„მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული უნაყოფობა თავისი პროცენტული მაჩვენებლით თითქმის უტოლდება ქალისმიერი ფაქტორით გამოწვეულ უნაყოფობას და საშუალოდ 40%-ს შეადგენს“
როდის ვსაუბრობთ მამაკაცისმიერი ფაქტორით გამოწვეულ უნაყოფობაზე, რა არის მიზეზები და ექვემდებარება თუ არა მკურნალობას? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს, საერთაშორისო რეკომენდაციებზე დაყრდნობით ესაუბრა რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი, თსუ-ის დოქტორანტი, ლელა ირემაძე.
- უნაყოფობის გამომწვევ მიზეზებს შორის, მამაკაცის ფაქტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წამყვანი გახლავთ, უფრო მეტიც, თავისი პროცენტული მაჩვენებლით თითქმის უტოლდება ქალისმიერი ფაქტორით გამოწვეულ უნაყოფობას და საშუალოდ 40%-ს შეადგენს.
დღეისათვის, მსოფლიოში ყოველი მე-7 რეპროდუქციული წყვილი უნაყოფოა, 2-3 წლის წინ ეს მაჩვენებელი 10-დან 1-ს შეადგენდა. აღნიშნული მიუთიუთებს პროცესის ზრდაზე. ხეშლემწყობ მიზეზებს შორის, მძიმე ეკოლოგიური ვითარება და არახელსაყრელი სოციალური ფაქტორები მოიაზრება. ამ მხრივ, ჩვენი ქვეყანაც არ არის გამონაკლისი.
- ძირითადად რა არის მამაკაცის უშვილობის მიზეზი?
- მამაკაცის უნაყოფობა არის მამაკაცის მიზეზით ქალის დაორსულების შეუძლებლობა. გამომწვევი მიზეზი მრავალია, მათ შორის წამყვანი გახლავთ:
იდიოპათიური;
გენეტიკური;
ენდოკრინული;
ვარიკოცელე;
იმუნოლოგიური;
შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები;
შარდ-სასქესო ორგანოების თანდაყოლილი ან შეძენილი პათოლოგიები და სხვა.
იდიოპათიური ანუ გაურკვეველი გენეზის ფაქტორი - ყველაზე ფართოდ გვხვდება სხვა მიზეზებს შორის და შემთხვევათა 40-50%-ს შეადგენს. ამ შემთხვევაში, გარდა სპერმოგრამისა, სხვა სისტემებში დარღვევა პრაქტიკულად არ არსებობს.
გენეტიკური ფაქტორი - მამაკაცისმიერი უნაყოფობის გამომწვევი მიზეზების შემთხვევაში 20-30-%-ში გვხვდება, იგი გულისხმობს ქრომოსომულ დარღვევას (რაოდენობრივი, სტრუქტურული), მონოგენური დაავადებების (ცისტური ფობროზი) არსებობას, მიტოქონდრიულ მუტაციებს, გენეტიკურად განპირობებულ ენდოკრინულ დარღვევებს.
ენდოკრინული ფაქტორი - მნიშვნელოვანი მიზეზია სხვა ფაქტორებს შორის, გვხდება 25-30%-ში. ენდოკრინული დარღვევებიდან ხშირია - ჰიპერპოლაქტინემია, ჰიპო/ჰიპერთირეოზი, ინსულინრეზისტენტობა ასოცირებული ჭარბ წონასთან/სიმსუქნესთან და სხვა.
ვარიკოცელე- ზოგად პოპულაციაში გვხვდება მამაკაცთა 15-16%-ში, ხოლო უნაყოფო მამაკაცების 30-35%-ში. უნაყოფობის შემთხვევაში ვარიკოცელეს მკურნალობის სტრატეგია (მედიკამენტური, ქირურგიული) დამოკიდებულია მის ხარისხზე და პაციენტის ჩივილებზე (ტკივილი, დისკომფორტი სათესლე ჯირკვლების პროექციაზე). მსუბუქი ხარისხის და/ან ასიმპტომური ვარიკოცელე არ საჭიროებს მკურნალობას.
სხვა მიზეზებს შორის მნიშვნელოვანია - ჭარბი ალკოჰოლის, თამბაქოს, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, ფიზიკური/სპორტული ზედატვირთვა, დღე-ღამური ბიორიტმის (ძილ-ღვიძილის საათები) დარღვევა, ანამნეზში ჩატარებული ქიმიოთერაპია და სხვა.
- რა კვლევებია საჭირო მამაკაცის შემთხვევაში?
- პირველი რიგის კვლევა გახლავთ სპერმოგრამა (სპერმოგრამა - ეაკულატის (სათესლე სითხის) გამოკვლევაა), რომლის ჩატარებას, მიღებული შედეგის სწორად შეფასებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ბოლო რეკომენდაციის მიხედვით, ნორმალური სპერმოგრამის პარამეტრებია:
- საჭიროა თუ არა ანალიზისთვის სპეციალური მომზადება?
- დიახ, საჭიროა სპეციალური მომზადება. ამ შემთხვევაში მამაკაცმა სქესობრივი ცხოვრებისა და მასტურბაციისგან <2 და >5 დღის განმავლობაში თავი უნდა შეიკავოს. ამ პერიოდში რეკომენდებულია შეიზღუდოს ჭარბი ალკოჰოლი, სპეციფიკური მედიკამენტები.
სპერმოგრამის შედეგის მიხედვით განისაზღვრება სხვა დამატებითი კვლევების საჭიროება, როგორებიცაა: სათესლე ჯირკვლების ულტრასონოგრაფია, ჰორმონული ანალიზები, კარიოტიპირება, შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები და სხვა.
- შესაძლებელია თუ არა მკურნალობა და რამდენად ეფექტურია?
- მკურნალობის მენეჯმენტი (მედიკამენტური, ქირურგიული) დამოკიდებულია უნაყოფობის გამომწვევ მიზეზებზე, ამდენად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის სწორ და დროულ დიაგნოსტიკას. ხშირად მსუბუქი დარღვევების დროული გასწორების შემდეგ, მოკლე დროში, წყვილი ბუნებრივი გზით იღებს ორსულობას. საჭიროების შემთხვევაში მოწოდებულია ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF/ICSI), როდესაც სახეზეა: საშუალო ან მძიმე დარღევა სპერმოგრამაში, ობსტრუქციული ან არაობსტრუქციული აზოოსპერმია, ანამნეზი წარუმატებელი მედიკამენტური თერაპია, წარუმატებელი საშვილოსნოსშიდა ინსემინაციები და სხვა.
დღეისათვის, რეპროდუქტოლოგიის განვითარებამ პრაქტიკულად გადაწყვიტა წყვილის უნაყოფობის პრობლემა. თითქმის არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობები, მათ შორის მამაკაცთა უნაყოფობის თვალსაზრისით. მძიმე დარღვევების არსებობისას ინ ვიტრო (IVF/ICSI) განაყოფიერების ტექნოლოგიის გზით შესაძლებელია წყვილმა იყოლიოს საკუთრი გენეტიკური შვილი.
პროგნოზი განისაზღვრება რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით, მათ შორის წამყვანია:
სპერმოგრამის დარღვევის ტიპი (მსუბუქი, საშუალო, მძიმე); უნაყოფობის ხანგრძლივობა); უნაყოფობის ტიპი (პირველადი, მეორადი); პარტნიორის (ქალი) ასაკი, მისი ფერტილიზაციის სტატუსი.
ექიმის მიერ პროგნოზის სწორად განსაზღვრას დიდი მნიშვნელობა ენიჭება წყვილის წარმატებაში.
ამჟამად მამაკაცის უნაყოფობის ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს გამოსავალი, მაშინაც კი, როდესაც საქმე გვაქვს აზოოსპერმიასთან (ობსტრუქციული (ეაკულატში სპერმატოზოიდები არ არსებობა). დამხმარე ქირურგიული ტექნოლოგიის გზით შესაძლებელია სათესლე ჯირკვლებიდან ან მისი დანამატიდან სპერმატოზოიდების ან მისი წარმომქმნელი უჯრედების აღება და გამოყენება, ინ ვიტრო განაყოფიერებითვის (IVF/ICSI). არაობსტრუქციული აზოოსპერმიის შემთხვევაში რეკომენდებულია სპერმ-დონაცია და ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF/ICSI).
მამაკაცის უნაყოფობის შემთხვევაში ასევე კეთდება საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია (საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია გულისხმობს ქალის საშვილოსნოში სპერმის ხელოვნურად შეყვანას), თუ არის შემდეგი ჩვენება:
გაურკვეველი გენეზის უნაყოფობა;
მსუბუქი დარღვევა სპერმოგრამაში;
გაიშვიათებული სქესობრივი კავშირი;
პოტენციის დაქვეითება.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
დანამატის სახით D ვიტამინის მიღება არის ორგანიზმში ტოქსიკოზის (მოწამვლა) ხშირი მიზეზი
D ვიტამინით გამოწვეული ტოქსიკურობა და ჰიპერკალცემია, - ამ თემაზე ექიმი ზაზა თელია სოციალურ ქსელში წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
„ბოლო წლებია ძალზედ პოპულარული გახდა D ვიტამინის დანამატის სახით მიღება. ფაქტობრივად ყველას უნიშნავენ და ამ პრობლემას არამარტო საქართველოში შევხვდებით.
დანამატის სახით D ვიტამინის მიღება არის ორგანიზმში ტოქსიკოზის (მოწამვლა) ხშირი მიზეზი:
ტოქსიკოზი ვითარდება, როდესაც ადამიანი მოიხმარს დიდი რაოდენობით D ვიტამინს, როგორც წესი, დანამატის სახით
D ვიტამინით გამოწვეული ტოქსიკურობის სიმპტომებია - გულისრევა, ღებინება, სისუსტე და ძვლების ტკივილი
ტოქსიკურობა, როგორც წესი, ვითარდება მაშინ, როდესაც ადამიანი მოიხმარს D ვიტამინს მაღალი დოზით ხანგრძლივი დროის განმავლობაში, თუმცა ტოქსიკურობა შესაძლებელია განვითარდეს დაბალი დოზების შემთხვევაშიც
D ვიტამინი არის ელემენტი, რომელიც ეხმარება ორგანიზმს შეითვისოს და კონტროლირება გაუწიოს Ca (კალციუმი) სისხლში. ამიტომ, როდესაც ადამიანს აქვს დიდი რაოდენობით ცირკულაციური D ვიტამინი, ამან შესაძლებელია განაპირობოს სისხლში კალციუმის საშიში დონის მიღება, რასაც ჰიპერკალცემია ეწოდება.
სიმპტომები და დიაგნოზი
D ვიტამინით გამოწვეული სიმპტომები პირდაპირ დაკავშირებულია კალციუმის მომატებულ რაოდენობასთან სისხლში.
ეს სიმპტომებია - გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება, გახშირებული შარდვა, სისუსტე და ძვლის ტკივილი.
დროთა განმავლობაში კალციუმის დამატებითმა, მომატებულმა რაოდენობამ შესაძლებელია, განაპირობოს არტერიებში და რბილ ქსოვილებში კალციუმის ჩალაგება, დეპოს სახით, იმის მაგივრად, რომ ეს მოხდეს ძვლებში (რადგან ფიზიოლოგიურად ვეღარ ხდება ჭარბი რაოდენობით კალციუმის ჩალაგება ძვლებში - მარაგი უკვე შევსებულია).
საბოლოო ჯამში ზემოთ აღნიშნულმა შესაძლებელია, განაპირობოს თირკმელებში ქვების გაჩენა და გულის დაზიანება. ეს შესაძლებელია განვითარდეს ნელა, წლების განმავლობაში, ხოლო ტოქსიკურობის სიმპტომები მოკლე პერიოდში.
ჩატარებული მეტა-ანალიზითა და სისტემური მიმოხილვით ვერ იქნა ნანახი D ვიტამინის დანამატის სახით მიღების სარგებელი.
ხოლო იმ კვლევებში, რომლებმაც ეს ეფექტი გამოავლინეს, აღინიშნებოდა მაღალი ტენდენციურობა, მაღალი შეფასების სისტემური შეცდომა (high risk of bias), ხშირად ინტერესთა კონფლიქტი (conflict of interest) და რაც მთავარია - კვლევების ჰეტეროგენურობა (heterogeneity).
სამწუხაროდ, ხშირად თვითმკურნალობის საფუძველზე, მაგრამ ასევე ხშირად ექიმის დანიშნულებით, ხდება არასწორი დოზირება - D ვიტამინის, ზედოზირება.
ჩვენი ორგანიზმი D ვიტამინს იღებს ორი გზით - ულტრაიისფერი სხივებით (მზის სხივები) და კონკრეტული საკვების მიღებით.
არ არის რეკომენდებული მზეზე ყოფნა იმისათვის, რომ მოხდეს D ვიტამინის გამომუშავება. ამისათვის სრულიად საკმარისია - მაგალითად 15-20 წუთით დღეში მხოლოდ სახეზე მზის სხივების მოქმედება.
NIH-ის რეკომენდაციით უმეტეს ზრდასრულ ადამიანს სჭირდება დღეში 600 ერთეული (IU) D ვიტამინი.
70 წელს გადაცილებულ მოსახლეობას - 800 ერთეული (IU).
D ვიტამინის დანამატების ბუმი
2006-დან 2014 წლამდე ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც მოიხმარდნენ 4000 ერთეულ (IUs) D ვიტამინს დღიურად გაიზარდა 0.5%-დან 3%-მდე. ეს მაჩვენებლები 2014 წლის შემდეგ კიდევ უფრო იზრდება (2017 study in the Journal of American Medicine, which pulled data from 39,000 participants in the National Health and Nutrition Examination Survey).
ასევე ამ კვლევის მიხედვით, იმავე პერიოდში ადამიანების რაოდენობა, რომლებიც დღიურად მოიხმარდნენ 1000 ერთეულს (IUs) - გაიზარდა 1%-დან 18%-მდე.
აქედან გამომდინარე D ვიტამინით გამოწვეული ტოქსიურობის რისკები დროთა განმავლობაში იზრდება და შესაძლოა, საგანგაშოც გახდეს.
P.S „უფრო მეტი არ ნიშნავს უკეთეს თუ არ გინდა რომ თირკმელებში ქვები გაგიჩნდეს“.
ჯანსაღი და ბალანსირებული კვებით შესაძლებელია ყველა მაკრო და მიკროელემენტის დღიური რეკომენდებული რაოდენობის გარანტირებულად მიღება და ათვისება, ყოველგვარი დანამატის გარეშე.
D ვიტამინის კონტროლის და შემდეგ დანამატის სახით დანიშვნის ბუმი რომ არის ქვეყანაში, ეს ფაქტია.
ვერცერთმა რანდომიზირებულმა-კონტროლირებადმა კვლევამ (RCT) ვერ აჩვენა D ვიტამინის დეფიციტის ასოცირება ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემასთან და რეკომენდაცია, რომელიც გულისხმობს D ვიტამინის დანამატის სახით მიღებას, მისი დეფიციტის დროს დაფუძნებულია მოძველებულ RCT-ების ჩატარებამდე პერიოდზე“, - აღნიშნულია ექიმ ზაზა თელიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.