Baby Bag

„დღეში ერთი საათი და კვირაში ერთი დღე დაუთმე საკუთარ თავს,“- მარინა კაჭარავას რეკომენდაცია

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ საკუთარ თავზე ზრუნვისა და თვითეკოლოგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ადამიანებს ურჩია, დღეში 1 საათი და კვირაში 1 დღე საკუთარ თავს დაუთმონ:

„დღეში ერთი საათი და კვირაში ერთი დღე დაუთმე საკუთარ თავს. „საკუთარ თავს დაუთმე“ ნიშნავს, რომ დაისვენო, განიტვირთო, იფიქრო, ყავა დალიო, აკეთო ის, რაც გინდა, მაგრამ მარტო, შენთვის და შენს სივრცეში. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანს აქვს თავისი სივრცე. კვირაში ერთი დღეც, რომ შეგიძლია წახვიდე, დაისვენო, ისეირნო, ივარჯიშო, იცურაო, ტყეში წახვიდე, აკეთო ის, რაც ყოველდღიურობაში გაკლია, შენს თავს სიამოვნება მიანიჭო. ბავშვებთან ერთადაც წახვალ, ხან დატოვებ ბავშვებს, ეს რაღაცნაირად მოგვარებადია.

ძალიან მნიშვნელოვანია თვითეკოლოგია, საკუთარ თავზე სწორი ზრუნვა. არა ისეთი, რომ „მე ვარ და მეტი არავინ,“ არამედ სწორი ზრუნვა. მე თუ მშვიდად ვარ, მე თუ კარგად ვარ, მე თუ კეთილად ვარ განწყობილი, უკეთესად ვარ. ძალიან დიდი წილი აქვს ბოღმას, შურს, ნეგატიურ აზროვნებას გადაწვისთვის. სულ რომ დაბოღმილი ხარ, გშურს ვიღაცის, უკმაყოფილო ხარ, წუწუნებ: „ეს რა ცხოვრებაა...“ კარგავ სიხარულს. სიხარულს თუ დაკარგავ, სიმშვიდეს თუ დაკარგავ, ან იმ ხელფასს რაში იყენებ, ან იმ ცხოვრებას რაში იყენებ და ან იმ სამსახურს?!“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

სიყვარულის 5 ენა, რომლითაც ბავშვებს უნდა ვესაუბროთ - ჰუმანური პედაგოგიკის სპეციალისტი მარიამ დავითინიძე

ჰუმანური პედაგოგიკის სპეციალისტი მარიამ დავითინიძე სიყვარულის ხუთ ენაზე საუბრობს, რომლითაც ჩვენს შვილებთან უნდა ვისაუბროთ:

„დედებთან შეხვედრებისას სიყვარულის ხუთი ენა ძალიან აქტუალური თემა აღმოჩნდა. სიყვარულის ხუთი ენა ძალიან დიდ და მნიშვნელოვან კვლევებს ეფუძნება. ეს კვლევები გვეუბნება, რომ როგორც უნდა განვსხვავდებოდეთ ადამიანები, მაინც ხუთნაირად გვიყვარს, ​როდესაც სიყვარულს გამოხატავენ ჩვენდამი. პირველი ეს არის წახალისება, მეორე არის დახმარება, მესამე - საჩუქარი, მეოთხე- გაუნაწილებელი ყურადღება და ჩახუტება.“

მარიამ დავითინიძის თქმით, სიყვარულის ხუთი ენის გამოყენება ეფექტიანია არამხოლოდ ბავშვებთან. არამედ უფროსებთანაც:

„სიყვარულის ხუთი ენა ყველაზე მოქმედებს, დაზე, ზმაზე, მეგობარზე. ახლა ბავშვების ჭრილში ვილაპარაკოთ. თუ ჩვენი ენა არის წახალისება, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს შვილს ჩვენგან სიყვარულის გამოხატვა ყველაზე მეტად სიამოვნებს საქებარი სიტყვებით, მის მიერ გაკეთებული კარგი საქმეების აღნიშვნით. რეალურად ბავშვს ყველაზე მეტად ეს სჭირდება. მას მოსწონს, როდესაც ეუბნებიან: ​„ყოჩაღ, რა კარგი ხარ! ეს რა კარგი საქმე გააკეთე!“ შემდეგი არის დახმარება. ეს ნიშნავს, რომ ბავშვის რაღაც სირთულეს მასთან ერთად გავდივართ, ვეუბნებით: „მოდი ერთად გავაკეთოთ.“ ეს ჩემი ენაა, ყველაზე მეტად სიყვარულის გამოხატულება ასე მომწონს, როდესაც მეხმარებიან.“

მარიამ დავითინიძე აღნიშნავს, რომ საჩუქრები ბავშვს ჯილდოს სახით არ უნდა მივცეთ და არ დავუკავშიროთ ქრთამს:

„შემდეგი არის საჩუქრები. ვის არ უყვარს საჩუქრის მიღება, მაგრამ ზოგიერთი ბავშვის შემთხვევაში ეს არის მკვეთრად მნიშვნელოვანი. აქ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საჩუქარი შინაგანი არსით ნიშნავს დაუმსახურებელ ძღვენს. ​თუ საჩუქრებით დავიწყებთ ბავშვის განებივრებას და მის ენაზე ვილაპარაკებთ, ეს ისე არ უნდა გავაკეთოთ, რომ დავუკავშიროთ რაიმე ქრთამს, რაღაცის გაკეთებას, არ უნდა დავამყაროთ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. საჩუქარი ბავშვისთვის უნდა იყოს დაუმსახურებელი ძღვენი. ბავშვს უნდა გავუკეთოთ სიურპრიზები. არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს ძვირადღირებული საჩუქრები.“

​გაუნაწილებელი ყურადღება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. ხშირად ადამიანები გვისმენენ არა იმიტომ, რომ გაგვიგონ, არამედ იმიტომ, რომ გვიპასუხონ. ასე ხშირად გვემართება. ვსხედვართ, ბავშვებს ვამეცადინებთ, ვლაპარაკობთ და უცებ ტელეფონი აწიკწიკდება, გაგვახსენდება, რომ რაღაც გასარეცხი გვაქვს, ბავშვთან კავშირი კი წყდება. გაუნაწილებელი ყურადღება ჩემი გოგოს საყვარელი ენაა. როგორც კი ჩემი ყურადღება სხვა რამეზე გადადის, იმ წუთში იკარგება ყველა შედეგი, რაც გვინდოდა, რომ დაგვედო. ​ჩახუტება სიყვარულის ყველაზე სასიამოვნო ენაა. ერთ-ერთ ქალბატონთან საუბრისას, მან თქვა, რომ მას ჰქონდა სიყვარულის სულ სხვა ენა, მისი შვილების ენა კი ჩახუტება იყო. თუ ბავშვს კარგად დააკვირდებით, აუცილებლად ამოიცნობთ, სიყვარულის რომელი ენაა მისთვის ყველაზე მოსაწონი. ზოგჯერ შეიძლება მოხდეს, რომ ერთი კი არა, ორი ენა იყოს მთავარი. არსებობს სპეციალური ტესტიც, რომლის შევსების შემდეგ, შეგვიძლია გავიგოთ, რომელია ჩვენთვის სასურველი სიყვარულის ენა,“ - აღნიშნავს მარიამ დავითინიძე.

წყარო: ​იმედის დღე

წაიკითხეთ სრულად