ემორის უნივესიტეტის მიერ ჩატარებულ კვლევაში 50-მდე ბებიამ მიიღო მონაწილეობა, რომლებსაც 3-დან 12 წლამდე ასაკის შვილიშვილები ჰყავდათ. ბებიების ტვინის აქტივობაზე დაკვირვებისთვის მათ ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულება გამოიყენეს, როდესაც ისინი შვილიშვილების, შვილებისა და სხვა ზრდასრულებისა თუ ბავშვების ფოტოებს ათვალიერებდნენ.
კვლევის ხელმძღვანელის განცხადებით, ბებიები შვილიშვილების ფოტოების დათვალიერებისას ბავშვების გრძნობებს ირეკლავდნენ და გრძნობდნენ, რას განიცდიდა მათი შვილიშვილი. როდესაც ფოტოზე ბავშვი სიხარულს გამოხატავდა, ბებიაც სიხარულს განიცდიდა. ფოტოზე ბავშვის დისკომფორტის შემჩნევისას, ბებიები სტრესს განიცდიდნენ.
ემორის უნივერსიტეტმა მსგავსი ტიპის კვლევა ადრე მამებზეც ჩაატარა და შვილების ფოტოების დათვალიერებისას მათი ტვინის ფუნქცია გამოიკვლია. ბებიების შემთხვევაში მამებთან შედარებით უფრო აქტიურდებოდა ტვინის ის უბნები, რომლებიც ემოციურ თანაგრძნობაზეა პასუხისმგებელი.
მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ბებიის შვილიშვილებისადმი დამოკიდებულებაში წამყვანი ემოციური თანაგრძნობაა.
ბებიებთან ინტერვიუებით დადგინდა, რომ მათ უფრო მეტად შეეძლოთ შვილიშვილების თანადგომა, რადგან ისინი აღარ გრძნობდნენ წნეხს მატერიალური საკითხების გამო და დროის სიმცირეს, რასაც განიცდიდნენ საკუთარი შვილების აღზრდის დროს.
ბებიების დიდი ნაწილი აღნიშნავდა, რომ მათ უფრო მეტად მოსწონთ ბებიად ყოფნა, ვიდრე დედობა.
უახლესი კვლევებით დგინდება, რომ ბებიების ჩართულობა ბავშვზე ზრუნვაში დადებითად აისახება ადრეული ასაკის ბავშვების კოგნიტურ, მოტორულ და სოციალურ-ემოციურ განვითარებაზე. ბავშვების ცხოვრებაში ბაბუებიც პოზიტიურ როლს ასრულებენ. ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევით დადგინდა, რომ ბავშვებს, რომლებიც ბებია-ბაბუების აქტიური ჩართულობით იზრდებიან, ნაკლები ემოციური და ქცევითი პრობლემები აქვთ.
წყარო: Independent.co.uk