ცნობილი პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მოუწოდებს, მაქსიმალურად მიაჩვიონ ბავშვი ცოცხალი ხილის მიღებას. როგორც იგი MomsEdu.ge-სთან საუბრისას აღნიშავს, მნიშვნელოვანია, შვილებს პატარაობიდანვე ვასწავლოთ სწორი კვება:
„მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვს როგორღაც მივაწოდოთ ცოცხალი ხილი, უხეში უჯრედისი, რაც მისი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი. თუ ხილის წვენს სვამს ბავშვი (უშაქროს) კი ბატონო, მაგრამ უშაქრო კომპოტს და უშაქრო ხილის წვენს ბავშვი ვერ დალევს. მე მინდა, რომ შაქრის მინიმალიზაცია მოხდეს, რადგან შაქარი არ არის სასარგებლო ბავშვის ორგანიზმისთვის, მეტიც, მავნეა. აქედან გამომდინარე, შევაჩვიოთ ბავშვი ნორმალურ კვებას, სანამ ჩვენ შეგვიძლია ვარეგულიროთ მისი კვება. თორემ, როცა გაიზრდება, უკვე აღარაფერი გვეკითხება. ამ დროისთვის მისი ორგანიზმი უკვე დაბინძურებულია. ამიტომ ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ბაზისი იყოს რაც შეიძლება სუფთა“, - აღნიშნავს ინგა მამუჩიშვილი.
მისივე თქმით, კომპოტი უნდა მომზადდეს ცოცხალი ხილისგან ან ჩირებისგან და იყოს ბუნებრივად ტკბილი:
„კომპოტის მომზადების შემთხვევაშიც, 30 წუთის განმავლობაში გამდინარე წყალში უნდა გვქონდეს ხილი მოთავსებული. კომპოტი უნდა მომზადდეს შეთავსებადი ხილისგან და არა ყველანარი ხილით, რადგან ვიტამინებსაც შეუძლიათ, დაეჯახონ ერთმანეთს და ერთმა ვიტამინმა მეორე გაანეიტრალოს. ვიმეორებ, უმჯობესია, ბავშვი ცოცხალ ხილს მივაჩვიოთ. როდესაც მაცივარში დევს ხილი, ვიტამინების 30% იკარგება და ხარშვის დროს, მით უმეტეს. ნებისმიერი გზა უნდა ვცადოთ, რომ ბავშვს ხილი ცოცხალი სახით მივაწოდოთ. დავდოთ ხილი მაგიდაზე სხვადასხვა ფორმით, დავჭრათ და გავაფორმოთ ლამაზად, არ დავაძალოთ და თავად „მიეპაროს,“ - ამბობს ინგა მამუჩიშვილი.
„არ დაიზაროთ და დილიდანვე სანტიმენტრი გამოიყენეთ“ - მარი მალაზონია კოვიდ-19-სა და წელის გარშემოწერილობაზე
კოვიდ-19 და წელის გარშემოწერილობა - აღნიშნულ თემაზე საქართველოს პირველი არხის გადაცემის „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ავტორი და წამყვანი მარი მალაზონია საუბრობს.
„როგორც გამოცდილებამ აჩვენა, ჭარბი წონა, სიმსუქნე, მეტაბოლური გართულებები და კოვიდ-19 სახიფათო კომბინაციაა. არ დაიზაროთ და დილიდანვე სანტიმენტრი გამოიყენეთ. გაიზომეთ თქვენი წელის გარშემოწერილობა. თუ მამაკაცებს აქვთ მონაცემი 94 სმ.-დან 102 სმ.-მდე, ეს საყურადღებოა, თუ 102 სმ.-ს აღემატება თქვენი წელის გარშემოწერილობა, ეს მეტაბოლურ რისკზე მიუთითებს. ქალების შემთხვევაში, 80 სმ.-დან 88 სმ.-მდე საყურადღებო მონაცემია, 88 სმ. და ზემოთ მეტაბოლურ რისკზე მიუთითებს. ამიტომ არ გადადოთ, მიუხედავად ყველაფრისა, დაიწყეთ თქვენი ცხოვრების წესის შეფასება, შეცვალეთ თქვენი ცხოვრების წესი ისე, რომ სულ მალე თქვენი წელის გარშემოწერილობა მამაკაცების შემთხვევაში იყოს 94 სმ.-ზე ნაკლები, ხოლო ქალების შემთხვევაში, 80 სმ.-ზე ნაკლები“, - აღნიშნავს მარი მალაზონია.