Baby Bag

„ნუ დავუწყებთ ახალბედა დედას ჭკუის სწავლებას ნურავითარ შემთხვევაში... მათთან ურთიერთობისას თითოეული ჩვენგანის მხრიდან, პირველ რიგში, გაგება და მეტი ემპათიაა საჭირო,“- ამონაშვილის აკადემიის რეკომენდაციები

„ნუ დავუწყებთ ახალბედა დედას ჭკუის სწავლებას ნურავითარ შემთხვევაში... მათთან ურთიერთობისას თითოეული ჩვენგანის მხრიდან, პირველ რიგში, გაგება და მეტი ემპათიაა საჭირო,“-  ამონაშვილის აკადემიის რეკომენდაციები

ამონაშვილის აკადემიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ახალბედა დედების თანადგომისა და მხარდაჭერის მნიშვნელობაზეა საუბარი:

„თანამედროვე სამყაროში საკმაოდ ბევრი ახალბედა დედა ყვება თავის ისტორიას სოციალური ქსელის მეშვეობით. უამრავი მათგანი ცდილობს სწორად წარმოაჩინოს ის სირთულეები, რომლებთანაც მათ შეჯახება უწევთ. რა თქმა უნდა, შვილის დაბადება - უბედნიერესი მომენტია ოჯახისთვის, თუმცა ეს საკმაოდ დიდი სტრესიცაა მშობლებისათვის. სწორედ ამიტომ მათთან ურთიერთობისას თითოეული ჩვენგანის მხრიდან, პირველ რიგში, გაგება და მეტი ემპათიაა საჭირო.

რაში შეიძლება დავეხმაროთ ახალბედა დედას? ახალბედა დედები ხშირად განიცდიან ყურადღების ნაკლებობას, რადგანაც გარშემო მყოფების ყურადღების ცენტრში ლოგიკურია, რომ ექცევა ახალშობილი ბავშვი. ამიტომაც ნუ დაგვავიწყდებიან ისინი, ვკითხოთ როგორ გრძნობენ თავს, დავინტერესდეთ მათი მდგომარეობით. პირველ რიგში - გამოვხატოთ ემოციური მხარდაჭერა, მოვუსმინოთ, არავითარ შემთხვევაში არ გავკიცხოთ ისინი მათი ბუნებრივი ემოციური მდგომარეობის გამო, რაც ხშირ შემთხვევაში ვლინდება დაბალ გუნება-განწყობილებაში, გადაღლაში, გადაწვაში. დედის ცხოვრება ბავშვის დაბადებიდან რადიკალურად იცვლება. ნუ დავუწყებთ მას ჭკუის სწავლებას ნურავითარ შემთხვევაში, რადგან ხშირად ახალბედა დედები უამრავი ადამიანისგან სრულიად განსხვავებულ ინფორმაციას ისმენენ, რაც კიდევ უფრო ნეგატიურად მოქმედებს მათ ემოციურ მდგომარეობაზე. უბრალოდ თუ გვსურს - გავუზიაროთ მათ ჩვენი პირადი გამოცდილება, სულ ესაა.

რა თქმა უნდა, ყველას გვსურს დავეხმაროთ ახალბედა დედას და შევუმსუბუქოთ მას ყოველდღიური სტრესით გამოწვეული დაღლა. ამის გამო ხშირად ხდება ხოლმე, რომ ვცდილობთ გამოვართვათ ბავშვი, გავართოთ ის, გავასეირნოთ, გვყავდეს ხელში და ა.შ. თუმცა ეს შესაძლოა არ იყოს მისაღები დედისთვის, ან პირიქით - ის თავს სულაც არ გრძნობდეს მშვიდად და დასვენებულად მაშინ, როცა ბავშვი სხვას ჰყავს. ამიტომ უმჯობესია ვკითხოთ რაში სჭირდება მას ჩვენი დახმარება, რაში შეგვიძლია ჩვენ, რომ წავეშველოთ? მისთვის შეიძლება უმჯობესი იყოს სახლის საქმეების მოწესრიგება, ვიდრე ის, რომ ბავშვთან სხვა ადამიანი იმყოფებოდეს. ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ დედის აზრი, მისი მდგომარეობა და მისივე მითითებებით შევუმსუბუქოთ მას საქმეები.

ხშირად შევაქოთ ახალბედა დედები და ნუ დავიშურებთ მათთვის კომპლიმენტებს! მათ ეს ძალიან სჭირდებათ. დაე, იცოდნენ, რომ ისინი საკმაოდ კარგად ართმევენ თავს ცხოვრების ახალ გამოწვევებს, რომ ძალიან კარგად გამოიყურებიან და ძალიან უხდებათ ყოველდღიურობის ეს ახალი როლი!“- აღნიშნულია პოსტში.

წყარო: ამონაშვილის აკადემია

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია,“ - ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი

ბავშვთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს ფეხშიშველი სიარულის შესაძლებლობა მისცენ:

„თუ ბავშვი სიარულს სწავლობს, ფეხზე დგება, დაყრდნობა იცის და ცდილობს, რომ იაროს, სჯობს, რომ ფეხზე საერთოდ არ ეცვას. ასე ის უკეთესად შეიგრძნობს იმ ზედაპირს, რომელზეც დგას. კონტაქტი მის სხეულსა და ზედაპირს შორის გაცილებით უკეთესად ყალიბდება. ის უკეთესად გრძნობს, რომელი ზედაპირია მყარი, რომელი რბილი, სად შეიძლება ენდოს, სად შეიძლება ფეხი დაუცურდეს. თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია. არ არის აუცილებელი ორთოპედიული ფეხსაცმელების და სუპინატორების დამზადება.

ამდენი წელია ბავშვების ექიმი ვარ და ყოველი პაციენტის ჩემს კაბინეტში შემოყვანა იწყება ამაზე საუბრით, რომ გახადეთ ბავშვს, სცხელა. ძალიან დაეჭვებული სახით მიყურებენ ხოლმე, გახდიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩემი კაბინეტიდან გავლენ, აუცილებლად ჩააცმევენ. რომელიღაც ოჯახის წევრი, ძირითადად ბებიები, ჭკვიან ექიმად არ მომიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა?! მე უნდა ვიბრძოლო ბავშვებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ლევან ხარაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“ 

წაიკითხეთ სრულად