რომელი ტიპის შოკოლადია საუკეთესო გულისათვის? - ამ თემაზე ექიმი ზაზა თელია წერს. გთავაზობთ მის პოსტს:
„შოკოლადი კარგია სისხლის მიმოქცევისათვის, რაც ნიშნავს იმას, რომ ის კარგია გულისთვის. მაგრამ ყველა შოკოლადი არ არის ერთნაირი და მისმა ჭარბმა მოხმარებამაც შესაძლებელია პრობლემები შექმნას.
შოკოლადი არის „ფლავონოიდი“ პარკოსანი კაკაოდან მიღებული, რომელსაც გააჩნია ანტიოქსიდანტური ეფექტი - ეხმარება უჯრედულ რეგულაციურ აქტივობას, ებრძვის უჯრედის-დამაზიანებელი თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, რომელიც თავისთავად იწვევს ორგანიზმზე ოქსიდაციურ სტრესს.
ეს ფლავონოიდები ეხმარება გულს შემდეგნაირად:
1. ახდენს ქოლესტერინის კონტროლს
2. ამცირებს სისხლის წნევას
3. ამცირებს სისხლის თრომბის წარმოქმნას
4. აინჰიბირებს წებოვანი თრომბოციტების წარმოქმნას
5. აუმჯობესებენ სისხლის მიდინებას ვისცერალურ ორგანოებამდე
შავი შოკოლადი არის საუკეთესო, რადგან ის არის ყველაზე ნაკლებად დამუშავებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ყველაზე მაღალი პროცენტულობით შეიცავს „ფლავონოიდით“ სავსე პარკოსან კაკაოს.
უფრო დეტალურად, თუ რა შედის შიგნით:
ცნობილი როგორც, ნახევრად-ტკბილი შოკოლადი - შავი შოკოლადი შეიცავს სულ მცირე 35% კაკაოს.
დარჩენილი ნაწილი შედგება კაკაოს კარაქისგან (პარკოსანი კაკაოს ნატურალური ცხიმი), შაქრისგან, ემულგატორებისგან (ნივთიერებები, რომლებიც ინგრედიენტების ერთად არსებობას უზრუნველყოფს) და ვანილისგან. შესაძლებელია ასევე დამატებული იყოს რძე სტრუქტურის დასარბილებლად.
რეკომენდაცია
რაც უფრო „შავია“, მით უკეთესია.
მიირთვი შოკოლადი კაკაოს მაღალი შემცველობით - 70-85%.
მიირთვი დღეში - 28 გრამი, აკონტროლე კალორიების რაოდენობა.
სტანდარტული შოკოლადის ფირფიტა არის დაახლოებით - 100 გრამი, შესაბამისად, არ მიირთვა ფირფიტის 1/3-ზე მეტი.
კვებითი ღირებულება: 8-12 გრამი ცხიმი, 0 გრამი ტრანს-ცხიმი - ყოველ 28.4 გრამ პორციაზე - ამით ვიღებთ მაგნიუმს, რკინას, კალიუმს, კალციუმს და სხვადასხვა ვიტამინს.
რძიანი შოკოლადი
FDA-ი ავალდებულებს მწარმოებლებს, რომ რძიან შოკოლადში შედიოდეს სულ მცირე 10% კაკაო და სულ მცირე 12% მშრალი რძე.
დანარჩენი ნაწილი შავი შოკოლადის მსგავსად, შეიცავს კაკაოს კარაქს, შაქარს, ემულგატორებს და ვანილს.
რეკომენდაცია
ჭამე შეზღუდული რაოდენობით:
რძიანი შოკოლადი შეიცავს უფრო მეტ შაქარსა და ცხიმს ვიდრე შავი შოკოლადი.
კვებითი ღირებულება: >12 გრამი ცხიმი ყოველ 28.4 გრამ პორციაზე.
თეთრი შოკოლადი
შოკოლადის დერივატი (წარმოებული), შეიცავს 20% კაკაოს კარაქისგან და 55%-ზე მეტი შაქრისგან.
რეკომენდაცია - არ შეჭამო ან ჭამე ძალიან ცოტა რაოდენობით!!!!!!
ვერდიქტი
შოკოლადს 70% კაკაოს შემცველობით გააჩნია კარგი თვისებები ჯანმრთელობისთვის, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ უნდა მოხდეს მისი მცირე რაოდენობით გამოყენება: 100 გრამი შავი შოკოლადი=500 კალორიას.
დაუმტკბარი (unsweetened) შოკოლადი არის 100%-იანი კაკაო.
ის არის ძალიან მწარე და გამოიყენება მხოლოდ საკვების მოსამზადებლად.
სცადეთ გამოიყენოთ 100% კაკაოს ფხვნილი ცხელი კაკაოს მოსამზადებლად, სახლში დამზადებულ ნამცხვრებში (ჩაანაცვლეთ რძიანი შოკოლადი) ან დაამატეთ ის ყავაში ან იოგურტში,“ - წერს ექიმი ზაზა თელია.
„კვებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს დაახლოებით სამსაათ-ნახევარი. ძალიან არ უნდა მოშივდეს ბავშვს,“ - ნინო ხელაძე
ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ ბავშვებში ჭარბი წონის პრობლემის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ყველა ბავშვი ყოველდღიურად ერთი საათით მაინც უნდა იყოს დაკავებული სპორტით:
„ყოველდღე, ყველა ბავშვი მინიმუმ ერთი საათით უნდა იყოს სპორტით დაკავებული. ეს არის აბსოლუტური მინიმუმი ყველა ბავშვისთვის. თუკი მას წონაში მოკლება უნდა და ჭარბი წონა აქვს, ეს დრო, რა თქმა უნდა, იზრდება. ეკრანული დრო ითვლება, რომ მაქსიმალური დასაშვები რაოდენობა არის ორი საათი. ეს მოიცავს როგორც ტელეფონს, ასევე პლანშეტს, კომპიუტერს და ტელევიზორს. მეტი არ შეიძლება, არამარტო სიმსუქნის რისკის, არამედ სხვა ბევრი ჯანმრთელობის პრობლემის გამო.“
ნინო ხელაძის თქმით, მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს იტვირთება თუ არა ბავშვი ფიზიკურად დღის განმავლობაში:
„ფიზიკური დატვირთვის ყველა წუთი არის მნიშვნელოვანი. თუ ზოგიერთი ოჯახი ვერ ახერხებს ფინანსური თუ ლოჯისტიკის საკითხის გამო, რომ ატაროს ბავშვი ერთ, ორ ან რამდენიმე წრეზე ან სპორტზე, თუნდაც 15-15 წუთით რომ სახლში იცეკვოს ბავშვმა, ან ფეხით იაროს, ერთი საათი მაინც რომ გამოუვიდეს ფიზიკური დატვირთვა, ველოსიპედი იქნება თუ როლიკები, კარგია. უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება ბავშვი დღის განმავლობაში მინიმალური ერთი საათით ფიზიკურად დაიტვირთა თუ არა.“
„აუცილებლად მთელმა ოჯახმა უნდა შეცვალოს კვებითი ქცევა. ხშირად, როდესაც ვეკითხებით მშობელს: „როგორ იკვებეთ გუშინ?“ იქ უამრავი არასწორი კომპონენტი იქნება გამოვლენილი, რომლის მოდიფიცირება, შეცვლა დიდ შედეგს მოგვცემს. მაგალითად, ტკბილეულის მოხმარება, ცომეულის მოხმარება,საკვების გადანაწილება. 8 წლის ასაკში ბავშვი მინიმუმ 3-ჯერ უნდა იკვებებოდეს დღის განმავლობაში. კვებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს დაახლოებით სამსაათ-ნახევარი. ძალიან არ უნდა მოშივდეს ბავშვს, რომ მერე ჭარბად არ მიიღოს საკვები. ხემსიც შესაძლებელია ჰქონდეს რვა წლის ბავშვს. ხანდახან ბავშვი მოჰყავთ მხოლოდ და გეუბნებიან, რომ წონაში დააკლებინო. ეს ოჯახისა და ბავშვის კოლექტიური შრომის შედეგი უნდა იყოს,“ - აღნიშნულ საკითხზე ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი-მარი მალაზონია“ ისაუბრა.