Baby Bag

„ამას სამინისტრო მკაცრად გააკონტროლებს...“ - ირინა აბულაძე სკოლის დირექტორებს

„ამას სამინისტრო მკაცრად გააკონტროლებს...“ - ირინა აბულაძე სკოლის დირექტორებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინე აბულაძემ და ინკლუზიური განვითარების სამმართველოს უფროსმა ეკა დგებუაძემ საჯარო სკოლის დირექტორებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს ის პროექტები გააცნეს, რომლებიც სკოლებში ინკლუზიური განათლების მიმართულებით მიმდინარეობს და იგეგმება. შეხვედრაზე ასევე ის გამოწვევები განიხილეს, რომლებიც სასწავლო პროცესში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ეფექტიან ინტეგრაციას უშლის ხელს.

ირინა აბულაძემ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ სამინისტროსთვის ინკლუზიური განათლება ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, სკოლების დირექტორებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელების ვალდებულებაა, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ სსსმ მოსწავლეებს , რასაც სამინისტრო მკაცრად გააკონტროლებს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სისტემაში დანერგილ სერვისებსა და დამატებითი სერვისების იდენტიფიცირებას.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2019 წელს ინკლუზიური განათლების მიმართულებით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. კერძოდ, მას შემდეგ რაც სპეც.მასწავლებლებს მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ, მათი ხელფასი 205 ლარით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის 1 ოქტომბრიდან, საშუალოდ 20%-ის ფარგლებში ხელფასები გაეზარდათ საჯარო სკოლის ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ სპეციალისტებს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2019 წელს ინკლუზიური განათლების მიმართულებით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა:

2019-2020 სასწავლო წელს პირველად, მინისტრის ბრძანებით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, 2019-2020 სასწავლო წლისათვის, პირველკლასელთა რეგისტრაციაში ცვლილებები შევიდა. კერძოდ, რეგისტრაციის პირველ ეტაპზე უპირატესობა სწორედ ამ კატეგორიის ბავშვებს მიენიჭა. შემუშავდა და დაინერგა ინკლუზიური განათლების საინფორმაციო სისტემა და პროექტი - InclusiveEdu; ჩატარდა 500 -მე საჯარო სკოლის ინდივიდუალური მონიტორინგი; მიმდინარეობს სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაზე აქტიური მუშაობა; განახლდა სკოლის ფსიქოლოგის, სპეციალური მასწავლებლისა და ინდივიდუალური ასისტენტის სტანდარტი; 2 წლიდან 6 წლის ჩათვლით, შემუშავდა ბავშვის ინტელექტის შეფასების ტესტი; დაინერგა ალტერნატიული და სენსორული კურიკულუმი. განხორციელდა პირველიდან-მეექვსე კლასის ჩათვლით ახალი სახელმძღვანელოების ანალიზი და არ არსებული ახალი ქართული ჟესტების შექმნა. მნიშვნელოვანია, რომ ახალი სკოლის მოდელში განხორციელდება ინკლუზიური განათლების ინტეგრაცია.

2020 წლისთვის, სამინისტრო ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად აგრძელებს და დაგეგმილია ისეთი პროექტების განხორციელება, როგორიცაა სკოლებში ინკლუზიური და სპეციალური განათლების ხარისხის განვითარება, სენსორული დარღვევის (სმენა, მხედველობა) მოსწავლეებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, FM და ინდუქციული სისტემის დანერგვა სმენადაქვეითებული მოსწავლეებისთვის, ჟესტური ენის განვითარება, მცირემხედველი მოსწავლეების შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა; მოსწავლეების სტუდენტების ბრაილის და ხმოვანი სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა, სსსმ მოსწავლეებისთვის არსებული დამატებითი მომსახურებების განვითარება და გამრავალფეროვნება, მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება, სპეციალური მასწავლებლის მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამაზე მუშაობა, სპეციალური მასწავლებლები სერტიფიცირება, ადრეული და სკოლამდელი ინკლუზიური განათლების სისტემის გამართვა და დანერგვა, პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურზე სსსმ სტუდენტების განათლების ხელმისაწვდომობის და ხარისხის გაზრდა, განათლების მიღმა დარჩენილი პირებისთვის განათლების უფლების უზრუნველყოფა, განათლების სისტემაში სოციალური პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა, მიმდინარეობს მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული ახალი დაფინანსების მოდელზე მუშაობა, რომელიც 2020 წლიდან ამოქმედდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვს მოვთხოვოთ იმის შესაბამისად, რაც მას შეუძლია,“ - მზიკო დალაქიშვილის რჩევები მშობლებს

ფსიქოლოგმა მზიკო დალაქიშვილმა მშობლებს ურჩია, შვილების შესაძლებლობებში გაერკვნენ და მათ იმაზე მეტი არ მოთხოვონ, ვიდრე შეუძლიათ:

„პირველ რიგში, ჩვენი შვილების შესაძლებლობები გავარკვიოთ. ბავშვს მოვთხოვოთ იმის შესაბამისად, რაც მას შეუძლია. მასწავლებელი მყავდა მათემატიკის, რომელიც ყოველთვის ძალიან კარგ ნიშანს მიწერდა ხოლმე. ჩემზე ძლიერებიც არსებობდნენ მათემატიკაში. მე რაღაცებს მპატიობდა და სხვებს არ პატიობდა. კი მიხაროდა ეს, მაგრამ თან მიკვირდა. ძალიან ბეჯითი რომ ვიყავი, ხვდებოდა, რომ აღარ შეიძლებოდა იმაზე მეტს რომ ვცდილობდი, ამას ხედავდა. ამას აფასებდა. მან იცოდა, რომ ამის იქით არ შემეძლო. მე რომ გული არ დამწყვეტოდა, ამით მამხნევებდა, რომ მათემატიკაზე უარი არ მეთქვა.

ბავშვმა პასუხისმგებლობა რომ გამოიმუშაოს, მან პირველ რიგში უნდა გაიაზროს, რას აკეთებს, რისთვის აკეთებს, რას ემსახურება ეს ქმედება და არა ის, რომ ეს უნდა ქნა და ის უნდა ქნა! მშობლების მოვალეობაა, რომ ვალდებულებები, „უნდა“ გადავაქციოთ „მე მინდად.“ ეს შესაძლებელია, ნელ-ნელა, მაგრამ შესაძლებელია. მაგალითად, ყოველ დილით მამა ადრე დგება და მიდის სავარჯიშოდ. ბავშვს აინტერესებს, სად მიდის დილით მამა. ის ინტერესდება და ხვდება, რომ ეს კარგია. მამა უხსნის, ელაპარაკება, რატომ არის კარგი დილას ვარჯიში. მერე ბავშვი ფიქრობს, რომ თვითონაც უნდა სცადოს.

არსებობს მამა, რომელიც ბავშვს ეუბნება: „დილას 8 საათზე უნდა ადგე.“ ბავშვი ფიქრობს, რატომ უნდა ადგეს, ეძინება. ბავშვი ვერ იაზრებს, რატომ უნდა ადგეს,“- მოცემულ საკითხზე მზიკო დალაქიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად