როგორ განვასხვავოთ კოვიდ-19-ისა და გრიპის სიმპტომები? - ამ თემაზე ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა ისაუბრა.
„კოვიდ-19 ძალიან დაემსგავსა ზემო სასუნთქი გზებით მიმდინარე სხვა ინფექციებს, ვერც ერთ ექიმს ვერ ექნება იმაზე პრეტენზია, რომ სიმპტომებით შეუძლია გაარჩიოს. სურდო ფაქტობრივად არ იყო სიმპტომი და ახლა პირველ ადგილზე გადმოინაცვლა დელტა შტამის შემთხვევაში. ამიტომ მარტივი გამოსავალია მხოლოდ ტესტირება, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ რასაც არაერთხელ ვამბობთ: ტესტირება არ ნიშნავს 100%-ში დიაგნოზის დასმას, შეიძლება ტესტი იყოს უარყოფითი და მაინც გვქონდეს კორონავირუსი. ყველა შემთხვევაში, როცა სიმპტომები გვაქვს, უნდა მოვერიდოთ ადამიანებს. უარყოფითი პასუხის დროსაც სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, უნდა მოვერიდოთ ხალხს. პირველ რიგში, იმის გათვალისწინებით, რომ შეიძლება იყოს კოვიდი და ტესტი არ აჩვენებდეს და მე-2 - რა მნიშვნელობა აქვს კოვიდია თუ სხვა ინფექცია, ჩვენ მაინც უნდა მოვერიდოთ სხვა ადამიანებს და არ უნდა გადავდოთ.
ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ვიტყვი, არ არსებობს გაციება, ეს ჩვეულებრივი ვირუსული ინფექციებია, გადამდებია ადამიანი და ამიტომ როცა გვაქვს სიმპტოები, ჩვენ სხვებისთვის საფრთხეს წარმოვადგენთ,“ - აღნიშნა მაია ბუწაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“.
,,ეს მომდევნო ორი კვირა მაინც, როცა პიკი იქნება, თავი შევიკავოთ ერთმანეთთან ურთიერთობისგან, დედაშვილურზეც, რომ დედაც კარგად გვყავდეს და შვილებიც''
,,მე მესმის დღევანდელი ყოფა-ცხოვრების, მაგრამ სიცოცხლეზე დიდი ფასი კაცობრიობას არაფერი შეუქმნია, ამიტომ ყველას სიცოცხლე უნდა გადარჩეს და გადავარჩინოთ. ყველამ ერთად, მთელმა საზოგადოებამ, ერმა, ბერმა ერთად უნდა გავაკეთოთ, რომ თავი დავიცვათ. ეს მომდევნო ორი კვირა მაინც, როცა პიკი იქნება, თავი შევიკავოთ ერთმანეთთან ურთიერთობისგან, ყველანაირ მიგრაციაზე, დედაშვილურზეც, რომ დედაც კარგად გვყავდეს და შვილებიც,'' - აღნიშნულის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ განაცხადა.