Baby Bag

თუ კვების ამ წესებს დავიცავთ, ბავშვს არანაირი ვიტამინი არ დასჭირდება - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ მშობლებს ურჩია ბავშვებს ვიტამინების ნაცვლად სასარგებლო საკვები პროდუქტები შესთავაზონ:

„ყველანი თევზის ქონს გაიძახიან. ერთი თევზი უდრის იმდენ ომეგა 3-ს, რაც შეიძლება ორი თვის განმავლობაში ვერ მიიღოს ბავშვმა. ბავშვს ნატურალური პროდუქტებიდან უნდა შევთავაზოთ ყველა ტიპის ჯგუფი: ხილი, ბოსტნეული, ხორცი, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, თევზის პროდუქტები. ამ პროდუქტებიდან მისი შეწოვა და ბიოშეღწევადობა უფრო მაღალია, ვიდრე სამკურნალო საშუალებებიდან. განსაკუთრებული ვიტამინები არ არის აუცილებელი. ნებისმიერი რესპირაციული ვირუსული მართვისას მთავარი არის ცხოვრების ჯანსაღი წესი.

ცხოვრების ჯანსაღი წესი არის ფიზიკური აქტივობა და სწორი კვება. სწორი კვება ნიშნავს, რომ დღის რაციონის 50% უნდა იყოს ბოსტნეული, 30% ხილი, 20% ცილა. თუ იქნება ეს დაცული, არანაირი ვიტამინები ბავშვს არ დასჭირდება. ვიტამინები უფრო ძვირი ღირს, ვიდრე სწორი კვება. კაცმა არ იცის რა შემოდის, რა სახის ვიტამინებია. კარგი ხარისხის ვიტამინები საკმაოდ ძვირია. სჯობს ამ თანხით რაიმე საკვები პროდუქტი ვუყიდოთ ბავშვს და იქიდან გაცილებით მეტი სარგებელი გვექნება,“- მოცემულ საკითხზე თემურ მიქელაძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ერთსულოვნების დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ მოვუაროთ კოღოს ნაკბენს ბავშვებში და რა სიმპტომები აქვს ნაკბენისგან გამოწვეულ ალერგიას?

როგორ მოვუაროთ კოღოს ნაკბენს ბავშვებში და რა სიმპტომები აქვს ნაკბენისგან გამოწვეულ ალერგიას?
როგორ მოვუაროთ კოღოს ნაკბენს ბავშვებში და რა სიმპტომები აქვს ნაკბენისგან გამოწვეულ ალერგიას? - ამ და სხვა საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ალერგოლოგ-იმუნოლოგი ნინო მჭედლიშვილი.

​- ქალბატონო ნინო, ზაფხულში მომრავლდნენ კოღოები, როგორ ავაცილოთ თავიდან მათი ნაკბენი?

​- კოღოს კბენისგან თავის დასაცავად უმჯობესია, შეიზღუდოს გარე აქტივობა, გამთენიისას და საღამო ხანს, განსაკუთებით. მაღალტენიან გარემოში.

​სახლის გარშემო დააშრეთ გუბურები, რადგან დამდგარი წყალი კოღოების გამრავლებისთვის კარგ პირობებს იძლევა, ფანჯრებზე და კარზე გამოიყენეთ მწერისგან დამცავი ბადეები. ინსექტიციდი პერმეთრინი გამოიყენეთ ქსოვილზე შესასხურებლად (მაგალითად, კარავზე, საძილე ტომარასა და ტანსაცმელზე) მაგრამ, უშუალოდ კანზე არ უნდა დაიტანოთ.

​მწერისგან ყველაზე ეფექტური დამცავი საშუალება, რეპელენტია DEET-ის (N,N-diethyl-3-methylbenzamide) და პიკარიდინის შემცველი. ადამიანი კოღოს იზიდავს კანის სუნის, ტემპერატურის და ამოსუნთქული ნახშიროჟანგის მიხედვით. DEET-ის შემცველი ხსნარი კბენისგან ეფექტური დაცვის საშუალებას წარმოადგენს. რაც უფრო მაღალია მისი კონცენტრაცია პროდუქტში, მით ხანგრძლივია დაცვითი ეფექტი. ბავშვებში DEET-ის 10%-იანი საშუალების გამოყენება რეკომენდებულია 2 თვის ასაკიდან. დაუშვებელია DEET-ის შემცველი ხსნარის დალევა ან შესუნთქვა, ასევე დაკაწრულ ან მზისგან დამწვარ კანზე წასმა, რადგან მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში ავლენს ნეიროტოქსიურ ეფექტს. შეუძლია დაშალოს მწერისგან დამცავი ბადე, სპანდექსი, ვისკოზა, ტყავი და პლასტმასის სათვალის ჩარჩო და საათიც კი.
პიკარიდინი ადამიანის კანზე ქმნის ბარიერს, რაც იცავს მწერის კბენისგან. არ აქვს სუნი, არ ტოვებს კვალს, აქვს ხანგრძლივი ეფექტი (8- 10 სთ). გამოიყენება 2 თვის ასაკიდან.
სხვა საშუალებები, როგორებიცაა: ციტრონელას ექსტრაქტი და ევკალიპტის ზეთი, ნაკლებად ეფექტურია. ციტრონელას დამცველობითი ეფექტი გრძელდება 20 წუთამდე, ევკალიპტის ზეთის - 2 საათამდე.
- რა ბუნებრივი საშუალებები გამოვიყენოთ, როცა ბავშვს ექავება ნაკბენი და შეიძლება თუ არა სპირტის წასმა?
- მწერის კბენის შემდეგ, პირველ რიგში, უნდა მოხდეს ნაკბენის გრილი, საპნიანი წყლით ჩამობანა, ცივი საფენის დადება, „calamine'' - ის ან პრამოქსინის შემცველი გელის, ლოსიონის გამოყენება. ადგილობრივი საანესთეზიო და ანტიჰისტამინური გელის ან კრემის რუტინულად გამოყენება არა არის რეკომენდებული, რადგან მზის სხივებს შეუძლიათ კანის მგრძნობელობის მომატება და კონტაქტური ალერგიული რეაქციის განვითარება. ქავილის შემცირების მიზნით, ექიმთან შეთანხმებით, შესაძლებელია დასალევად ანტიჰისტამინური პრეპარატების გამოყენება, დიდი ადგილობრივი რეაქციის შემთხვევაში კი ადგილობრივად და/ან დასალევად კორტიკოსტეროიდული საშუალებების გამოყენება სიმძიმის მიხედვით.
- რა სიმპტომები აქვს კოღოს ნაკბენის შედეგად გამოწვეულ ალერგიას?
- კოღოს ნაკბენზე ტიპურ რეაქციას მიეკუთვნება კანის სიწითლე, მცირედი შეშუპება, რომელიც პიკს აღწევს დაახლოებით 20 წუთამდე, მოგვიანებით ყალიბდება პაპულა, ახასიათებს ძლიერი ქავილი 24-26 სთ-მდე და განიცდის უკუგანვითარებას 7-10 დღეში. დიდ ადგილობრივ რეაქციას მიეკუთვნება ნაკბენი არე, რომელსაც ახასიათებს ძლიერი ქავილი, ან მტკივნეულობა, სიწითლე, სიმხურვალის შეგრძნება, შეშუპება 10 სმ-ზე მეტი დიამეტრის. რეაქცია ვითარდება კოღოს კბენიდან რამდენიმე საათში და პროგრესირებს 8-12 სთ-ის ფარგლებში, უმჯობესდება 3-10 დღეში. თუ ნაკბენი არე თვალთან ახლოსაა, განსაკუთრებით ბავშვებში, შესაძლოა, შეშუპდეს მთლიანად სახე, გაძნელდეს თვალის გახელა, კვება. დიდ ადგილობრივ რეაქციას შესაძლოა, ახლდეს კუნთების ტკივილი, ცხელება. თუმცა, ძლიერი სისტემური ალერგიული რეაქცია კოღოს ნაკბენზე ძალიან იშვიათია.
ინტერვიუში მოცემული ინფორმაცია ეფუძნება ​წყაროს
ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად