მედიაპორტალი MomsEdu.ge წარმოგიდგენთ ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა ე.წ. „დეტოქს წყალზე“ მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას.
თანამედროვე სამყაროში სულ უფრო მეტი და მეტი დრო ეთმობა ჯანსაღ ცხოვრებას, სადაც ერთ-ერთი წამყვანია ორგანიზმში წყლის ბალანსის შენარჩუნება. მთელ მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება ე.წ „დეტოქს წყალი“, რაც თავის მხრივ გულისხმობს წყალს, რომელსაც დამატებული აქვს ხილი, ბოსტნეული, მწვანილი ამ ყველა ჩამოთვლილი ერთად. ასეთი წყლის დამზადება შეგიძლიათ სხვადასხვა გზით. ასეთ დროს წყალს ემატება ცოცხალი ხილ-ბოსტნეული, და არა ქიმიურად მომზადებული, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს მის დაბალკალორიულობას. (მუდმივად უნდა გახსოვდეთ, რომ ადამიანები, რომელთაც აღენიშნებათ რაიმე სახის ქრონიკული დაავადება, სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ნებისმიერ ზოგად რჩევებს).
ყველაზე პოპულარული ე.წ. „დეტოქს წყლის“ რეცეპტების კომბინაციები ასეთია:
კიტრი და პიტნა
ლიმონი და კოჭა
მაყვალი და ფორთოხალი
ლიმონი და პიტნა
საზამთრო და პიტნა
გრეიფრუტი და როზმარინი
ფორთოხალი და ლიმონი
ლიმონი და ცაცხვი
მარწყვი და რეჰანი
ვაშლი და დარიჩინი
რა დადებითი თვისებები აქვს ე.წ „დეტოქს წყლის“ მიღებას?
ტოქსინების მოცილება - დეტოქსიკაცია
საჭმლის მომნელები სისტემის მუშაობის გაუმჯობესება
იმუნური ფუნქციის გაძლიერება
განწყობის ამაღლება
ენერგიის დონის გაზრდა
სახის კანის გაუმჯობესება
თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ყველა თვისება ასევე გააჩნია ჩვეულებრივ ონკანის წყალსაც, ამიტომ აუცილებლობას ნამდვილად არ წარმოადგენს მაინცდამაინც აღნიშნული ნარევების დალევა, მაგრამ მათ, ვისაც მოგწონთ, გიყვართ ე.წ. სხვადასხვა გემოებდამატებული წყალი, შეგიძლიათ მიირთვათ. მთავარია, გვახსოვდეს, რომ ორგანიზმი გქონდეთ მუდმივად ჰიდრატირებულ (დატენიანებულ) მდგომარეობაში, რაც ჯანმრთელი მოსახლეობისთვის გულისხმობს დღეში მინიმუმ 1.5 ლიტრი წყლის მიღებას. გისურვებთ ჯანმრთელობას!
საკვების კომბინაციები, რომელთა ერთად გამოყენება არ არის რეკომენდებული
დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა განიხილავს საკვების კომბინაციებს, რომელთა ერთად გამოყენება არ არის რეკომენდებული.
1. ბანანი და რძე - საკვები კომბინაცია, რომელიც ასტიმულირებს ორგანიზმში ტოქსინის გამომუშავებას, იგი ადუნებს ორგანიზმს. ალბათ შეგიმჩნევიათ რამდენად იმატებს ძილიანობა ბანანის სმუზის მიღების შემდეგ. ეს კომბინაცია იწვევს სხეულში ნახველისა და ლორწოს მომატებულ დონეს, ამიტომ უმჯობესია, თავიდან აიცილონ განსაკუთრებით სხვადასხვა ინფექციით ინფიცირებულმა ან უბრალოდ გაციებულმა ბავშვებმა. ბანანი და რძის კომბინაცია ასევე რისკის ფაქტორია ასთმით დაავადებული ბავშვებისთვის.
2. ჩაი და რძე - ჩაის უმეტესობაში ბევრი ანტიოქსიდანტია, რაც ხელს უწყობს ორგანიზმში ანთების შემცირებას. მაგრამ თუ დავუმატებთ რძეს, რძეში შემავალი ცილები უკავშირდება ჩაის ანტიოქსიდანტებს და ხელს უშლის მათ ათვისებას. შესაბამისად, აღნიშნული კომბინაცია არ არის რეკომენდებული.
3. ალკოჰოლი და ენერგეტიკული სასმელები - ერთ-ერთი ყველაზე ცუდი კომბინაცია ორგანიზმისთვის. ასეთ დროს იზრდება გულის შეტევის, არტერიული ჰიპერტენზიის და არითმიის (გულის წუთმოცულობის დარღვევა) რისკი.
4. პური და ჯემი - სწრაფად ათვისებადი ნახშირწყლების ნაზავი, რომლებიც შეიცავენ ძალიან დიდი რაოდენობით შაქარს, ერთ-ერთი წამყვანი კომბინაციაა წონის მატებაში.
5. ხილი და ბოსტნეული - ორივე არის პროდუქტთა განსხვავებული ჯგუფი და მათი მონელება წარმოებს განსხვავებულად. ხილი მონელდება პირველი, რაც უკვე ხელს შეუშლის შემდგომ ბოსტნეულების მონელებას და მათგან საჭირო ვიტამინების და მინერალების ათვისებას ორგანიზმის მიერ.
6. ცილა და სახამებელი (ხორცი და მაკარონი, ყველი, ხორცი და მაკარონი, კარტოფილი, ხორცი და ყველი და ა.შ.) - მათ შორის ყველაზე გავრცელებული მაგ: ჩიზბურგერები, ცილა ნელდება კუჭში მჟავას მეშვეობით, ხოლო სახამებელი, ფუნთუშა ან მაკარონი იწვევს ისეთი ფერმენტის გამოყოფას, რომელიც ქმნის ტუტე მდგომარეობას და შესაბამისად, ანეიტრალებს ცილისთვის საჭირო მჟავე გარემოს, ამიტომ ეს კომბინაცია ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერია კუჭ-ნაწლავის სისტემის.