხე და საკვები. თუ ბავშვს ზოგადი მდგომარეობა კარგი აქვს, ჩათვალეთ, რომ ეს არ არის ამ სინდრომის გამოვლინება. ბავშვს უმკურნალეთ ისე, როგორც ვმკურნალობთ დიარეას,“ - აღნიშნულ საკითხზე მაია ხერხეულიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.