„გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას“ - რა უნდა ვიცოდეთ ბავშვებში ტემპერატურის ცვლილებაზე?
რამდენია ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა, როგორ უნდა მოვიქცეთ დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში, რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული, როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას - აღნიშნულ თემებზე MomsEdu.ge-ს პედიატრი და გადაუდებელი მედიცინის ექიმი თეო ტაბატაძე ესაუბრა.
- ქალბატონო თეო, თავიდანვე რომ განვმარტოთ, ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა რამდენია?
- ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა განისაზღვრება ასაკის მიხედვით. მაგალითად, 0-დან 3 თვემდე შესაძლებელია, 35.5-დან 37.2-მდე ჩავთვალოთ ნორმად. ასევე გასათვალისწინებელია გარემოება. ხანდახან მშობლები პატარას იმის გამო, რომ არ გაცივდეს, ზედმეტად თბილად აცმევენ, ბავშვის კანი კი ძალზე მგრძნობიარეა თერმორეგულაციის მიმართ. ამ დროს ხდება გადახურება და სხეულის ტემპერატურის მატება. ეს არის გარემოებით გამოწვეული ტემპერატურული რეაქცია. „გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას. თუ ტემპერატურა კვლავ ნარჩუნდება 37.5-37.6 და მეტი მაშინ უკვე უნდა ვეძებოთ სხვა მიზეზები.
- როგორ ვიქცევით დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში?
- ჰიპოთერმიად განიხილება 35 და ქვემოთ ტემპერატურა (35.1-35.2 არ ითვლება ჰიპოთერმიად). ჰიპოთერმიის დროს ბავშვი უნდა გავათბოთ თბილი საფენებით. თუ ბავშვს დალევა შეუძლია, მაშინ თბილი სითხეები უნდა შევთავაზოთ. თუ ჰიპოთერმია გრძელდება და ტემპერატურა ჩამოდის 35-ზე ქვემოთ, აუცილებლად უნდა მივმართოთ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტს.
- რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული?
- ჩვენს რეალობაში ციფრული თერმომეტრები არ გამოდგა ხარისხიანი, გამომდინარე იქიდან, რომ დიდია ცდომილება. კლინიკაში უპირატესობას ვანიჭებთ ვერცხლისწყლის თერმომეტრს.
- როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ სიცხე ბანალური მიზეზითაა გამოწვეული და არა რომელიმე სერიოზული პრობლემით?
- ინფექციური მდგომარეობის დროს ცხელებას თან ახლავს ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, როგორიც არის მოდუნება, ძილიანობა, სითხის მიუღებლობა, ეს ყოველთვის აისახება პატარაზე, მას არ სურს თამაში, არ უხარია. თუ ბავშვი არ თამაშობს, არ შემოდის კონტაქტში, საკვებსა და სითხეებზე უარს გეუბნებათ და ტემპერატურა არის 37.5 - 37.6, ასეთ შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ, რომ ინფექციასთან გვაქვს საქმე.
- როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას, როგორ უნდა მართოს ცხელება მშობელმა ბინაზე სწორად?
- აქტუალური კითხვაა, თუ როდის უნდა მივცეთ პატარას სიცხის დამწევი საშუალება, არსებობს თუ არა რაიმე გარკვეული ციფრი? - შევჯერდით ექიმები, რომ ასეთი ციფრი არ არსებობს.
თუ ბავშვის ზოგადი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი - ვერ იღებს სითხეს, საკვებს, მოდუნებულია, მივარდნილია თუნდაც 37.5-ზე, ე.ი. მას აწუხებს სხეულის ასეთი ტემპერატურა და აუცილებლად უნდა მივაშველოთ დამწევი.
სიცხის დამწევ საშუალებად ვიყენებთ პარაცეტამოლს და იბუპროფენს. სიცხის დამწევს ვაწვდით არა ასაკის, არამედ კილოგრამის მიხედვით. რადგან ზოგიერთი 2 წლის პატარა შესაძლოა, იყოს 13 კილოგრამი ან ზოგიერთი - 18 კილოგრამი. მაგალითისთვის, გამოვთვალოთ. პარაცეტამოლი შეგვიძლია მივცეთ 15 მგ/კგ ე.ი. თუ პატარა არის 10 კილო და ჩვენ გვინდა მივაწოდოთ პარაცეტამოლი, როგორც სიცხის დამწევი საშუალება 10 უნდა გავამრავლოთ 15-ზე და მივიღებთ 150-ს და შეგვიძლია მივაწოდოთ 150 მგ. პარაცეტამოლი საჭიროებისას შეგვიძლია გამოვიყენოთ 4 საათში ერთხელ. იბუპროფენის ჯგუფის მედიკამენტები შეგვიძლია გამოვიყენოთ 6 საათში ერთხელ, მაგრამ იბუპროფენი 5 მლგ-ით ნაკლები უნდა მივცეთ. დავუშვათ პატარა არის 10 კილო, მაშინ უნდა მივცეთ 10 მგ/კგ საჭიროებისას 6 საათში ერთხელ გამოვიყენოთ. სასურველია ესეც ვიცოდეთ, 3 თვემდე იბუპროპფენი არ ინიშნება ჰეპატოტოქსიურობის გამო, ამიტომ 0-დან 3 თვემდე ძირითადად ვირჩევთ პარაცეტამოლს სიცხის დამწევ საშუალებად, ხოლო 3 თვიდან უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ ასევე იბუპროფენი.
ესაუბრა თამთა შერმაზანაშვილი
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
მშობლის 7 ქცევა, რომელიც ბავშვს ბედნიერ ადამიანად ჩამოყალიბებაში ხელს უშლის
მზრუნველი და მოსიყვარულე მშობელი ყოველთვის ცდილობს, რომ ბავშვს ზიანი არ მიაყენოს, თუმცა ზოგჯერ ერთი შეხედვით უვნებელი ქმედებები ჩვენი შვილებისთვის გარკვეულ საფრთხეს შეიცავს. არსებობს მახეები, რომლებსაც თავი უნდა ავარიდოთ. ჩვენს სტატიაში მშობლების 7 ქცევას გაგაცნობთ, რომელიც ბავშვს ბედნიერ ადამიანად ჩამოყალიბების შესაძლებლობას ართმევს.
1. შვილის დაცვა ნებისმიერი რისკისა და წარუმატებლობისგან
მშობლებისთვის რთულია შვილის წარუმატებლობასთან შეგუება. ისინი აცნობიერებენ, რომ ბავშვის პრობლემას თავად მარტივად გადაჭრიან. თუ თქვენ ეცდებით, რომ ბავშვს რისკი, გამოწვევები და წარუმატებლობები ყოველთვის აარიდოთ, როგორ შეძლებს ის მათთან გამკლავებას?! პრობლემური ვითარებები ბავშვს ბრძოლისუნარიანს ხდის და მას დაცემის შემდეგ ფეხზე წამოდგომას ასწავლის.
2. ბავშვის პოტენციალის იგნორირება
ბევრი მშობელი საკუთარი ოცნებების ახდენას შვილების ხარჯზე ცდილობს. ისინი ბავშვებს აიძულებენ ისე იცხოვრონ, როგორც თავად სურთ. მშობლები ცდილობენ შვილებმა შეავსონ ის დანაკლისი, რომელიც მათ გარკვეული შესაძლებლობების ხელიდან გაშვების შემდეგ დარჩათ. ბავშვები ვერ ახერხებენ საკუთარი ოცნებების ასრულებას და თავიანთი პოტენციალის რეალიზებას, რაც მათ ბედნიერებაში ხელს უშლის.
3. ბავშვის მეტისმეტად განებივრება
მშობლებს სურთ, რომ ბავშვებს ყველაფერი უყიდონ, რაც მათ ბავშვობაში აკლდათ. სათამაშოებით, ძვირფასი ტანისამოსით და გემრიელი ტკბილეულით განებივრებული ბავშვის ცხოვრება მხოლოდ ერთი შეხედვით გვგონია იდეალური. როგორც წესი, მშობლებს, რომლებიც ბავშვს ძალიან ათამამებენ, მისთვის უარის თქმა აშინებთ და ფიქრობენ, რომ არას თქმა მათ ცუდ მშობლებად აქცევს. ისინი ბავშვის ტანტრუმთან გამკლავებას ვერ ახერხებენ და პრობლემის მოგვარებას მისთვის სხვადასხვა ნივთის შეძენით ცდილობენ. მსგავსი დამოკიდებულება ბავსვს აფიქრებინებს, რომ ცხოვრებაში მთავარი მატერიალური საგნებია. ზრდასრულობაში ისინი მთლიანად ხდებიან დამოკიდებული მატერიალურ კეთილდღეობაზე და ბედნიერების განცდა ნაკლებად აქვთ.
4. მშობლების მიერ ოჯახში არსებული წესების დარღვევა
წესების დადგენა და შემდგომ მათი დარღვევა არათანმიმდევრულ მშობლებს ახასიათებთ. ეს კი მშობელს ავტორიტეტს აკარგვინებს. ოჯახში წესების ხშირი ცვალებადობა ბავშვს მომავალში არასტაბილურ ადამიანად აყალიბებს. ზრდასრულობაში მსგავსი ადამიანები თავს დაუცველად გრძნობენ და საკუთარი იდენტობის გაცნობიერება უჭირთ.
5. როდესაც მშობელი ცუდი როლური მოდელია
მშობლები, რომლებიც საკუთარ სიტყვებს საქმედ არ აქცევენ, ბავშვებისთვის ცუდ როლურ მოდელებს წარმოადგენენ. როდესაც თქვენ ბავშვს გარკვეული ქცევის შესრულებას სთხოვთ, თავად კი საპირისპიროს აკეთებთ, შემდეგ კი უკმაყოფილებას გამოთქვამთ, რომ ბავშვი არ გიჯერებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ სარკეში საკუთარ თავს ეჩხუბებით. ბავშვები ჩვენს ქცევებს აკვირდებიან, ამიტომ აუცილებელია, რომ ჩვენი სიტყვა და საქმე თანხვედრაში იყოს.
6. ბავშვის დასწავლის სირთულეების იგნორირება
ბავშვს, რომელიც საათობით ცდილობს მათემატიკის ამოცანის ამოხსნას, არ უნდა უსაყვედუროთ, რომ ზარმაცია ან მოტივაცია აკლია. ზოგჯერ ბავშვებს დასწავლის სირთულეები აქვთ და მათ მიერ მიღებული შედეგი სწავლაში ჩადებული შრომის პირდაპირპროპორციული სულაც არ არის. მსგავს შემთხვევაში, სჯობს, დახმარებისთვის ექსპერტს მიმართოთ. ბავშვზე ფსიქოლოგიური ზეწოლა კი მიუღებელია.
„საუკეთესო მშობლის“ ტიტულის მოპოვება გაცილებით მარტივია, როდესაც მშობლები ერთ გუნდად არიან შეკრულნი. სამწუხაროდ, ზოგჯერ მშობლები ერთმანეთს ექიშპებიან და ცდილობენ, რომ ერთმანეთზე უკეთესები გამოჩნდნენ. მსგავსი დამოკიდებულება ბავშვების ცხოვრებაზე ნეგატიურად აისახება და მათ ბედნიერებაში ხელს უშლის.