„გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას“ - რა უნდა ვიცოდეთ ბავშვებში ტემპერატურის ცვლილებაზე?
რამდენია ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა, როგორ უნდა მოვიქცეთ დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში, რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული, როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას - აღნიშნულ თემებზე MomsEdu.ge-ს პედიატრი და გადაუდებელი მედიცინის ექიმი თეო ტაბატაძე ესაუბრა.
- ქალბატონო თეო, თავიდანვე რომ განვმარტოთ, ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა რამდენია?
- ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა განისაზღვრება ასაკის მიხედვით. მაგალითად, 0-დან 3 თვემდე შესაძლებელია, 35.5-დან 37.2-მდე ჩავთვალოთ ნორმად. ასევე გასათვალისწინებელია გარემოება. ხანდახან მშობლები პატარას იმის გამო, რომ არ გაცივდეს, ზედმეტად თბილად აცმევენ, ბავშვის კანი კი ძალზე მგრძნობიარეა თერმორეგულაციის მიმართ. ამ დროს ხდება გადახურება და სხეულის ტემპერატურის მატება. ეს არის გარემოებით გამოწვეული ტემპერატურული რეაქცია. „გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას. თუ ტემპერატურა კვლავ ნარჩუნდება 37.5-37.6 და მეტი მაშინ უკვე უნდა ვეძებოთ სხვა მიზეზები.
- როგორ ვიქცევით დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში?
- ჰიპოთერმიად განიხილება 35 და ქვემოთ ტემპერატურა (35.1-35.2 არ ითვლება ჰიპოთერმიად). ჰიპოთერმიის დროს ბავშვი უნდა გავათბოთ თბილი საფენებით. თუ ბავშვს დალევა შეუძლია, მაშინ თბილი სითხეები უნდა შევთავაზოთ. თუ ჰიპოთერმია გრძელდება და ტემპერატურა ჩამოდის 35-ზე ქვემოთ, აუცილებლად უნდა მივმართოთ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტს.
- რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული?
- ჩვენს რეალობაში ციფრული თერმომეტრები არ გამოდგა ხარისხიანი, გამომდინარე იქიდან, რომ დიდია ცდომილება. კლინიკაში უპირატესობას ვანიჭებთ ვერცხლისწყლის თერმომეტრს.
- როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ სიცხე ბანალური მიზეზითაა გამოწვეული და არა რომელიმე სერიოზული პრობლემით?
- ინფექციური მდგომარეობის დროს ცხელებას თან ახლავს ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, როგორიც არის მოდუნება, ძილიანობა, სითხის მიუღებლობა, ეს ყოველთვის აისახება პატარაზე, მას არ სურს თამაში, არ უხარია. თუ ბავშვი არ თამაშობს, არ შემოდის კონტაქტში, საკვებსა და სითხეებზე უარს გეუბნებათ და ტემპერატურა არის 37.5 - 37.6, ასეთ შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ, რომ ინფექციასთან გვაქვს საქმე.
- როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას, როგორ უნდა მართოს ცხელება მშობელმა ბინაზე სწორად?
- აქტუალური კითხვაა, თუ როდის უნდა მივცეთ პატარას სიცხის დამწევი საშუალება, არსებობს თუ არა რაიმე გარკვეული ციფრი? - შევჯერდით ექიმები, რომ ასეთი ციფრი არ არსებობს.
თუ ბავშვის ზოგადი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი - ვერ იღებს სითხეს, საკვებს, მოდუნებულია, მივარდნილია თუნდაც 37.5-ზე, ე.ი. მას აწუხებს სხეულის ასეთი ტემპერატურა და აუცილებლად უნდა მივაშველოთ დამწევი.
სიცხის დამწევ საშუალებად ვიყენებთ პარაცეტამოლს და იბუპროფენს. სიცხის დამწევს ვაწვდით არა ასაკის, არამედ კილოგრამის მიხედვით. რადგან ზოგიერთი 2 წლის პატარა შესაძლოა, იყოს 13 კილოგრამი ან ზოგიერთი - 18 კილოგრამი. მაგალითისთვის, გამოვთვალოთ. პარაცეტამოლი შეგვიძლია მივცეთ 15 მგ/კგ ე.ი. თუ პატარა არის 10 კილო და ჩვენ გვინდა მივაწოდოთ პარაცეტამოლი, როგორც სიცხის დამწევი საშუალება 10 უნდა გავამრავლოთ 15-ზე და მივიღებთ 150-ს და შეგვიძლია მივაწოდოთ 150 მგ. პარაცეტამოლი საჭიროებისას შეგვიძლია გამოვიყენოთ 4 საათში ერთხელ. იბუპროფენის ჯგუფის მედიკამენტები შეგვიძლია გამოვიყენოთ 6 საათში ერთხელ, მაგრამ იბუპროფენი 5 მლგ-ით ნაკლები უნდა მივცეთ. დავუშვათ პატარა არის 10 კილო, მაშინ უნდა მივცეთ 10 მგ/კგ საჭიროებისას 6 საათში ერთხელ გამოვიყენოთ. სასურველია ესეც ვიცოდეთ, 3 თვემდე იბუპროპფენი არ ინიშნება ჰეპატოტოქსიურობის გამო, ამიტომ 0-დან 3 თვემდე ძირითადად ვირჩევთ პარაცეტამოლს სიცხის დამწევ საშუალებად, ხოლო 3 თვიდან უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ ასევე იბუპროფენი.
ესაუბრა თამთა შერმაზანაშვილი
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„როდესაც ადამიანი ხვრინავს, მას მეტი რისკი აქვს დაემართოს მიოკარდიუმის ინფარქტი და იშემიური ინსულტი,“ - გიორგი ღოღობერიძე
ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ხვრინვის გამომწვევ მიზეზებსა და აღნიშნულ პრობლემასთან გამკლავების გზებზე ისაუბრა. მან ხვრინვის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი დაასახელა:
„ხვრინვას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს. ასაკთან ერთად ხვრინვა ხდება ყველაზე მეტად გამოხატული. თუ ახალგაზრდებში ხვრინვა გვხვდება შემთხვევათა 30 %-ში, ასაკოვნებში შეიძლება ეს ავიდეს 60 %-მდეც. ასაკთან ერთად ჩვენი რბილი სასა აღარ არის ელასტიური, რაც არის ხვრინვის მიზეზი. ეს შეიძლება იყოს გენეტიკურიც. თუ მამა ხვრინავს, დიდი ალბათობით, შვილიც არ დააკლებს. ზოგიერთ ადამიანს აქვს ხახის კუნთების თანდაყოლილი სისუსტე, რაც ხდება ვიბრაციის წყარო. ხვრინვის მიზეზია ყბის არასწორი პოზიცია და ჭარბწონიანობა. თუ ადამიანი არის ჭარბწონიანი, ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი ცხიმოვანი ქსოვლია სასუნთქ გზებში, ეს ავიწროვებს მათ და იწვევს ხვრინვას.“
„ხვრინვა შეიძლება გამოწვეული იყოს ცხვირის პათოლოგიებითაც. შეიძლება პოლიპები იყოს ჩამოყალიბებული და ამან ასევე ხელი შეუწყოს ხვრინვას. ალკოჰოლი ასუსტებს სასის კუნთებს და სუფრიდან რომ დგებიან და სახლში მიდიან, მერე ხვრინავენ ხოლმე ადამიანები. თუ ადამიანი მიჩვეული არის პირით სუნთქვას, მას მეტი რისკი აქვს, რომ ჰქონდეს ხვრინვა. ამიტომ სასურველია, რომ პირი დაიხუროს და ცხვირი გამოვიყენოთ სუნთქვისთვის. როდესაც ადამიანი ზურგზე წევს, ჩაკიდებული არის რბილი სასა უკან და ავიწროვებს სასუნთქ გზებს. ამანაც შეიძლება გამოიწვიოს ხვრინვა.“
გიორგი ღოღობერიძემ აღნიშნა, რომ ადამიანებს უძნელდებათ ხვრინვის პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო რეკომენდაციების დაცვა:
„წონის შემცირება ყველას გულზე არ ეხატება, იმიტომ, რომ ეს არც ისე ადვილია. ალკოჰოლისთვის თავის დანებებაზე რომ უთხრა ადამიანს, დიდი ალბათობით, არც მოგისმენს, ისეა დამოკიდებული, რომ სპეციალური ჩარევაა საჭირო. თამბაქოს მოწევას თავი დაანებეო რომ უთხრა, ესეც მარტივად არ ხდება. აღმოჩნდა, რომ როდესაც ადამიანი ხვრინავს, მას 34 %-ით მეტი რისკი აქვს დაემართოს მიოკარდიუმის ინფარქტი, 67 %-ით მეტი რისკი აქვს დაემართოს იშემიური ინსულტი. როდესაც ხვრინავს ადამიანი, საძილე არტერიებიც ვიბრირებს, ზიანდება, ცხიმი ლაგდება და იწყება თავის ტვინის იშემია. ეს ადამიანები მიდრეკილები არიან მაღალი წნევისკენ, შაქრიანი დიაბეტისკენ.“
„პრობლემის მოგვარებისთვის ერთ-ერთი ტაქტიკა არის გვერდზე წოლა, სპეციალური ენის ვარჯიშები. პაციენტი ენით რაც შეიძლება უნდა დააწვეს ქვედა კბილებს, მერე ზედა კბილებს. მერე ლოყაზე შეიძლება ავარჯიშოს. ზოგიერთი იღებს სპეციალურ კოვზს და კოვზზე ვარჯიშობს ხოლმე, რომ ენა დაჭიმოს. რბილი სასის ტონუსში მოსაყვანად ხმოვნების ვარჯიშებს აკეთებენ ხოლმე. კარგი გამოსავალია საყვირზე დაკვრაც, რადგან ეს აფართოვებს სასუნთქ გზებს,“ - აღნიშნულ საკითხებზე გიორგი ღოღობერიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.