„გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას“ - რა უნდა ვიცოდეთ ბავშვებში ტემპერატურის ცვლილებაზე?
რამდენია ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა, როგორ უნდა მოვიქცეთ დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში, რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული, როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას - აღნიშნულ თემებზე MomsEdu.ge-ს პედიატრი და გადაუდებელი მედიცინის ექიმი თეო ტაბატაძე ესაუბრა.
- ქალბატონო თეო, თავიდანვე რომ განვმარტოთ, ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა რამდენია?
- ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა განისაზღვრება ასაკის მიხედვით. მაგალითად, 0-დან 3 თვემდე შესაძლებელია, 35.5-დან 37.2-მდე ჩავთვალოთ ნორმად. ასევე გასათვალისწინებელია გარემოება. ხანდახან მშობლები პატარას იმის გამო, რომ არ გაცივდეს, ზედმეტად თბილად აცმევენ, ბავშვის კანი კი ძალზე მგრძნობიარეა თერმორეგულაციის მიმართ. ამ დროს ხდება გადახურება და სხეულის ტემპერატურის მატება. ეს არის გარემოებით გამოწვეული ტემპერატურული რეაქცია. „გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას. თუ ტემპერატურა კვლავ ნარჩუნდება 37.5-37.6 და მეტი მაშინ უკვე უნდა ვეძებოთ სხვა მიზეზები.
- როგორ ვიქცევით დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში?
- ჰიპოთერმიად განიხილება 35 და ქვემოთ ტემპერატურა (35.1-35.2 არ ითვლება ჰიპოთერმიად). ჰიპოთერმიის დროს ბავშვი უნდა გავათბოთ თბილი საფენებით. თუ ბავშვს დალევა შეუძლია, მაშინ თბილი სითხეები უნდა შევთავაზოთ. თუ ჰიპოთერმია გრძელდება და ტემპერატურა ჩამოდის 35-ზე ქვემოთ, აუცილებლად უნდა მივმართოთ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტს.
- რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული?
- ჩვენს რეალობაში ციფრული თერმომეტრები არ გამოდგა ხარისხიანი, გამომდინარე იქიდან, რომ დიდია ცდომილება. კლინიკაში უპირატესობას ვანიჭებთ ვერცხლისწყლის თერმომეტრს.
- როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ სიცხე ბანალური მიზეზითაა გამოწვეული და არა რომელიმე სერიოზული პრობლემით?
- ინფექციური მდგომარეობის დროს ცხელებას თან ახლავს ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, როგორიც არის მოდუნება, ძილიანობა, სითხის მიუღებლობა, ეს ყოველთვის აისახება პატარაზე, მას არ სურს თამაში, არ უხარია. თუ ბავშვი არ თამაშობს, არ შემოდის კონტაქტში, საკვებსა და სითხეებზე უარს გეუბნებათ და ტემპერატურა არის 37.5 - 37.6, ასეთ შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ, რომ ინფექციასთან გვაქვს საქმე.
- როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას, როგორ უნდა მართოს ცხელება მშობელმა ბინაზე სწორად?
- აქტუალური კითხვაა, თუ როდის უნდა მივცეთ პატარას სიცხის დამწევი საშუალება, არსებობს თუ არა რაიმე გარკვეული ციფრი? - შევჯერდით ექიმები, რომ ასეთი ციფრი არ არსებობს.
თუ ბავშვის ზოგადი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი - ვერ იღებს სითხეს, საკვებს, მოდუნებულია, მივარდნილია თუნდაც 37.5-ზე, ე.ი. მას აწუხებს სხეულის ასეთი ტემპერატურა და აუცილებლად უნდა მივაშველოთ დამწევი.
სიცხის დამწევ საშუალებად ვიყენებთ პარაცეტამოლს და იბუპროფენს. სიცხის დამწევს ვაწვდით არა ასაკის, არამედ კილოგრამის მიხედვით. რადგან ზოგიერთი 2 წლის პატარა შესაძლოა, იყოს 13 კილოგრამი ან ზოგიერთი - 18 კილოგრამი. მაგალითისთვის, გამოვთვალოთ. პარაცეტამოლი შეგვიძლია მივცეთ 15 მგ/კგ ე.ი. თუ პატარა არის 10 კილო და ჩვენ გვინდა მივაწოდოთ პარაცეტამოლი, როგორც სიცხის დამწევი საშუალება 10 უნდა გავამრავლოთ 15-ზე და მივიღებთ 150-ს და შეგვიძლია მივაწოდოთ 150 მგ. პარაცეტამოლი საჭიროებისას შეგვიძლია გამოვიყენოთ 4 საათში ერთხელ. იბუპროფენის ჯგუფის მედიკამენტები შეგვიძლია გამოვიყენოთ 6 საათში ერთხელ, მაგრამ იბუპროფენი 5 მლგ-ით ნაკლები უნდა მივცეთ. დავუშვათ პატარა არის 10 კილო, მაშინ უნდა მივცეთ 10 მგ/კგ საჭიროებისას 6 საათში ერთხელ გამოვიყენოთ. სასურველია ესეც ვიცოდეთ, 3 თვემდე იბუპროპფენი არ ინიშნება ჰეპატოტოქსიურობის გამო, ამიტომ 0-დან 3 თვემდე ძირითადად ვირჩევთ პარაცეტამოლს სიცხის დამწევ საშუალებად, ხოლო 3 თვიდან უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ ასევე იბუპროფენი.
ესაუბრა თამთა შერმაზანაშვილი
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„პირდაპირ ეცე და გლანდები ამოჭრა, ეს არ არის გამოსავალი, იმიტომ, რომ გლანდებს თავისი ფუნქცია აქვს,“ - ოტორინოლარინგოლოგი მიშა ხუჯაძე
ოტორინოლარინგოლოგმა მიშა ხუჯაძემ მწვავე და ქრონიკული ტონზილიტის მკურნალობის მეთოდების შესახებ ისაუბრა. მან ის შემთხვევები აღწერა, რომლის დროსაც ოპერაციის საჭიროება დგება:
„საქართველოში კი არის გავრცელებული, რომ შემოხვალ თუ არა, ყველა ოპერაციას გიკეთებს, თუმცა ეს ასე არ არის. საზღვარგარეთ ძალიან შემცირდა ტონზილიტის ოპერაცია. საქართველოს მოსახლეობისთვის მენტალურად რვაჯერ ბავშვი რომ ავად არის, ეს არ არის გამოსავალი. ამერიკაში რვაჯერ თუ არ გაქვს ანგინა, ოპერაციას არ გიკეთებენ. მე უფრო ევროპულ გაიდლაინებს ვენდობი და როდესაც ოპერაცია კეთდება, ეს ეყრდნობა იმას, ევროპული გაიდლაინით რა არის მოწოდებული. ეს არის სამი ანგინა წელიწადში ორი წლის მანძილზე ან 5-6 ანგინა წელიწადში, ჩემთვის ეს საკმარისია.“
მიშა ხუჯაძის თქმით, გარკვეულ შემთხვევებში ქირურგიულ ჩარევაზე უარის თქმა საფრთხის შემცველია:
„როდესაც არის რაღაც გართულებები კარდიოლოგიური, სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებით, რევმატიული პრობლემები, რასაკვირველია, აქ საკითხი არ დგას მედიკამენტოზურ მკურნალობაზე. აქ უკვე საკითხი მიდის ქირურგიაზე. შეიძლება ისეთი ზიანი მივაყენოთ ორგანიზმს, რომ პაციენტი სერიოზულ დაავადებებს შეეჯახოს იმის გამო, რომ ჩვენ არ გავბედეთ ქირურგიული ჩარევა. მწვავე ტონზილიტი გამოიხატება სიცხეში, ყელის ტკივილში, ზოგად სისუსტეში და ა.შ. ქრონიკული ანთება, შესაძლოა, ძალიან ნელა, შეუმჩნევლად მიდიოდეს და აზიანებდეს ისეთ სისტემებს, როგორიცაა: გულ-სისხლძარღვთა სისტემა, თირკმლები, შეიძლება გამოიწვიოს სახსრების ანთებები. წლების მანძილზე ის ნელ-ნელა ღრღნის ორგანიზმს.“
მიშა ხუჯაძემ აღნიშნა, რომ ქირურგიული ჩარევის გადაწყვეტილება ექიმმა მხოლოდ საფუძვლიანი მიზეზის ქონის შემთხვევაში უნდა მიიღოს:
„უპირველეს ყოვლისა, რასაკვირველია, პირდაპირ ეცე და გლანდები ამოჭრა, ეს არ არის გამოსავალი, იმიტომ, რომ გლანდებს თავისი ფუნქცია აქვს. თან ოპერაცია მაინც ოპერაციაა, არავის არ სიამოვნებს, არც ქირურგს და არც პაციენტს. კარგი ექიმი არის ის, ვინც იცის, როგორ გააკეთოს ოპერაცია და ძალიან კარგი ექიმი არის ის, ვინც იცის, როდის არ გააკეთოს ოპერაცია. გავრცელებულია აზრი, რომ მოზრდილ ასაკში გლანდის ოპერაცია არ კეთდება. ეს არის აბსურდი. მე გამიკეთებია 70 წლის ქალბატონისთვის ოპერაცია. როდესაც საჭიროა, ოპერაცია უნდა გაკეთდეს. ასაკს მნიშვნელობა არ აქვს.“
„გლანდები საჭიროა, თუმცა გლანდების ფუნქციას ასრულებს ასევე ელენთა და კიდევ სხვა პატარ-პატარა ლიმფოიდური ქსოვილები, რომლებიც მთელს ხახაშია მიმოფანტული. არ არის სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანო გლანდი, თუმცა, რასაკვირველია, თავის ფუნქციას ასრულებს. როდესაც გლანდი არის ცუდი, ის უკვე არაფერს არ ასრულებს, ის აფუჭებს. ეს საზღვარი უნდა გავიგოთ, როდის არის გლანდი საოპერაციო. ის მოსაზრება, რომ პირში შევა ჰაერი, გლანდი დაიჭერს, ეს აბსურდია. თუმცა, ლიმფოციტებისა და იმ პატარა უჯრედების შექმნაში, რომლებიც იჭერენ და ებრძვიან ჩვენს მტერ პატარა მიკრონაწილაკებს, ძალიან დიდი როლი მიუძღვის გლანდებს,“ - აღნიშნულ საკითხზე მიშა ხუჯაძემ ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში ისაუბრა.