რა სიმპტომები გვაფიქრებინებს, რომ ძუძუს კიბოსთან გვაქვს საქმე და რა არის გამომწვევი მიზეზები? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ონკოქირურგი, მამოლოგი თამარ აბულაძე.
- რამდენად ხშირია ძუძუს კიბო ქალებში?
- ქალთა ონკოლოგიურ დაავადებათა შორის ძუძუს კიბო პირველ ადგილზეა, შემდეგ მოდის საშვილოსნოს ყელის და ტანის სიმსივნეები, ბოლო პერიოდში შეინიშნება ძუძუს კიბოს გაახალგაზრდავების ტენდენცია 35 და ზემოთ ასაკში.
- ძირითადად, რა არის გამოწვევი მიზეზები?
- რისკფაქტორების ჯგუფიდან აღსანიშნავია:
ადრეული მენარხე (მენსტრუალური ციკლის დაწყება);
გვიანი მენოპაუზა (კლიმაქსი);
ხშირი აბორტები, გენეტიკური განწყობა, განსაკუთრებით, პირველი ხაზის ქალბატონებში (დედა და დეიდა);
ენდოკრინული და დისჰორმონალური ცვლილებების მოშლა, ასაკოვან ქალბატონებში პოსტრავმული წარმონაქმნები.
ონკოლოგიური დაავადების რისკს ზრდის ჰორმონალური დისბალანსის შედეგად მიმდინარე პროცესები, რომელშიც ჩართულია მთელი ენდოკრინული სისტემა. ამ პროცესს მიეკუთნება მასტოპათია, განსაკუთრებით საყურადღებოა მისი კვანძოვანი ფორმა, სწრაფად მზარდი ფიბროადენომა (ფილოიდი), სქელკედლიანი კისტები, სადინარშიდა პაპილომა, რომელიც კლინიკურად მხოლოდ სისხლიანი, ან მუქი ყავისფერი გამონადენით ხასიათდება, ხშირია პოსტრავმული წარმონაქმნები, განსაკუთრებით ხანდაზმულ ქალბატონებში, იგი დაზიანებული ან დაჟეჟილი ქსოვილიდან ვითარდება იქ, სადაც იყო ეგრედწოდებული ჰემატომა. მისი ალაგების შემდეგ ხშირია კარგად პალპირებადი წარმონაქმნი.
- რა სიმპტომები გვაფიქრებინებს, რომ მკერდის კიბოსთან გვაქვს საქმე?
- საეჭვო ნიშნებს შორის აღსანიშნავია: ძუძუს ფორმის შეცვლა, კანის გასქელება (ლიმონის ქერქი), გასინჯვადი წარმონაქმნის არსებობა, გადიდებული იღლიის ლიმფური კვანძები, ძუძუს თავის დვრილის ჩაბრუნება, სისხლიანი გამონადენი.
- როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან და როდის მივმართოთ ექიმს?
- იმისათვის, რომ დროულად მოხდეს ძუძუს კიბოს პრევენცია, საჭიროა ქალბატონებმა დროულად ჩაიტარონ სკრინინგი და ნებისმიერი საეჭვო ნიშნის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართონ ექიმ მამოლოგს. გისურვებთ ჯანმრთელობას!
„ეს სამი წერტილი მიანიშნებს იმაზე, რომ ბავშვს ეწყება ხერხემლის გამრუდება,“ - რეაბილიტოლოგი დავით ბალხამიშვილი
რეაბილიტოლოგმა დავით ბალხამიშვილმა ხერხემლის პათოლოგიების გამომწვევი მიზეზების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული პათოლოგიების მიზეზი, შესაძლოა, ნაყოფის არასწორი განვითარებაც იყოს:
„ხერხემლის პათოლოგიების მიზეზი შეიძლება იყოს მუცლად ყოფნის პერიოდში ნაყოფის არასწორი განვითარება, შემდგომში ინფექციური დაავადებები, რომელიც შეიძლება ბავშვმა გადაიტანოს, თუ მან დააზიანა ძვალსახსროვანი სისტემა. შემდეგ მოდის უკვე პასიური ცხოვრების რეჟიმი, დიდხანს ჯდომა, ძლიერი ფიზიკური აქტივობა, მაგალითად, როდესაც სამშენებლო კომპანიაში მუშაობს ადამიანი."
დავით ბალხამიშვილმა სქოლიოზით გამოწვეული გართულებების შესახებაც ისაუბრა და ბავშვებში ხერხემლის გამრუდების გამომწვევი ძირითადი მიზეზებიც დაასახელა:
„ხერხემლის გამრუდება, იგივე სქოლიოზი, შემდგომში იწვევს ისეთ გართულებებს, როგორებიცაა: ოსტეოქონდროზი, ხერხემლის თიაქარი და ა.შ. ბავშვებში სქოლიოზის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ნაყოფის არასწორი ჩამოყალიბება. ასევე მოზარდობის პერიოდში, როდესაც ბავშვი პასიურია, იხრება, არასწორად ზის, სიმძიმეებს ატარებს, როდესაც კუნთოვანი სისტემა არ ვითარდება, ეს იწვევს სქოლიოზის განვითარებას.“
„ძალიან მარტივია, რომ მშობელმა ეს გააკონტროლოს. მშობელმა ფეხზე უნდა გახადოს ბავშვს, დააყენოს სწორად, გახადოს ზემოდან. ბავშვს შიშველ ტანზე ზურგიდან თუ შეხედავს, შეამჩნევს, რომ თუ გამრუდება მიდის, ერთი მხარე უფრო ქვემოთ არის ჩაწეული, ვიდრე მეორე. უკანა მხარეს ბეჭიც უფრო ჩაწეულია. მკერდსაც თუ შეხედავს, იმ მხარეს, რომელიც დაწეულია, მკერდიც დაწეულია. ეს სამი წერტილი მიანიშნებს იმაზე, რომ ბავშვს ეწყება ხერხემლის გამრუდება. ეს არის უკვე სიგნალი, რომ მიაკითხონ სპეციალისტს,“ - აღნიშნულ საკითხებზე დავით ბალხამიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.