Baby Bag

„თევზი ხეზე“ - წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოს ყველა მასწავლებელმა, მოსწავლემ და ბავშვთან მომუშავე პირმა“ - ბავშვები გვირჩევენ

„თევზი ხეზე“ - წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოს ყველა მასწავლებელმა, მოსწავლემ და ბავშვთან მომუშავე პირმა“ - ბავშვები გვირჩევენ

ქუთაისის N20 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლემ, ქეთი ღვინიანიძემ ​Momsedu.ge-ს საინტერესო წერილი გამოუგზავნა. ვფიქრობთ, მისი ნააზრევი აქტუალურია ჩვენი საიტის აუდიტორიისთვის. გთავაზობთ ქეთი ღვინიანიძის რჩევებს:

„ვფიქრობ, ამ პერიოდმა ბევრი რამ გადააფასა საზოგადოებაში. სწავლა-სწავლების პროცესი გულისხმობს ბავშვსა და მასწავლებელს, ზოგადად, მოზარდებსა და უფროსებს შორის მუდმივ თანამშრომლობასა და ინფორმაციის გაცვლას. სწორედ ამიტომ მინდა გაგიზიაროთ ბოლო პერიოდში წაკითხული წიგნი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა იქონია ჩემზე.

„თევზი ხეზე“ ასე ჰქვია მოთხრობას, რომელის ავტორმა, ლინდა მალალი ჰანთიმ წინ წამოსწია სკოლაში არსებული პრობლემები. მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობა, არასწორი მიდგომა, პრობლემის გადავადება და შეუსაბამო სწავლება - წიგნში, ძირითადად, ეს საკითხებია გადმოცემული. 

ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი შშმ პირია. ელის დისლექსია (დასწავლის უუნარობა) აქვს, რის გამოც მუდმივად უსიამოვნებაში ეხვევა. კითხვის არცოდნის გამო გოგონას დასცინიან თანატოლები. იგი მარტოსული და გარიყულია, თავს არიდებს ურთიერთობას და გაურბის საკუთარი პრობლემის აღიარებას. არაადეკვატურია მის მიმართ მასწავლებლების დამოკიდებულებაც. მან შვიდი სკოლა გამოიცვალა და ვერსად იპოვა შესაფერი გარემო. თუმცა ბოლოს ყველაფერი გვარდება. ახალი მასწავლებელი ახალი მიდგომებით გოგონას საკუთარი თავის რწმენას უბრუნებს და კითხვასაც ასწავლის. პერსონაჟის ცხოვრება სწორი დამოკიდებულებით მთლიანად იცვლება.
ჩემი აზრით, ეს არის წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოს ყველა მასწავლებელმა და ბავშვთან მომუშავე პირმა, რომ კიდევ ერთხელ გაიაზრონ პასუხისმგებლობა და შეეცადონ მსგავსი პრობლემის აღმოფხვრას. ნაწარმოების წაკითხვას ვურჩევ ბავშვებსაც - მათაც უნდა გაითავისონ, რომ არ შეიძლება განსხვავებულობის გამო თანატოლის გარიყვა.

მალე პირველი ივნისი მოდის და მგონი ურიგო არ იქნება, კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას, რომ ყველა ბავშვი, მიუხედავად განსხვავებისა, იმსახურებს ზრუნვას და შესაფერის გარემოში ინტეგრაციას.“