„მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული უნაყოფობა თავისი პროცენტული მაჩვენებლით თითქმის უტოლდება ქალისმიერი ფაქტორით გამოწვეულ უნაყოფობას და საშუალოდ 40%-ს შეადგენს“
როდის ვსაუბრობთ მამაკაცისმიერი ფაქტორით გამოწვეულ უნაყოფობაზე, რა არის მიზეზები და ექვემდებარება თუ არა მკურნალობას? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს, საერთაშორისო რეკომენდაციებზე დაყრდნობით ესაუბრა რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი, თსუ-ის დოქტორანტი, ლელა ირემაძე.
- უნაყოფობის გამომწვევ მიზეზებს შორის, მამაკაცის ფაქტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წამყვანი გახლავთ, უფრო მეტიც, თავისი პროცენტული მაჩვენებლით თითქმის უტოლდება ქალისმიერი ფაქტორით გამოწვეულ უნაყოფობას და საშუალოდ 40%-ს შეადგენს.
დღეისათვის, მსოფლიოში ყოველი მე-7 რეპროდუქციული წყვილი უნაყოფოა, 2-3 წლის წინ ეს მაჩვენებელი 10-დან 1-ს შეადგენდა. აღნიშნული მიუთიუთებს პროცესის ზრდაზე. ხეშლემწყობ მიზეზებს შორის, მძიმე ეკოლოგიური ვითარება და არახელსაყრელი სოციალური ფაქტორები მოიაზრება. ამ მხრივ, ჩვენი ქვეყანაც არ არის გამონაკლისი.
- ძირითადად რა არის მამაკაცის უშვილობის მიზეზი?
- მამაკაცის უნაყოფობა არის მამაკაცის მიზეზით ქალის დაორსულების შეუძლებლობა. გამომწვევი მიზეზი მრავალია, მათ შორის წამყვანი გახლავთ:
იდიოპათიური;
გენეტიკური;
ენდოკრინული;
ვარიკოცელე;
იმუნოლოგიური;
შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები;
შარდ-სასქესო ორგანოების თანდაყოლილი ან შეძენილი პათოლოგიები და სხვა.
იდიოპათიური ანუ გაურკვეველი გენეზის ფაქტორი - ყველაზე ფართოდ გვხვდება სხვა მიზეზებს შორის და შემთხვევათა 40-50%-ს შეადგენს. ამ შემთხვევაში, გარდა სპერმოგრამისა, სხვა სისტემებში დარღვევა პრაქტიკულად არ არსებობს.
გენეტიკური ფაქტორი - მამაკაცისმიერი უნაყოფობის გამომწვევი მიზეზების შემთხვევაში 20-30-%-ში გვხვდება, იგი გულისხმობს ქრომოსომულ დარღვევას (რაოდენობრივი, სტრუქტურული), მონოგენური დაავადებების (ცისტური ფობროზი) არსებობას, მიტოქონდრიულ მუტაციებს, გენეტიკურად განპირობებულ ენდოკრინულ დარღვევებს.
ენდოკრინული ფაქტორი - მნიშვნელოვანი მიზეზია სხვა ფაქტორებს შორის, გვხდება 25-30%-ში. ენდოკრინული დარღვევებიდან ხშირია - ჰიპერპოლაქტინემია, ჰიპო/ჰიპერთირეოზი, ინსულინრეზისტენტობა ასოცირებული ჭარბ წონასთან/სიმსუქნესთან და სხვა.
ვარიკოცელე- ზოგად პოპულაციაში გვხვდება მამაკაცთა 15-16%-ში, ხოლო უნაყოფო მამაკაცების 30-35%-ში. უნაყოფობის შემთხვევაში ვარიკოცელეს მკურნალობის სტრატეგია (მედიკამენტური, ქირურგიული) დამოკიდებულია მის ხარისხზე და პაციენტის ჩივილებზე (ტკივილი, დისკომფორტი სათესლე ჯირკვლების პროექციაზე). მსუბუქი ხარისხის და/ან ასიმპტომური ვარიკოცელე არ საჭიროებს მკურნალობას.
სხვა მიზეზებს შორის მნიშვნელოვანია - ჭარბი ალკოჰოლის, თამბაქოს, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, ფიზიკური/სპორტული ზედატვირთვა, დღე-ღამური ბიორიტმის (ძილ-ღვიძილის საათები) დარღვევა, ანამნეზში ჩატარებული ქიმიოთერაპია და სხვა.
- რა კვლევებია საჭირო მამაკაცის შემთხვევაში?
- პირველი რიგის კვლევა გახლავთ სპერმოგრამა (სპერმოგრამა - ეაკულატის (სათესლე სითხის) გამოკვლევაა), რომლის ჩატარებას, მიღებული შედეგის სწორად შეფასებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ბოლო რეკომენდაციის მიხედვით, ნორმალური სპერმოგრამის პარამეტრებია:
- საჭიროა თუ არა ანალიზისთვის სპეციალური მომზადება?
- დიახ, საჭიროა სპეციალური მომზადება. ამ შემთხვევაში მამაკაცმა სქესობრივი ცხოვრებისა და მასტურბაციისგან <2 და >5 დღის განმავლობაში თავი უნდა შეიკავოს. ამ პერიოდში რეკომენდებულია შეიზღუდოს ჭარბი ალკოჰოლი, სპეციფიკური მედიკამენტები.
სპერმოგრამის შედეგის მიხედვით განისაზღვრება სხვა დამატებითი კვლევების საჭიროება, როგორებიცაა: სათესლე ჯირკვლების ულტრასონოგრაფია, ჰორმონული ანალიზები, კარიოტიპირება, შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები და სხვა.
- შესაძლებელია თუ არა მკურნალობა და რამდენად ეფექტურია?
- მკურნალობის მენეჯმენტი (მედიკამენტური, ქირურგიული) დამოკიდებულია უნაყოფობის გამომწვევ მიზეზებზე, ამდენად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის სწორ და დროულ დიაგნოსტიკას. ხშირად მსუბუქი დარღვევების დროული გასწორების შემდეგ, მოკლე დროში, წყვილი ბუნებრივი გზით იღებს ორსულობას. საჭიროების შემთხვევაში მოწოდებულია ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF/ICSI), როდესაც სახეზეა: საშუალო ან მძიმე დარღევა სპერმოგრამაში, ობსტრუქციული ან არაობსტრუქციული აზოოსპერმია, ანამნეზი წარუმატებელი მედიკამენტური თერაპია, წარუმატებელი საშვილოსნოსშიდა ინსემინაციები და სხვა.
დღეისათვის, რეპროდუქტოლოგიის განვითარებამ პრაქტიკულად გადაწყვიტა წყვილის უნაყოფობის პრობლემა. თითქმის არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობები, მათ შორის მამაკაცთა უნაყოფობის თვალსაზრისით. მძიმე დარღვევების არსებობისას ინ ვიტრო (IVF/ICSI) განაყოფიერების ტექნოლოგიის გზით შესაძლებელია წყვილმა იყოლიოს საკუთრი გენეტიკური შვილი.
პროგნოზი განისაზღვრება რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით, მათ შორის წამყვანია:
სპერმოგრამის დარღვევის ტიპი (მსუბუქი, საშუალო, მძიმე); უნაყოფობის ხანგრძლივობა); უნაყოფობის ტიპი (პირველადი, მეორადი); პარტნიორის (ქალი) ასაკი, მისი ფერტილიზაციის სტატუსი.
ექიმის მიერ პროგნოზის სწორად განსაზღვრას დიდი მნიშვნელობა ენიჭება წყვილის წარმატებაში.
ამჟამად მამაკაცის უნაყოფობის ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს გამოსავალი, მაშინაც კი, როდესაც საქმე გვაქვს აზოოსპერმიასთან (ობსტრუქციული (ეაკულატში სპერმატოზოიდები არ არსებობა). დამხმარე ქირურგიული ტექნოლოგიის გზით შესაძლებელია სათესლე ჯირკვლებიდან ან მისი დანამატიდან სპერმატოზოიდების ან მისი წარმომქმნელი უჯრედების აღება და გამოყენება, ინ ვიტრო განაყოფიერებითვის (IVF/ICSI). არაობსტრუქციული აზოოსპერმიის შემთხვევაში რეკომენდებულია სპერმ-დონაცია და ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF/ICSI).
მამაკაცის უნაყოფობის შემთხვევაში ასევე კეთდება საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია (საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია გულისხმობს ქალის საშვილოსნოში სპერმის ხელოვნურად შეყვანას), თუ არის შემდეგი ჩვენება:
გაურკვეველი გენეზის უნაყოფობა;
მსუბუქი დარღვევა სპერმოგრამაში;
გაიშვიათებული სქესობრივი კავშირი;
პოტენციის დაქვეითება.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„როდესაც ბავშვს ვეკითხებით: „დღეს ჭამე რამე? რა ჭამე?“ ურთიერთობები ხდება ჭამაზე ორიენტირებული,“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა
ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ნაშუადღევს“კვებითი ჩვევების ჩამოყალიბების შესახებ საუბრობს და იმ მიზეზებს ასახელებს, რომლებიც სიმსუქნეს იწვევს:
„კვება არის ერთ-ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქცევა ადამიანისთვის, იმიტომ, რომ კვების გარეშე ის ვერ იცოცხლებს. იმით, თუ როგორ იკვებება ადამიანი, შეიძლება მისი ხასიათის დიაგნოსტირება. სიმსუქნეს აქვს თავისი ფსიქოლოგიური მიზეზები. ყველაფერი ბავშვობიდან იწყება. არის კვლევები, რომლის მიხედვითაც მარტოხელა დედების გაზრდილი ბავშვები უფრო მიდრეკილები არიან სიმსუქნისკენ. რატომ არის ასე? ამ შემთხვევაში ბავშვისთვის კვება ხდება კომპენსატორული მექანიზმი იმისი, რაც მას აკლია. როდესაც ერთი მშობელი ზრდის ბავშვს, უსაფრთხოება არის დარღვეული. კვებით იმ უსაფრთხოების კომპენსირება იწყება.“
მარინა კაჭარავას თქმით, მშობლები კვებას ხშირად ბავშვის წასახალისებლად იყენებენ:
„კვებით ხდება წახალისება, კანფეტის მიცემით ხდება წახალისება ადამიანის ამა თუ იმ ქცევის დროს. შესაძლებელია, ეს წახალისება მისთვის სტრატეგია გახდეს. ღამე კვების სინდრომიც არსებობს, რომელიც არის გამკლავების მექანიზმი სტრესის დროს. რას ნიშნავს ეს? მე როდესაც მიჭირს, მივდივარ მაცივართან და ვიწყებ ჭამას, გადავდივარ საცხოვრებლად მაცივართან. რატომ ხდება ეს? შესაძლებელია იმიტომ, რომ რამდენჯერაც ბავშვობაში ვტიროდი, იმდენჯერ მაჭმევდნენ. ბავშვი ემოციას უმეტესად ტირილით გამოხატავს და მშობელს ჰგონია, რომ უნდა ჭამოს ამ დროს. ჩვენი მშობლების კითხვა, რომელიც მეც ხშირად დამისვამს ჩემი შვილებისთვის, არის: „რა ჭამე დღეს?“ ეს არის არასწორი კითხვა. სკოლიდან რომ მოდის ბავშვი და ვეკითხებით რა ჭამა, აქცენტი არ არის, როგორ იყო, რა გაუხარდა, რა ეწყინა. ჭამა ხდება ფოკუსირებული, მთავარი ფიგურა ხდება ურთიერთობაში. როდესაც ბავშვს ვეკითხებით: „დღეს ჭამე რამე? რა ჭამე?“ ურთიერთობები ხდება ჭამაზე ორიენტირებული.“
მარინა კაჭარავა აღნიშნავს, რომ მკაცრი დიეტები და ზედმეტი შეზღუდვები ადამიანის ფსიქიკაზე ნეგატიურად აისახება:
„ადამიანმა არ უნდა მოიკლოს დოზირებულად ის სიამოვნება, რაც არის კვება. დიეტას რაც შეეხება, მე თუ ჩემი თავი წიხლქვეშ გავიგდე და ყველა იმ სიამოვნებაზე უარი ვთქვი, რაც კვებიდან შემიძლია მივიღო, მე აუცილებლად გადავვარდები მეორე უკიდურესობაში. დიდმა თავშეკავებამ მერე იცის ძალიან დიდი აშვება.“
„ჩვენ შვილების აღზრდის დროს, ჩვენი კომპლექსების და ბავშვობის ტრავმების გამო, გვინდა ისინი ავარიდოთ რაღაცას. მე რაც არ გამომივიდა, ის მინდა, რომ ჩემს შვილს გამოვუყვანო. ჩემს შვილს ეს არ უნდა, მე მინდოდა და არ გამომივიდა. არ ვითვალისწინებ მის პიროვნებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. შეიძლება აუხსნა ადამიანს, რომ საღამოს კვება რაღაცას იწვევს და მან მერე გააკეთოს არჩევანი. ადამიანმა რეალობა უნდა მიიღოს ისეთი, როგორიც არის. ეს წონა აქვს, ამაზე უკეთესიც არის და უარესიც. გახდომა თუ მინდა, რისთვის მინდა და თუ წაადგება ჩემს ჯანმრთელობას გახდომა? უნდა გვქონდეს კვებისადმი სადა დამოკიდებულება. ეს არ არის არც მთავარი და არც უმნიშვნელო ცხოვრებაში. ეს არის ის, რაც არის საჭირო, აუცილებელი, მაგრამ არ არის მთავარი,“ - აცხადებს მარინა კაჭარავა.