„გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას“ - რა უნდა ვიცოდეთ ბავშვებში ტემპერატურის ცვლილებაზე?
რამდენია ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა, როგორ უნდა მოვიქცეთ დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში, რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული, როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას - აღნიშნულ თემებზე MomsEdu.ge-ს პედიატრი და გადაუდებელი მედიცინის ექიმი თეო ტაბატაძე ესაუბრა.
- ქალბატონო თეო, თავიდანვე რომ განვმარტოთ, ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა რამდენია?
- ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა განისაზღვრება ასაკის მიხედვით. მაგალითად, 0-დან 3 თვემდე შესაძლებელია, 35.5-დან 37.2-მდე ჩავთვალოთ ნორმად. ასევე გასათვალისწინებელია გარემოება. ხანდახან მშობლები პატარას იმის გამო, რომ არ გაცივდეს, ზედმეტად თბილად აცმევენ, ბავშვის კანი კი ძალზე მგრძნობიარეა თერმორეგულაციის მიმართ. ამ დროს ხდება გადახურება და სხეულის ტემპერატურის მატება. ეს არის გარემოებით გამოწვეული ტემპერატურული რეაქცია. „გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას. თუ ტემპერატურა კვლავ ნარჩუნდება 37.5-37.6 და მეტი მაშინ უკვე უნდა ვეძებოთ სხვა მიზეზები.
- როგორ ვიქცევით დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში?
- ჰიპოთერმიად განიხილება 35 და ქვემოთ ტემპერატურა (35.1-35.2 არ ითვლება ჰიპოთერმიად). ჰიპოთერმიის დროს ბავშვი უნდა გავათბოთ თბილი საფენებით. თუ ბავშვს დალევა შეუძლია, მაშინ თბილი სითხეები უნდა შევთავაზოთ. თუ ჰიპოთერმია გრძელდება და ტემპერატურა ჩამოდის 35-ზე ქვემოთ, აუცილებლად უნდა მივმართოთ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტს.
- რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული?
- ჩვენს რეალობაში ციფრული თერმომეტრები არ გამოდგა ხარისხიანი, გამომდინარე იქიდან, რომ დიდია ცდომილება. კლინიკაში უპირატესობას ვანიჭებთ ვერცხლისწყლის თერმომეტრს.
- როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ სიცხე ბანალური მიზეზითაა გამოწვეული და არა რომელიმე სერიოზული პრობლემით?
- ინფექციური მდგომარეობის დროს ცხელებას თან ახლავს ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, როგორიც არის მოდუნება, ძილიანობა, სითხის მიუღებლობა, ეს ყოველთვის აისახება პატარაზე, მას არ სურს თამაში, არ უხარია. თუ ბავშვი არ თამაშობს, არ შემოდის კონტაქტში, საკვებსა და სითხეებზე უარს გეუბნებათ და ტემპერატურა არის 37.5 - 37.6, ასეთ შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ, რომ ინფექციასთან გვაქვს საქმე.
- როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას, როგორ უნდა მართოს ცხელება მშობელმა ბინაზე სწორად?
- აქტუალური კითხვაა, თუ როდის უნდა მივცეთ პატარას სიცხის დამწევი საშუალება, არსებობს თუ არა რაიმე გარკვეული ციფრი? - შევჯერდით ექიმები, რომ ასეთი ციფრი არ არსებობს.
თუ ბავშვის ზოგადი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი - ვერ იღებს სითხეს, საკვებს, მოდუნებულია, მივარდნილია თუნდაც 37.5-ზე, ე.ი. მას აწუხებს სხეულის ასეთი ტემპერატურა და აუცილებლად უნდა მივაშველოთ დამწევი.
სიცხის დამწევ საშუალებად ვიყენებთ პარაცეტამოლს და იბუპროფენს. სიცხის დამწევს ვაწვდით არა ასაკის, არამედ კილოგრამის მიხედვით. რადგან ზოგიერთი 2 წლის პატარა შესაძლოა, იყოს 13 კილოგრამი ან ზოგიერთი - 18 კილოგრამი. მაგალითისთვის, გამოვთვალოთ. პარაცეტამოლი შეგვიძლია მივცეთ 15 მგ/კგ ე.ი. თუ პატარა არის 10 კილო და ჩვენ გვინდა მივაწოდოთ პარაცეტამოლი, როგორც სიცხის დამწევი საშუალება 10 უნდა გავამრავლოთ 15-ზე და მივიღებთ 150-ს და შეგვიძლია მივაწოდოთ 150 მგ. პარაცეტამოლი საჭიროებისას შეგვიძლია გამოვიყენოთ 4 საათში ერთხელ. იბუპროფენის ჯგუფის მედიკამენტები შეგვიძლია გამოვიყენოთ 6 საათში ერთხელ, მაგრამ იბუპროფენი 5 მლგ-ით ნაკლები უნდა მივცეთ. დავუშვათ პატარა არის 10 კილო, მაშინ უნდა მივცეთ 10 მგ/კგ საჭიროებისას 6 საათში ერთხელ გამოვიყენოთ. სასურველია ესეც ვიცოდეთ, 3 თვემდე იბუპროპფენი არ ინიშნება ჰეპატოტოქსიურობის გამო, ამიტომ 0-დან 3 თვემდე ძირითადად ვირჩევთ პარაცეტამოლს სიცხის დამწევ საშუალებად, ხოლო 3 თვიდან უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ ასევე იბუპროფენი.
ესაუბრა თამთა შერმაზანაშვილი
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ყველაფერი კარგი ზომიერი რაოდენობით სასარგებლოა და მნიშვნელოვან გაუმჯობესებას გვაძლევს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქვეყნებში, სადაც ხდება საკვების: ხორბლის, მარცვლეულის ფორტიფიცირება, შესაძლოა, ჭარბი მიღების შედეგად განვითარდეს ფოლიუმის მჟავისა და B12 ვიტამინის ზედოზირება. 2016 წელს ბოსტონის კონფერენციაზე ძალიან საინტერესო კვლევა დაიდო მეცნიერების მიერ, რომელიც 18 წლის განმავლობაში ტარდებოდა. ორსულებში, რომლებსაც ორსულობის ბოლოს აღენიშნათ სისხლში ფოლიუმის მჟავის სიჭარბე და B12 ვიტამინის მომატება, იზრდებოდა აუტიზმის სპექტრის პათოლოგიების რისკი.
თუ ორივე ერთად იყო მომატებული, ფოლიუმის მჟავა და B12 ვიტამინი, 17-ჯერ იზრდებოდა აუტიზმის სპექტრის დაავადებათა რისკი. აუტიზმის სპექტრის დაავადებები ყოველწლიურად 4%-ით იზრდება მსოფლიოში. ჩვენ თუ ამას დავუმატებთ უწყინარი ვიტამინების ზედოზირებით განვითარებულ რისკებს, საკმაოდ ცუდ დღეში ჩავცვივდებით. ფარმაცევტული მწარმოებლების მიერ ვიტამინებზე მითითებულია დღიური დოზა. სიფრთხილით უნდა მოეკიდოს თითოეული ორსული, თუ რა პრეპარატს იღებს. ბოსტონის კონფერენციის თავმჯდომარეც გაოცებული დარჩა კვლევის შედეგებით. ასევე აღინიშნა, რომ ფოლიუმის მჟავის არმიღება კიდევ უფრო მეტ პრობლემებს ქმნის. ჩვენ უნდა შევარჩიოთ ის სწორი დოზა, რომელიც ამ შემთხვევაში არის საჭირო,“ - მოცემულ საკითხზე მამუკა ნემსაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.