რა სიმპტომები გვაფიქრებინებს, რომ ძუძუს კიბოსთან გვაქვს საქმე და რა არის გამომწვევი მიზეზები? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ონკოქირურგი, მამოლოგი თამარ აბულაძე.
- რამდენად ხშირია ძუძუს კიბო ქალებში?
- ქალთა ონკოლოგიურ დაავადებათა შორის ძუძუს კიბო პირველ ადგილზეა, შემდეგ მოდის საშვილოსნოს ყელის და ტანის სიმსივნეები, ბოლო პერიოდში შეინიშნება ძუძუს კიბოს გაახალგაზრდავების ტენდენცია 35 და ზემოთ ასაკში.
- ძირითადად, რა არის გამოწვევი მიზეზები?
- რისკფაქტორების ჯგუფიდან აღსანიშნავია:
ადრეული მენარხე (მენსტრუალური ციკლის დაწყება);
გვიანი მენოპაუზა (კლიმაქსი);
ხშირი აბორტები, გენეტიკური განწყობა, განსაკუთრებით, პირველი ხაზის ქალბატონებში (დედა და დეიდა);
ენდოკრინული და დისჰორმონალური ცვლილებების მოშლა, ასაკოვან ქალბატონებში პოსტრავმული წარმონაქმნები.
ონკოლოგიური დაავადების რისკს ზრდის ჰორმონალური დისბალანსის შედეგად მიმდინარე პროცესები, რომელშიც ჩართულია მთელი ენდოკრინული სისტემა. ამ პროცესს მიეკუთნება მასტოპათია, განსაკუთრებით საყურადღებოა მისი კვანძოვანი ფორმა, სწრაფად მზარდი ფიბროადენომა (ფილოიდი), სქელკედლიანი კისტები, სადინარშიდა პაპილომა, რომელიც კლინიკურად მხოლოდ სისხლიანი, ან მუქი ყავისფერი გამონადენით ხასიათდება, ხშირია პოსტრავმული წარმონაქმნები, განსაკუთრებით ხანდაზმულ ქალბატონებში, იგი დაზიანებული ან დაჟეჟილი ქსოვილიდან ვითარდება იქ, სადაც იყო ეგრედწოდებული ჰემატომა. მისი ალაგების შემდეგ ხშირია კარგად პალპირებადი წარმონაქმნი.
- რა სიმპტომები გვაფიქრებინებს, რომ მკერდის კიბოსთან გვაქვს საქმე?
- საეჭვო ნიშნებს შორის აღსანიშნავია: ძუძუს ფორმის შეცვლა, კანის გასქელება (ლიმონის ქერქი), გასინჯვადი წარმონაქმნის არსებობა, გადიდებული იღლიის ლიმფური კვანძები, ძუძუს თავის დვრილის ჩაბრუნება, სისხლიანი გამონადენი.
- როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან და როდის მივმართოთ ექიმს?
- იმისათვის, რომ დროულად მოხდეს ძუძუს კიბოს პრევენცია, საჭიროა ქალბატონებმა დროულად ჩაიტარონ სკრინინგი და ნებისმიერი საეჭვო ნიშნის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართონ ექიმ მამოლოგს. გისურვებთ ჯანმრთელობას!
„განმეორებითი დაინფიცირება ისევ ხდება. იმაში, რომ ძალიან მძიმდებიან მეორედ ან მსუბუქად მიდის, დიდი გამოცდილება არ გვაქვს,“ - მარინა ენდელაძე
ინფექციონისტმა მარინა ენდელაძემ კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ვირუსი ძალიან საყურადღებოა, რადგან ის თავს იცავს და მუტაციებს განიცდის:
„მასიური არ არის რეინფიცირება. განმეორებითი დაინფიცირება ისევ ხდება. ძალიან საყურადღებოა ეს ვირუსი. ვირუსი იცავს თავს ჩვენგან. რატომ უნდა გვაჯობოს ვირუსმა? მუტაციებს აწარმოებს, იცვლება. ჩვენც რამენაირად უნდა მოვახერხოთ, რომ არ დავინფიცირდეთ, რისთვისაც ეს რეგულაციები არის აუცილებელი.“
მარინა ენდელაძემ აღნიშნა, რომ რეინფიცირებისას პაციენტების მდგომარეობა განსაკუთრებით არ მძიმდება:
„გვქონდა რამოდენიმე შემთხვევა რეინფიცირების, თუმცა მინდა გითხრათ, რომ არცერთი განსაკუთრებულად არ დამძიმებულა. იყო პაციენტი ისეთი, რომელსაც პირველად რომ შეხვდა, შედარებით მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა, მეორედ შედარებით მძიმე, მაგრამ საშუალო ან საშუალოზე მძიმე იყო და მდგომარეობა გაუმჯობესდა. იყო რეინფიცირების სხვა შემთხვევა, რომელიც კიდევ უფრო მსუბუქად წარიმართა. იმაში, რომ ძალიან მძიმდებიან მეორედ ან ძალიან მსუბუქად მიდის, დიდი გამოცდილება არ გვაქვს. ვფიქრობ, რომ რეინფიცირების შემთხვევაში კოვიდი ლეტალურად არ უნდა დამთავრდეს. ჯერჯერობით ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. იყო რეინფიცირების შემთხვევები, მაგრამ ისინი ყველანი გაჯანსაღებულად გაეწერნენ.“
მარინა ენდელაძის თქმით, კოვიდის კლინიკური სიმპტომები არ შეცვლილა:
„შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ისეთი განსაკუთრებული ჩივილები ყნოსვისა და გემოს დაკარგვასთან დაკავშირებით არ არის, მაგრამ მაინც აქვთ ეს ჩივილები. ვერ გეტყვით, რომ კოვიდმა რაიმეთი სახე იცვალა. კლინიკური გამოვლინება რეინფიცირება იქნება თუ მუტირებული შტამი ამ ეტაპზე იგივეა, იმიტომ, რომ ყველა პაციენტს თავისებურად ჰქონდა კოვიდი.“
„რაც უფრო მეტი იქნება ინფიცირებული, შემდგომ კონტაქტები მეტია და ასე დაიწყო მეორე ტალღაც. მაშინ ვაფრთხილებდით ხალხს, რომ განსაკუთრებულად გვჭირდებოდა რეკომენდაციების დაცვა. ალბათ, დაიწყო მესამე ტალღა. მაინც გარკვეულწილად შეგვიძლია ჩვენ შევაჩეროთ ეს ტალღა, რომ არ იყოს მასიური ახალი შემთხვევები,“ - აღნიშნულ საკითხებზე მარინა ენდელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ ისაუბრა.