Baby Bag

რომელი სახეობის ხორცია უფრო სასარგებლო ორგანიზმისთვის და რა სიხშირით უნდა მივიღოთ?

რომელი სახეობის ხორცია უფრო სასარგებლო ორგანიზმისთვის და რა სიხშირით უნდა მივიღოთ?

დღეს სამშაბათიადა მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. რა დადებითი თვისებები გააჩნია ხორცს ორგანიზმისთვის, რომელი სახეობის ხორცია უფრო სასარგებლო და რა სიხშირით უნდა მივიღოთ? - ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა ამჯერად ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას. 

განვიხილოთ ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტი - ხორცი. ჩვენს ქვეყანაში ხორცეულიდან უფრო ხშირად გამოიყენება საქონლის (კონკრეტულად ძროხის), ქათმის და ღორის ხორცი. ხორცი არის ცილების საბადო, რომელთა როლი შეუცვლელია ჩვენი ორგანიზმისთვის, განსაკუთებით კი მოზარდთა ასაკისთვის, რადგან ამ დროს ხდება ორგანიზმის განვითარება და კუნთური მასის ჩამოყალიბება. ცილების შემცველობის მხრივ მეტად მდიდარია ფრინველის ხორცი, ვიდრე საქონლის. 

​ხორცი არის რკინის, ბ ჯგუფის ვიტამინების და ასევე სხვა მიკრო- მაკრო ელემენტების საბადო. აქვე გამოვყოთ, რომ საქონლის ხორცში რკინის შემცველობა ბევრად მეტია, ვიდრე ქათმის ხორცში. რაც შეეხება ღორის ხორცს, მასში დიდი რაოდენობთ ცხიმის არსებობის გამო ორგანიზმისთვის ნაკლებად სასარგებლო პროდუქტია და უნდა ვეცადოთ, მისი მოხმარება მინიმუმამდე 
იყოს დაყვანილი. ხორცის მირთმევის დროს ყოველთვის უპირატესობა უნდა მივანიჭოთ მოხარშულ ხორცს. შემწვარი ხორცი კარგავს სასარგებლო თვისებებს, ამიტომ ვეცადოთ, რაციონში გვქონდეს მოხარშული საქონლის და ქათმის ხორცი (ხორცის ამ ორ სახეობას გამოვყოფ, რადგან ხორცის სხვა სახეობებთან შედარებით მათ ორგანიზმი უფრო იოლად ინელებს და არ ხდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება).
ყველას აინტერესებს, რა სიხშირით არის რეკომენდებული ხორცის მიღება ორგანიზმისთვის. ხორცეულის, შეუძლიათ მოხარშული ხორცი თითქმის ყოველდღიურად ჰქონდეთ რაციონში 150-200 გრ. ოდენობით (ვსაუბრობთ პრაქტიკულად ჯანმრთელ მოსახლეობაზე, რომელთაც არ აქვთ რაიმე კონკრეტული შეზღუდვები), ხოლო მათ, ვინც არ არიან ხორცეულის მოყვარული, რეკონედებულია კვირაში სამჯერ მიირთვან ხორცით მდიდარი საკვები.
აქვე მინდა შევეხო, რომ ორ დღეში ჩვენს ქვეყანაში ხსნილდება შობის მარხვა, ასეთ დროს სასურველია, რომ მცირე ულუფით მოხარშული, უცხიმო ხორცი მივირთვათ და შემწვარი, ცხიმიანი ხორცით არ გავაღიზიანოთ კუჭ-ნაწლავი, რადგან შესაძლოა, ამით სერიოზული დისკომფორტი მივაყენოთ საჭმლის მომნელებელ სისტემას.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

შეიძლება დაინტერესდეთ

„ნაყინი ანგინას არ იწვევს, ანგინა ბაქტერიული ინფექციაა,“ - ოტორინოლარინგოლოგი ქეთევან გოცაძე

ოტორინოლარინგოლოგი ქეთევან გოცაძე გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ნაყინის, როგორც ანგინის გამომწვევი ტკბილეულის შესახებ მითს ამსხვრევს:

„მინდა გითხრათ, რომ ცივი წყალი და ნაყინი აუცილებელია ბავშვებისთვის, არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ დიდებისთვისაც. ნაყინი ეს არის პოზიტივი, ენდორფინი, ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც კარგ განწყობაზე ვართ, იმუნიტეტიც კარგი გვაქვს. ნაყინი რეკომენდებულია ბავშვებისთვის. არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ბავშვს გამთბარი ნაყინი ან გამთბარი წყალი. ვიცი, რომ ახლა საყოველთაოდ ამიჯანყდებიან ბებიები. ნაყინი და ცივი წყალი არის გაკაჟების ერთ-ერთი აუცილებელი პირობა. ხშირად უთბობენ ხოლმე ბავშვებს ნაყინს, რაც საჭირო არ არის.“

„არსებობს კატეგორია ბავშვების, რომლებსაც ყელში ქრონიკული ინფექციის წყარო აქვს. ასეთ ბავშვებს ეკრძალებათ ნაყინის მირთმევა, იმიტომ, რომ, შესაძლებელია, ინფექცია გამწვავდეს. თვითონ ნაყინი ანგინას არ იწვევს, ანგინა ბაქტერიული ინფექციაა, ნაყინმა და ცივმა წყალმა, შესაძლებელია, გააქტიუროს უკვე არსებული ინფექციური კერა. ვინაიდან რძის პროდუქტები მიკრობებისთვის ნოყიერი საკვებია, ნაყინის მირთმევის შემდეგ წყლის გამოვლება კარგია, რათა პირის ღრუში რძის ნარჩენები არ დარჩეს, რომლებიც მიკრობების გამრავლებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნიან. ნაყინის მირთმევის შემდეგ კბილების გამოხეხვაც კარგი იქნება,“ - აღნიშნავს ქეთევან გოცაძე.

წაიკითხეთ სრულად