„გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას“ - რა უნდა ვიცოდეთ ბავშვებში ტემპერატურის ცვლილებაზე?
რამდენია ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა, როგორ უნდა მოვიქცეთ დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში, რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული, როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას - აღნიშნულ თემებზე MomsEdu.ge-ს პედიატრი და გადაუდებელი მედიცინის ექიმი თეო ტაბატაძე ესაუბრა.
- ქალბატონო თეო, თავიდანვე რომ განვმარტოთ, ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა რამდენია?
- ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა განისაზღვრება ასაკის მიხედვით. მაგალითად, 0-დან 3 თვემდე შესაძლებელია, 35.5-დან 37.2-მდე ჩავთვალოთ ნორმად. ასევე გასათვალისწინებელია გარემოება. ხანდახან მშობლები პატარას იმის გამო, რომ არ გაცივდეს, ზედმეტად თბილად აცმევენ, ბავშვის კანი კი ძალზე მგრძნობიარეა თერმორეგულაციის მიმართ. ამ დროს ხდება გადახურება და სხეულის ტემპერატურის მატება. ეს არის გარემოებით გამოწვეული ტემპერატურული რეაქცია. „გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას. თუ ტემპერატურა კვლავ ნარჩუნდება 37.5-37.6 და მეტი მაშინ უკვე უნდა ვეძებოთ სხვა მიზეზები.
- როგორ ვიქცევით დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში?
- ჰიპოთერმიად განიხილება 35 და ქვემოთ ტემპერატურა (35.1-35.2 არ ითვლება ჰიპოთერმიად). ჰიპოთერმიის დროს ბავშვი უნდა გავათბოთ თბილი საფენებით. თუ ბავშვს დალევა შეუძლია, მაშინ თბილი სითხეები უნდა შევთავაზოთ. თუ ჰიპოთერმია გრძელდება და ტემპერატურა ჩამოდის 35-ზე ქვემოთ, აუცილებლად უნდა მივმართოთ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტს.
- რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული?
- ჩვენს რეალობაში ციფრული თერმომეტრები არ გამოდგა ხარისხიანი, გამომდინარე იქიდან, რომ დიდია ცდომილება. კლინიკაში უპირატესობას ვანიჭებთ ვერცხლისწყლის თერმომეტრს.
- როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ სიცხე ბანალური მიზეზითაა გამოწვეული და არა რომელიმე სერიოზული პრობლემით?
- ინფექციური მდგომარეობის დროს ცხელებას თან ახლავს ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, როგორიც არის მოდუნება, ძილიანობა, სითხის მიუღებლობა, ეს ყოველთვის აისახება პატარაზე, მას არ სურს თამაში, არ უხარია. თუ ბავშვი არ თამაშობს, არ შემოდის კონტაქტში, საკვებსა და სითხეებზე უარს გეუბნებათ და ტემპერატურა არის 37.5 - 37.6, ასეთ შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ, რომ ინფექციასთან გვაქვს საქმე.
- როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას, როგორ უნდა მართოს ცხელება მშობელმა ბინაზე სწორად?
- აქტუალური კითხვაა, თუ როდის უნდა მივცეთ პატარას სიცხის დამწევი საშუალება, არსებობს თუ არა რაიმე გარკვეული ციფრი? - შევჯერდით ექიმები, რომ ასეთი ციფრი არ არსებობს.
თუ ბავშვის ზოგადი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი - ვერ იღებს სითხეს, საკვებს, მოდუნებულია, მივარდნილია თუნდაც 37.5-ზე, ე.ი. მას აწუხებს სხეულის ასეთი ტემპერატურა და აუცილებლად უნდა მივაშველოთ დამწევი.
სიცხის დამწევ საშუალებად ვიყენებთ პარაცეტამოლს და იბუპროფენს. სიცხის დამწევს ვაწვდით არა ასაკის, არამედ კილოგრამის მიხედვით. რადგან ზოგიერთი 2 წლის პატარა შესაძლოა, იყოს 13 კილოგრამი ან ზოგიერთი - 18 კილოგრამი. მაგალითისთვის, გამოვთვალოთ. პარაცეტამოლი შეგვიძლია მივცეთ 15 მგ/კგ ე.ი. თუ პატარა არის 10 კილო და ჩვენ გვინდა მივაწოდოთ პარაცეტამოლი, როგორც სიცხის დამწევი საშუალება 10 უნდა გავამრავლოთ 15-ზე და მივიღებთ 150-ს და შეგვიძლია მივაწოდოთ 150 მგ. პარაცეტამოლი საჭიროებისას შეგვიძლია გამოვიყენოთ 4 საათში ერთხელ. იბუპროფენის ჯგუფის მედიკამენტები შეგვიძლია გამოვიყენოთ 6 საათში ერთხელ, მაგრამ იბუპროფენი 5 მლგ-ით ნაკლები უნდა მივცეთ. დავუშვათ პატარა არის 10 კილო, მაშინ უნდა მივცეთ 10 მგ/კგ საჭიროებისას 6 საათში ერთხელ გამოვიყენოთ. სასურველია ესეც ვიცოდეთ, 3 თვემდე იბუპროპფენი არ ინიშნება ჰეპატოტოქსიურობის გამო, ამიტომ 0-დან 3 თვემდე ძირითადად ვირჩევთ პარაცეტამოლს სიცხის დამწევ საშუალებად, ხოლო 3 თვიდან უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ ასევე იბუპროფენი.
ესაუბრა თამთა შერმაზანაშვილი
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ზოგიერთი მშობელი ამბობს: „არც მე მიყვარდა წვნიანი და რა მოხდა?!“ არ არის ეს სწორი მიდგომა,“ - ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანი
ენდოკრინოლოგმა ქეთი ასათიანმა ბავშვის ტვინის ჯანსაღი განვითარებისთვის სწორი კვების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ შვილების ჯანმრთელობაზე ზრუნვა დედამ ორსულობის პერიოდიდან უნდა დაიწყოს:
„ჩვენი შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობას საფუძველი ეყრება ორსულობისთანავე. როდესაც საუბარია ორსულ მდგომარეობაში სწორ კვებაზე, დიდი მნიშვნელობა აქვს საიდან მიიღებს დედა ენერგიას. ნუტრიენტთა 60 %-ს განვითარებადი ტვინი რომ სწორად შერჩეული, დაბალანსებული რაციონიდან მიიღებს, ამას აქვს განმსაზღვრელი მნიშვნელობა იმისთვის, რომ თავის ტვინი სწორად და ჯანმრთელად განვითარდეს.“
ქეთი ასათიანის თქმით, ბავშვისთვის რთულია სწორი კვების მნიშვნელობის გააზრება, რის გამოც აუცილებელია, მშობელმა გარკვეულ ხრიკებს მიმართოს, რათა ბავშვმა ჯანსაღი საკვები მიირთვას:
„როდესაც ხდები დედა, უფრო მეტად უფიქრდები რა მიირთვას, როგორ მიირთვას, რა რაოდენობით მიირთვას, დღის რომელ მონაკვეთში მიირთვას ბავშვმა. მშობლისთვის შვილის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი არაფერია. ზრდასრულ ადამიანს რომ აუხსნა, რატომ სჯობს მიირთვას ხილი, ბოსტნეული, რატომ არის კარგი ყველაფერი ორთქლზე მომზადებული და არა ტრანსცხიმებით, მათ უჭირთ ძალიან ხშირად ამის გაანალიზება. ბავშვისთვის ეს ორმაგად უფრო რთულია. დედას ხშირად აქვს ასეთი არჩევანი: მოიგოს ბავშვის გული თუ მის ჯანმრთელობაზე იფიქროს?! აქ გვმართებს ფანტაზიის ჩართვა. როდესაც პროდუქტი ჯანსაღია, მაგრამ ბავშვს მისი მირთმევის არანაირი განწყობა არ აქვს, შეგვიძლია ერთგვარ ხრიკებს მივმართოთ.“
ქეთი ასათიანმა აღნიშნა, რომ დედის კვება ბავშვის ჯანმრთელობასა და კვებით ჩვევებს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს:
„დედის კვება განსაზღვრავს ბავშვის ჯანმრთელობას და მის კვებას. ჩატარდა საინტერესო კვლევა, სადაც ორსულების ერთი ჯგუფი იღებდა განსაზღვრული რაოდენობით სტაფილოს, მეორე ჯგუფი მეძუძურობის დროს იღებდა სტაფილოს, მესამე ჯგუფმა მოარიდა თავი სტაფილოს მიღებას. რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც ბავშვს უკვე მყარი საკვების მირთმევა შეეძლო, იმ ჯგუფის შვილებს, რომელიც თავს არიდებდა სტაფილოს, არ ჰქონდა მოთხოვნილება სტაფილოზე, ხოლო დანარჩენი დედების შვილები სიამოვნებით მიირთმევდნენ სტაფილოს.“
„ხშირად გვსმენია: „ჩემი შვილი წვნიანს არ მიირთმევს, უარს ამბობს, არაფრით არ უნდა იყოს შიგნით შერეული ხახვი, მწვანილი.“ ნაწილი მშობლების თანახმაა, რომ ეს წვნიანი გაწუროს, მოაშოროს ყველაფერი, ოღონდ ბავშვმა მიირთვას. მეორე ნაწილი ხელს იქნევს. იხსენებს თავის ბავშვობას: „არც მე მიყვარდა წვნიანი და რა მოხდა?!“ არ არის ეს სწორი. მოხდა! შეიძლება ყოველდღიურად არ შევთავაზოთ ბავშვს წვნიანი, მაგრამ განსაზღვრული პერიოდულობით, სხვადასხვა ინგრედიენტების შეთავაზებით, რა თქმა უნდა, გამოვუმუშავებთ ბავშვს სწორი კვების ჩვევას ისევ მისი ჯანმრთელობისთვის, რომ ბავშვმა წვნიანის გემო იცოდეს,“ - აღნიშნულ საკითხებზე ქეთი ასათიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.