ცნობილი პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მოუწოდებს, მაქსიმალურად მიაჩვიონ ბავშვი ცოცხალი ხილის მიღებას. როგორც იგი MomsEdu.ge-სთან საუბრისას აღნიშავს, მნიშვნელოვანია, შვილებს პატარაობიდანვე ვასწავლოთ სწორი კვება:
„მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვს როგორღაც მივაწოდოთ ცოცხალი ხილი, უხეში უჯრედისი, რაც მისი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი. თუ ხილის წვენს სვამს ბავშვი (უშაქროს) კი ბატონო, მაგრამ უშაქრო კომპოტს და უშაქრო ხილის წვენს ბავშვი ვერ დალევს. მე მინდა, რომ შაქრის მინიმალიზაცია მოხდეს, რადგან შაქარი არ არის სასარგებლო ბავშვის ორგანიზმისთვის, მეტიც, მავნეა. აქედან გამომდინარე, შევაჩვიოთ ბავშვი ნორმალურ კვებას, სანამ ჩვენ შეგვიძლია ვარეგულიროთ მისი კვება. თორემ, როცა გაიზრდება, უკვე აღარაფერი გვეკითხება. ამ დროისთვის მისი ორგანიზმი უკვე დაბინძურებულია. ამიტომ ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ბაზისი იყოს რაც შეიძლება სუფთა“, - აღნიშნავს ინგა მამუჩიშვილი.
მისივე თქმით, კომპოტი უნდა მომზადდეს ცოცხალი ხილისგან ან ჩირებისგან და იყოს ბუნებრივად ტკბილი:
„კომპოტის მომზადების შემთხვევაშიც, 30 წუთის განმავლობაში გამდინარე წყალში უნდა გვქონდეს ხილი მოთავსებული. კომპოტი უნდა მომზადდეს შეთავსებადი ხილისგან და არა ყველანარი ხილით, რადგან ვიტამინებსაც შეუძლიათ, დაეჯახონ ერთმანეთს და ერთმა ვიტამინმა მეორე გაანეიტრალოს. ვიმეორებ, უმჯობესია, ბავშვი ცოცხალ ხილს მივაჩვიოთ. როდესაც მაცივარში დევს ხილი, ვიტამინების 30% იკარგება და ხარშვის დროს, მით უმეტეს. ნებისმიერი გზა უნდა ვცადოთ, რომ ბავშვს ხილი ცოცხალი სახით მივაწოდოთ. დავდოთ ხილი მაგიდაზე სხვადასხვა ფორმით, დავჭრათ და გავაფორმოთ ლამაზად, არ დავაძალოთ და თავად „მიეპაროს,“ - ამბობს ინგა მამუჩიშვილი.
„არ არსებობს წამალი, რომელიც ბავშვს იმუნიტეტს აუმაღლებს,“ - ევგენი კომაროვსკი
ცნობილი პედიატრი ევგენი კომაროვსკი ინსტაგრამზე პოსტს აქვეყნებს, რომელშიც მშობლებს ბავშვის იმუნიტეტის ასამაღლებლად საინტერესო რჩევებს აძლევს. მისი თქმით, მშობლები ცდებიან, როდესაც ფიქრობენ, რომ ბავშვს იმუნიტეტს მედიკამენტების დახმარებით აუმაღლებენ:
„კითხვაზე, თუ რა რჩევა მექნება მშობლებისთვის, რომლებსაც სურთ სამი წლის შვილს იმუნიტეტი აუმაღლონ, შემდეგი პასუხი მაქვს: დედები, რომლებიც ამ კითხვას სვამენ, იმედოვნებენ, რომ ექიმი მათ ოქროს აბებს შესთავაზებს, რომელსაც სასწაულმოქმედებრივი ძალა აქვს. გული უნდა დაგწყვიტოთ და გითხრათ, რომ ასეთი წამალი არ არსებობს. როდესაც იმუნიტეტის ასამაღლებლად მსგავსი საშუალებები ინიშნება, ეს ფარმაცევტული ბიზნესის მოქმედების შედეგია. ისინი ცდილობენ დააკმაყოფილონ თქვენი მოთხოვნები. სამწუხაროდ, ბევრი ფიქრობს, რომ ბავშვის დახმარებისთვის საკმარისია მამა აფთიაქში გავგზავნოთ და წამალი მოვატანინოთ. მედიკამენტების მწარმოებლებიც არ აყოვნებენ და თქვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ცდილობენ.“
ევგენი კომაროვსკი მშობლებს ურჩევს, ბავშვის იმუნიტეტის ამაღლება მისი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებით სცადონ, რადგან, მისი თქმით, ეს საუკეთესო საშუალებაა პატარების ორგანიზმის გასაჯანსაღებლად და გასაძლიერებლად:
„სინამდვილეში, იმუნიტეტის ამაღლება ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებით არის შესაძლებელი. ბავშვმა სუფთა ჰაერზე საკმარისი დრო უნდა გაატაროს, მას იძულებით არ უნდა მივაწოდოთ საკვები, პატარა ფიზიკურად უნდა დაიტვირთოს, ბინაში ჰაერის ტემპერატურა უნდა დავარეგულიროთ, ბავშვი უნდა მოვარიდოთ დაავადებულ ბავშვებთან კონტაქტს, მშობლებმა კი უნდა ვიცოდეთ ბავშვის მოვლა, როდესაც მას რესპირატორულ-ვირუსული ინფექცია აქვს. სწორედ ეს არის ის პროგრამა, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ ბავშვის იმუნიტეტის ასამაღლებლად. აღნიშნული პროგრამა ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის ოპტიმალურია.“