„მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული უნაყოფობა თავისი პროცენტული მაჩვენებლით თითქმის უტოლდება ქალისმიერი ფაქტორით გამოწვეულ უნაყოფობას და საშუალოდ 40%-ს შეადგენს“
როდის ვსაუბრობთ მამაკაცისმიერი ფაქტორით გამოწვეულ უნაყოფობაზე, რა არის მიზეზები და ექვემდებარება თუ არა მკურნალობას? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს, საერთაშორისო რეკომენდაციებზე დაყრდნობით ესაუბრა რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი, თსუ-ის დოქტორანტი, ლელა ირემაძე.
- უნაყოფობის გამომწვევ მიზეზებს შორის, მამაკაცის ფაქტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წამყვანი გახლავთ, უფრო მეტიც, თავისი პროცენტული მაჩვენებლით თითქმის უტოლდება ქალისმიერი ფაქტორით გამოწვეულ უნაყოფობას და საშუალოდ 40%-ს შეადგენს.
დღეისათვის, მსოფლიოში ყოველი მე-7 რეპროდუქციული წყვილი უნაყოფოა, 2-3 წლის წინ ეს მაჩვენებელი 10-დან 1-ს შეადგენდა. აღნიშნული მიუთიუთებს პროცესის ზრდაზე. ხეშლემწყობ მიზეზებს შორის, მძიმე ეკოლოგიური ვითარება და არახელსაყრელი სოციალური ფაქტორები მოიაზრება. ამ მხრივ, ჩვენი ქვეყანაც არ არის გამონაკლისი.
- ძირითადად რა არის მამაკაცის უშვილობის მიზეზი?
- მამაკაცის უნაყოფობა არის მამაკაცის მიზეზით ქალის დაორსულების შეუძლებლობა. გამომწვევი მიზეზი მრავალია, მათ შორის წამყვანი გახლავთ:
იდიოპათიური;
გენეტიკური;
ენდოკრინული;
ვარიკოცელე;
იმუნოლოგიური;
შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები;
შარდ-სასქესო ორგანოების თანდაყოლილი ან შეძენილი პათოლოგიები და სხვა.
იდიოპათიური ანუ გაურკვეველი გენეზის ფაქტორი - ყველაზე ფართოდ გვხვდება სხვა მიზეზებს შორის და შემთხვევათა 40-50%-ს შეადგენს. ამ შემთხვევაში, გარდა სპერმოგრამისა, სხვა სისტემებში დარღვევა პრაქტიკულად არ არსებობს.
გენეტიკური ფაქტორი - მამაკაცისმიერი უნაყოფობის გამომწვევი მიზეზების შემთხვევაში 20-30-%-ში გვხვდება, იგი გულისხმობს ქრომოსომულ დარღვევას (რაოდენობრივი, სტრუქტურული), მონოგენური დაავადებების (ცისტური ფობროზი) არსებობას, მიტოქონდრიულ მუტაციებს, გენეტიკურად განპირობებულ ენდოკრინულ დარღვევებს.
ენდოკრინული ფაქტორი - მნიშვნელოვანი მიზეზია სხვა ფაქტორებს შორის, გვხდება 25-30%-ში. ენდოკრინული დარღვევებიდან ხშირია - ჰიპერპოლაქტინემია, ჰიპო/ჰიპერთირეოზი, ინსულინრეზისტენტობა ასოცირებული ჭარბ წონასთან/სიმსუქნესთან და სხვა.
ვარიკოცელე- ზოგად პოპულაციაში გვხვდება მამაკაცთა 15-16%-ში, ხოლო უნაყოფო მამაკაცების 30-35%-ში. უნაყოფობის შემთხვევაში ვარიკოცელეს მკურნალობის სტრატეგია (მედიკამენტური, ქირურგიული) დამოკიდებულია მის ხარისხზე და პაციენტის ჩივილებზე (ტკივილი, დისკომფორტი სათესლე ჯირკვლების პროექციაზე). მსუბუქი ხარისხის და/ან ასიმპტომური ვარიკოცელე არ საჭიროებს მკურნალობას.
სხვა მიზეზებს შორის მნიშვნელოვანია - ჭარბი ალკოჰოლის, თამბაქოს, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, ფიზიკური/სპორტული ზედატვირთვა, დღე-ღამური ბიორიტმის (ძილ-ღვიძილის საათები) დარღვევა, ანამნეზში ჩატარებული ქიმიოთერაპია და სხვა.
- რა კვლევებია საჭირო მამაკაცის შემთხვევაში?
- პირველი რიგის კვლევა გახლავთ სპერმოგრამა (სპერმოგრამა - ეაკულატის (სათესლე სითხის) გამოკვლევაა), რომლის ჩატარებას, მიღებული შედეგის სწორად შეფასებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ბოლო რეკომენდაციის მიხედვით, ნორმალური სპერმოგრამის პარამეტრებია:
- საჭიროა თუ არა ანალიზისთვის სპეციალური მომზადება?
- დიახ, საჭიროა სპეციალური მომზადება. ამ შემთხვევაში მამაკაცმა სქესობრივი ცხოვრებისა და მასტურბაციისგან <2 და >5 დღის განმავლობაში თავი უნდა შეიკავოს. ამ პერიოდში რეკომენდებულია შეიზღუდოს ჭარბი ალკოჰოლი, სპეციფიკური მედიკამენტები.
სპერმოგრამის შედეგის მიხედვით განისაზღვრება სხვა დამატებითი კვლევების საჭიროება, როგორებიცაა: სათესლე ჯირკვლების ულტრასონოგრაფია, ჰორმონული ანალიზები, კარიოტიპირება, შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები და სხვა.
- შესაძლებელია თუ არა მკურნალობა და რამდენად ეფექტურია?
- მკურნალობის მენეჯმენტი (მედიკამენტური, ქირურგიული) დამოკიდებულია უნაყოფობის გამომწვევ მიზეზებზე, ამდენად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის სწორ და დროულ დიაგნოსტიკას. ხშირად მსუბუქი დარღვევების დროული გასწორების შემდეგ, მოკლე დროში, წყვილი ბუნებრივი გზით იღებს ორსულობას. საჭიროების შემთხვევაში მოწოდებულია ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF/ICSI), როდესაც სახეზეა: საშუალო ან მძიმე დარღევა სპერმოგრამაში, ობსტრუქციული ან არაობსტრუქციული აზოოსპერმია, ანამნეზი წარუმატებელი მედიკამენტური თერაპია, წარუმატებელი საშვილოსნოსშიდა ინსემინაციები და სხვა.
დღეისათვის, რეპროდუქტოლოგიის განვითარებამ პრაქტიკულად გადაწყვიტა წყვილის უნაყოფობის პრობლემა. თითქმის არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობები, მათ შორის მამაკაცთა უნაყოფობის თვალსაზრისით. მძიმე დარღვევების არსებობისას ინ ვიტრო (IVF/ICSI) განაყოფიერების ტექნოლოგიის გზით შესაძლებელია წყვილმა იყოლიოს საკუთრი გენეტიკური შვილი.
პროგნოზი განისაზღვრება რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით, მათ შორის წამყვანია:
სპერმოგრამის დარღვევის ტიპი (მსუბუქი, საშუალო, მძიმე); უნაყოფობის ხანგრძლივობა); უნაყოფობის ტიპი (პირველადი, მეორადი); პარტნიორის (ქალი) ასაკი, მისი ფერტილიზაციის სტატუსი.
ექიმის მიერ პროგნოზის სწორად განსაზღვრას დიდი მნიშვნელობა ენიჭება წყვილის წარმატებაში.
ამჟამად მამაკაცის უნაყოფობის ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს გამოსავალი, მაშინაც კი, როდესაც საქმე გვაქვს აზოოსპერმიასთან (ობსტრუქციული (ეაკულატში სპერმატოზოიდები არ არსებობა). დამხმარე ქირურგიული ტექნოლოგიის გზით შესაძლებელია სათესლე ჯირკვლებიდან ან მისი დანამატიდან სპერმატოზოიდების ან მისი წარმომქმნელი უჯრედების აღება და გამოყენება, ინ ვიტრო განაყოფიერებითვის (IVF/ICSI). არაობსტრუქციული აზოოსპერმიის შემთხვევაში რეკომენდებულია სპერმ-დონაცია და ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF/ICSI).
მამაკაცის უნაყოფობის შემთხვევაში ასევე კეთდება საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია (საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია გულისხმობს ქალის საშვილოსნოში სპერმის ხელოვნურად შეყვანას), თუ არის შემდეგი ჩვენება:
გაურკვეველი გენეზის უნაყოფობა;
მსუბუქი დარღვევა სპერმოგრამაში;
გაიშვიათებული სქესობრივი კავშირი;
პოტენციის დაქვეითება.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
,,ხშირად მოჰყავთ ბავშვი, რომელსაც აქვს მაღალი ტემპერატურა, გაწითლებულია სახეზე და აცვია უამრავი ტანსაცმელი - ეს ორგანიზმის გადახურების რისკს ზრდის და შესაძლოა, სითბური დაკვრა მიიღოს ბავშვმა''
მითები სეზონურ გაციებასა და მისი მკურნალობის მეთოდების შესახებ - აღნიშნულ საკითხზე „დილა მშვიდობისა საქართველოს“ პირდაპირ ეთერში პედიატრმა ანა მაღრაძემ ისაუბრა.
მითი N1 - თბილად ჩაცმა ბავშვს იცავს გაციებისგან
„ზედმეტად თბილად ჩაცმა არ გვიცავს გაციებისგან. პირველ რიგში, იწვევს ორგანიზმის გადახურებას, შემდეგ ამას მოჰყვება ორთქლის გამოყოფა, რასაც თან ახლავს კანის გაგრილება, შესაბამისად, შესაძლოა, თბილად ჩაცმით ხელი შევუწყოთ ბავშვის გაციებას“.
მითი N2 - გაციებული ბავშვის გარეთ გაყვანა არ შეიძლება
„პირიქით, ჩვენ პაციენტებს ვეუბნებით, რომ თუ ამინდი შესაბამისია და ბავშვს არ აქვს მაღალი ტემპერატურა, მაქსიმალურად ხშირად გაიყვანონ გარეთ.''
მითი N3 - გაციებული ბავშვის დაბანა არ შეიძლება
„გაციებული ბავშვის დაბანა აუცილებელია“.
მითი N4 - სიცივის დროს ფეხზე თბილად ჩაცმა აუცილებელია
„ფეხზე თბილად ჩაცმა საერთოდ არ არის აუცილებელი, განსაკუთრებით ავადობის პერიოდში. ხშირად მოჰყავთ ბავშვი, რომელსაც აქვს მაღალი ტემპერატურა, გაწითლებულია სახეზე და აცვია უამრავი ტანსაცმელი - ეს ორგანიზმის გადახურების რისკს ზრდის და შესაძლოა, სითბური დაკვრა მიიღოს ბავშვმა“.
მითი N5 - აბაზანის მიღების შემდეგ ბავშვის გარეთ გაყვანა არ შეიძლება
„ბავშვი, თუ ახალი გამოსულია თბილი აბაზანიდან, მაშინვე მისი გარეთ გაყვანა არ არის რეკომენდებული, ვინაიდან შეიძლება გაიზარდოს რისკი, რომ განვითარდეს რომელიმე ინფექცია. თუმცა, როცა სხეულის ტემპერატურა შეეგუება გაგრილებას, მაშინ უკვე შეგვიძლია გავიყვანოთ, დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ“.
მითი N6 - სიცხიანი ბავშვის გარეთ გაყვანა არ შეიძლება
„ზოგადად, ცხელება არის ორგანიზმის რეაქცია გარკვეულ გამღიზიანებელზე და შესაბამისად, ამას ყველა ინდივიდი აღიქვამს ინდივიდუალურად. შეიძლება ბავშვი 37.5 გრადუსზე ძალიან ცუდად გრძნობდეს თავს და შესაძლოა, სხვა ბავშვი 38 გრადუსზეც კი ძალიან აქტიური იყოს. აქედან გამომდინარე, თუ ბავშვი აქტიური და ენერგიულია, შეგვიძლია გავაგრილოთ, გავიყვანოთ გარეთ.
მითი N7 - 40 დღემდე ბავშვის ზამთარში გარეთ გაყვანა არ შეიძლება
„ესეც არასწორია. ახალშობილობის ასაკიდან ვიწყებთ სუფთა ჰაერზე სეირნობას,სეზონს მნიშვნელობა არ აქვს. გაყვანას ვიწყებთ გარკვეული დროით და ადაპტირების ხარჯზე ვზრდით დროის მონაკვეთს. თუ ზაფხულში გაგვყავს 3-4 საათით, ზამთარში ეს ვერ იქნება 3-4 საათი, ვინაიდან ბავშვი თვითონვე შეწუხდება, თუმცა, შეგვიძლია დავყოთ და ეტაპობრივად გავიყვანოთ დღის მანძილზე“
მითი N8 - ბავშვისთვის შარფის გამოყენება არ შეიძლება
„ზოგადად, შარფების გამოყენების რეკომენდაციას არ ვიძლევით. არ ვამბობ, რომ აკრძალულია, თუმცა რეკომენდაციას არ გავცემთ, რადგან შარფი ფარავს მთლიანად სახეს, ცხვირ-ხახიდან გამოსული თბილი ჰაერი ხვდება გარემოს ცივ ჰაერს და ხდება კონდენსირება, სველდება შარფი, რის შედეგადაც ბავშვს უწევს ცივი და ტენიანი ჰაერის სუნთქვა. მოგეხსენებათ, ბავშვები ჩვენზე ბევრად აქტიურები არიან, ფიზიკური აქტივობის დროს სუნთქვა ხშირდება და გახშირებული სუნთქვის ხარჯზე ცივი ჰაერის შესუნთქვა შეიძლება ავადობის მიზეზი გახდეს“.
მითი N9 - შარვლის შიგნით ე.წ რეიტუზი აუცილებლად უნდა ჩავაცვათ
„განსაკუთრებით თბილისში, სადაც ისეთი დაბალი ტემპერატურა არასდროსაა, რომ ბავშვს თბილი შარვლის შიგნით ე.წ. რეიტუზი, წინდა და ზემოდან კიდევ კომბინიზონი უნდა ჩავაცვათ - ეს არის მითი“.
„სუფთა ჰაერზე ყოფნა პატარებს ეხმარება ყველაფერთან გამკლავებაში. წესრიგდება ძილი, იმატებს მადა, შედარებით მშვიდები არიან“.
მითი N11 - ბავშვი, რომელიც მიჩვეულია გასეირნებას, გაცილებით იშვიათად ცივდება
„აქ შემიძლია დავეთანხმო, ვინაიდან სუფთა ჰაერზე სეირნობა ჯანმრთელობის წინაპირობაა. როგორც უკვე ვთქვით, ბავშვები თავიდანვე უნდა მივაჩვიოთ სუფთა ჰაერზე დიდი დროით ყოფნას და ეს არის აუცილებელი“.
მითი N12 - მაღალი სიცხისა და ვირუსის დროს, სახლში ფანჯრები არ უნდა გავაღოთ
„სახლის განიავება აუცილებელია. არ შეიძლება, რომ მუდმივად ჩაკეტილ ოთახში იყოს ბავშვი და საჭიროა 3-4-ჯერ მაინც განიავდეს სივრცე“.