„მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული უნაყოფობა თავისი პროცენტული მაჩვენებლით თითქმის უტოლდება ქალისმიერი ფაქტორით გამოწვეულ უნაყოფობას და საშუალოდ 40%-ს შეადგენს“
როდის ვსაუბრობთ მამაკაცისმიერი ფაქტორით გამოწვეულ უნაყოფობაზე, რა არის მიზეზები და ექვემდებარება თუ არა მკურნალობას? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს, საერთაშორისო რეკომენდაციებზე დაყრდნობით ესაუბრა რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი, თსუ-ის დოქტორანტი, ლელა ირემაძე.
- უნაყოფობის გამომწვევ მიზეზებს შორის, მამაკაცის ფაქტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წამყვანი გახლავთ, უფრო მეტიც, თავისი პროცენტული მაჩვენებლით თითქმის უტოლდება ქალისმიერი ფაქტორით გამოწვეულ უნაყოფობას და საშუალოდ 40%-ს შეადგენს.
დღეისათვის, მსოფლიოში ყოველი მე-7 რეპროდუქციული წყვილი უნაყოფოა, 2-3 წლის წინ ეს მაჩვენებელი 10-დან 1-ს შეადგენდა. აღნიშნული მიუთიუთებს პროცესის ზრდაზე. ხეშლემწყობ მიზეზებს შორის, მძიმე ეკოლოგიური ვითარება და არახელსაყრელი სოციალური ფაქტორები მოიაზრება. ამ მხრივ, ჩვენი ქვეყანაც არ არის გამონაკლისი.
- ძირითადად რა არის მამაკაცის უშვილობის მიზეზი?
- მამაკაცის უნაყოფობა არის მამაკაცის მიზეზით ქალის დაორსულების შეუძლებლობა. გამომწვევი მიზეზი მრავალია, მათ შორის წამყვანი გახლავთ:
იდიოპათიური;
გენეტიკური;
ენდოკრინული;
ვარიკოცელე;
იმუნოლოგიური;
შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები;
შარდ-სასქესო ორგანოების თანდაყოლილი ან შეძენილი პათოლოგიები და სხვა.
იდიოპათიური ანუ გაურკვეველი გენეზის ფაქტორი - ყველაზე ფართოდ გვხვდება სხვა მიზეზებს შორის და შემთხვევათა 40-50%-ს შეადგენს. ამ შემთხვევაში, გარდა სპერმოგრამისა, სხვა სისტემებში დარღვევა პრაქტიკულად არ არსებობს.
გენეტიკური ფაქტორი - მამაკაცისმიერი უნაყოფობის გამომწვევი მიზეზების შემთხვევაში 20-30-%-ში გვხვდება, იგი გულისხმობს ქრომოსომულ დარღვევას (რაოდენობრივი, სტრუქტურული), მონოგენური დაავადებების (ცისტური ფობროზი) არსებობას, მიტოქონდრიულ მუტაციებს, გენეტიკურად განპირობებულ ენდოკრინულ დარღვევებს.
ენდოკრინული ფაქტორი - მნიშვნელოვანი მიზეზია სხვა ფაქტორებს შორის, გვხდება 25-30%-ში. ენდოკრინული დარღვევებიდან ხშირია - ჰიპერპოლაქტინემია, ჰიპო/ჰიპერთირეოზი, ინსულინრეზისტენტობა ასოცირებული ჭარბ წონასთან/სიმსუქნესთან და სხვა.
ვარიკოცელე- ზოგად პოპულაციაში გვხვდება მამაკაცთა 15-16%-ში, ხოლო უნაყოფო მამაკაცების 30-35%-ში. უნაყოფობის შემთხვევაში ვარიკოცელეს მკურნალობის სტრატეგია (მედიკამენტური, ქირურგიული) დამოკიდებულია მის ხარისხზე და პაციენტის ჩივილებზე (ტკივილი, დისკომფორტი სათესლე ჯირკვლების პროექციაზე). მსუბუქი ხარისხის და/ან ასიმპტომური ვარიკოცელე არ საჭიროებს მკურნალობას.
სხვა მიზეზებს შორის მნიშვნელოვანია - ჭარბი ალკოჰოლის, თამბაქოს, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, ფიზიკური/სპორტული ზედატვირთვა, დღე-ღამური ბიორიტმის (ძილ-ღვიძილის საათები) დარღვევა, ანამნეზში ჩატარებული ქიმიოთერაპია და სხვა.
- რა კვლევებია საჭირო მამაკაცის შემთხვევაში?
- პირველი რიგის კვლევა გახლავთ სპერმოგრამა (სპერმოგრამა - ეაკულატის (სათესლე სითხის) გამოკვლევაა), რომლის ჩატარებას, მიღებული შედეგის სწორად შეფასებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ბოლო რეკომენდაციის მიხედვით, ნორმალური სპერმოგრამის პარამეტრებია:
- საჭიროა თუ არა ანალიზისთვის სპეციალური მომზადება?
- დიახ, საჭიროა სპეციალური მომზადება. ამ შემთხვევაში მამაკაცმა სქესობრივი ცხოვრებისა და მასტურბაციისგან <2 და >5 დღის განმავლობაში თავი უნდა შეიკავოს. ამ პერიოდში რეკომენდებულია შეიზღუდოს ჭარბი ალკოჰოლი, სპეციფიკური მედიკამენტები.
სპერმოგრამის შედეგის მიხედვით განისაზღვრება სხვა დამატებითი კვლევების საჭიროება, როგორებიცაა: სათესლე ჯირკვლების ულტრასონოგრაფია, ჰორმონული ანალიზები, კარიოტიპირება, შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები და სხვა.
- შესაძლებელია თუ არა მკურნალობა და რამდენად ეფექტურია?
- მკურნალობის მენეჯმენტი (მედიკამენტური, ქირურგიული) დამოკიდებულია უნაყოფობის გამომწვევ მიზეზებზე, ამდენად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის სწორ და დროულ დიაგნოსტიკას. ხშირად მსუბუქი დარღვევების დროული გასწორების შემდეგ, მოკლე დროში, წყვილი ბუნებრივი გზით იღებს ორსულობას. საჭიროების შემთხვევაში მოწოდებულია ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF/ICSI), როდესაც სახეზეა: საშუალო ან მძიმე დარღევა სპერმოგრამაში, ობსტრუქციული ან არაობსტრუქციული აზოოსპერმია, ანამნეზი წარუმატებელი მედიკამენტური თერაპია, წარუმატებელი საშვილოსნოსშიდა ინსემინაციები და სხვა.
დღეისათვის, რეპროდუქტოლოგიის განვითარებამ პრაქტიკულად გადაწყვიტა წყვილის უნაყოფობის პრობლემა. თითქმის არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობები, მათ შორის მამაკაცთა უნაყოფობის თვალსაზრისით. მძიმე დარღვევების არსებობისას ინ ვიტრო (IVF/ICSI) განაყოფიერების ტექნოლოგიის გზით შესაძლებელია წყვილმა იყოლიოს საკუთრი გენეტიკური შვილი.
პროგნოზი განისაზღვრება რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით, მათ შორის წამყვანია:
სპერმოგრამის დარღვევის ტიპი (მსუბუქი, საშუალო, მძიმე); უნაყოფობის ხანგრძლივობა); უნაყოფობის ტიპი (პირველადი, მეორადი); პარტნიორის (ქალი) ასაკი, მისი ფერტილიზაციის სტატუსი.
ექიმის მიერ პროგნოზის სწორად განსაზღვრას დიდი მნიშვნელობა ენიჭება წყვილის წარმატებაში.
ამჟამად მამაკაცის უნაყოფობის ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს გამოსავალი, მაშინაც კი, როდესაც საქმე გვაქვს აზოოსპერმიასთან (ობსტრუქციული (ეაკულატში სპერმატოზოიდები არ არსებობა). დამხმარე ქირურგიული ტექნოლოგიის გზით შესაძლებელია სათესლე ჯირკვლებიდან ან მისი დანამატიდან სპერმატოზოიდების ან მისი წარმომქმნელი უჯრედების აღება და გამოყენება, ინ ვიტრო განაყოფიერებითვის (IVF/ICSI). არაობსტრუქციული აზოოსპერმიის შემთხვევაში რეკომენდებულია სპერმ-დონაცია და ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF/ICSI).
მამაკაცის უნაყოფობის შემთხვევაში ასევე კეთდება საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია (საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია გულისხმობს ქალის საშვილოსნოში სპერმის ხელოვნურად შეყვანას), თუ არის შემდეგი ჩვენება:
გაურკვეველი გენეზის უნაყოფობა;
მსუბუქი დარღვევა სპერმოგრამაში;
გაიშვიათებული სქესობრივი კავშირი;
პოტენციის დაქვეითება.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„დასჯამდე არსებობს ძალიან ბევრი საშუალება, რომელმაც შეიძლება დასჯა თავიდან აგვაცილოს,“ - ფსიქოლოგი ლელა ტყეშელაშვილი
ფსიქოლოგმა ლელა ტყეშელაშვილმა მშობლობის მნიშვნელობისა და ბავშვის აღზრდისას დაშვებული მნიშვნელოვანი შეცდომების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, აღზრდა ბავშვისთვის სტრესული არ უნდა იყოს:
„მშობლობა გახლავთ ის, რომ გარჩეული იყოს, სად მივანიჭოთ ბავშვს თავისუფლება და სად არის ჩვენი დახმარება საჭირო. აღზრდა არ უნდა იყოს სტრესული. ახალგაზრდა მშობლებს, ვისაც ჯერ ცოტა შეცდომა აქვს დაშვებული აღზრდის პროცესში, მინდა ვუთხრა, რომ ასეთი სტრესი ადამიანს არ უნდა მივაყენოთ. დასჯამდე არსებობს ძალიან ბევრი საშუალება, რომელმაც შეიძლება დასჯა თავიდან აგვაცილოს. რა ალტერნატივა არსებობს იმისთვის, რომ დასჯის გამოყენება ნაკლებად დაგვჭირდეს? ეს გახლავთ ის, რომ აქცენტი გავაკეთოთ ქცევებზე, რომლებიც დამაკმაყოფილებელია. ბავშვი არის ნამდვილად დაინტერესებული იმით, რომ მშობლის თვალში კარგად გამოიყურებოდეს. ბუნებრივად მოხდება ისე, რომ ქცევებს, რომლებიც მიუღებელია კვებასთან, დღის რეჟიმთან, სწავლასთან, ჰიგიენასთან დაკავშირებით, ნაკლებად გამოიყენებს.“
ლელა ტყეშელაშვილმა აღნიშნა, რომ თუ ბავშვი მშობელს სისუსტეს შეამჩნევს, ის აუცილებლად გამოიყენებს ამას მანიპულირებისთვის:
„ბავშვმა თუ იგრძნო, რომ მას შეუძლია თუნდაც ორი წუთით გადაავადოს რაღაც, თქვენც დაღლილი ხართ, იშვიათად ხვდებით ბავშვს დღის განმავლობაში, თავს იკავებთ, რომ შენიშვნები მისცეთ, ოღონდ დღე დამთავრდეს და დაიძინოს, თუ მან თქვენი სისუსტე დაინახა, ამას გამოიყენებს. თუ დასჯაზე იქნება საუბარი და მაინცდამაინც ჭირვეულობასთან გვაქვს საქმე, ეს ჩვენი დამსახურებაა, იმიტომ, რომ უკვე შორს წავიდა პრობლემა. ფიზიკური შეხება უბრალოდ გამორიცხულია. იყო დრო, როდესაც გაწკეპვლა კარგ მშობლობად ითვლებოდა. ჩვენ გვასწავლინდნენ: „მტრად გაზარდე და მოყვრად გამოგადგება,“ მაშინ ითვლებოდა, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. ახლა ჩვენი ბავშვებიც გათვითცნობიერებულები არიან, ბავშვის უფლებებზე საუბრობენ.“
ლელა ტყეშელაშვილის თქმით, როდესაც ბავშვის დასჯის მიზნით აკრძალვებს ვიყენებთ, სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ და სწორად განვსაზღვროთ, რა უნდა ავუკრძალოთ ბავშვს:
„დასჯა არის რაღაცის გაკეთების აკრძალვა, რაც მას უნდა. როდესაც ბავშვს ვეტყვით: „დღეს ტელეფონს არ მოგცემ, კომპიუტერს არ ჩაგართვევინებ,“ ეს ქვეტექსტით ბავშვისთვის ნიშნავს, რომ ისეთი მნიშვნელოვანი რამეა სმარტფონი და კომპიუტერი, რომ მე ამ კარგი რაღაცის გაკეთების საშუალებას არ მაძლევენ. რასაც ჩვენ ვუკრძალავთ, ბავშვი უფრო მეტ ფასს ადებს, ვიდრე სინამდვილეში უნდა ადებდეს.“
„ყველა ასაკში, როგორც მისი განვითარება აძლევს შესაძლებლობას, თავისი მდგომარეობის ექსპერტი უნდა გავხადოთ ბავშვი. უნდა ვკითხოთ: „როდის გააკეთებ?“ თუ მან იგრძნო, რომ თვითონ არის თავისი ქცევის ავტორი, გაცილებით უკეთ იცავს მერე ამ წესებს. დაგეგმვაში მიაღებინეთ ბავშვს მონაწილეობა. როდესაც თავისი ნათქვამი იქნება, რომ ჯერ ამას გავაკეთებ, მერე იმას გავაკეთებ, უკვე საშუალება გვექნება, რომ მოვთხოვოთ პასუხი: „აი, შენ რომ თქვი, რატომ არ გააკეთე?“ დემოკრატიული აღზრდა არის საუკეთესო აღზრდა. ბავშვის ნებისყოფის გამომუშავება ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ის თვითონ იწყებს თავისი ქცევის რეგულაციას. ძალიან ცოტა რამეა, რაც ბავშვისთვის არ შეიძლება და უფროსისთვის შეიძლება. ბავშვებს უფრო ცუდად ესმით, ვიდრე ხედავენ. თუ იმას, რასაც ბავშვს ვუკრძალავთ, მშობელი აკეთებს, ჩავთვალოთ, რომ ფუჭად არის გადაყრილი ყველაფერი,“ - აღნიშნულ საკითხებზე ლელა ტყეშელაშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.