Baby Bag

ყველაფერი ახალშობილის მოვლის შესახებ

ყველაფერი ახალშობილის მოვლის შესახებ

ახალშობილის მოვლასთან დაკავშირებით  MomsEdu.ge-ს ექიმი-ნეონატოლოგი თინათინ ქურდაძე ესაუბრა. 

მისი თქმით, მშობლები უცილებლად წინასწარ უნდა მოემზადონ ბავშვის დაბადებისთვის. განსაკუთრებით რთულია ე.წ. ადაპტაციის პერიოდი. დედას სჭირდება გარკვეული დრო, რომ მისი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა ნორმას დაუბრუნდეს.

- როგორ უნდა ეძინოს ახალშობილს?

- ახალშობილები დროის უდიდეს ნაწილს ძილში ატარებენ, ამიტომ მნიშვნელოვანია პატარას ჰქონდეს ცალკე სივრცე ძილისთვის.

გაითვალისიწინეთ, რომ მშობლებისა და ახალშობილის ღამით ერთად ძილი რეკომენდებული არ არის.

ახალშობილს უნდა ეძინოს საკუთარ საწოლში, ნახევრად მყარ მატრასზე. არ ვიყენებთ ბალიშს, ზეწარი უნდა იყოს რეზინის ბოლოებით, რათა კარგად გადაიჭიმოს ლეიბზე და ახალშობილს მოძრაობისას არ შეექმნას დისკომფორტი. ვაძინებთ საძილე ტომრით, საწოლის გარშემო არ უნდა იყოს ე.წ. ,,ბამპერები" (საწოლის შიდა მხარეს დასამაგრებელი რბილი დამცავები). საწოლში პატარას არ უნდა ჰქონდეს ფუმფულა სათამაშოები, რადგან ახალშობილს ძილის დროს ჰაერი უნდა მიეწოდებოდეს თავისუფლად. (SIDS-ის პრევენცია) ოთახში უნდა ვაკონტროლოთ ჰაერის ტემპერატურა, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ 18-20 გრადუსი ცელსიუსის ფარგლებში. ვინარჩუნებთ უფრო მეტად სიგრილეს SIDS-ის თავიდან აცილების მიზნით (Sudden infant death syndrome - ახალშობილის უეცარი სიკვდილი), ასევე, საყურადღებოა ჰაერის ტენიანობა. ყოველივე ამას ვარეგულირებთ სეზონის მიხედვით.

ბავშვის ოთახი თავისუფალი უნდა იყოს ხალიჩების, წიგნებისა და სხვა ალერგენებისგან. ხშირად უნდა მოხდეს ახალშობილის ოთახის განიავება და სველი წესით დალაგება.

- როგორ უნდა ჩავაცვათ ახალშობილს?

- ახალშობილის ორგანოთა სისტემები ჯერ კიდევ არის მომწიფების ფაზაში და არ არის განვითარებული თერმორეგულაცია. შესაბამისად, არსებობს ახალშობილის გადახურების ან გადაციების საფრთხე.

უნდა ვაკონტროლოთ ახალშობილის სხეულის ტემპერატურა, იზომება ანალურად. ახალშობილობის პერიოდში ნორმად ითვლება 36.5 -37,5 ცელსიუს გრადუსამდე. ახალშობილს უნდა ჩავაცვათ ზომიერად, ბუნებრივი ქსოვილის ტანსაცმელი, სეზონის შესაბამისად.

რეკომენდირებულია თუ არა ახალშობილის გასეირნება?

- ახალშობილის გასეირნება შეიძლება და აუცილებელიცაა სამშობიაროდან გაყვანიდან მესამე-მეოთხე დღეს. სასურველია, დილის საათებში (10-11 საათამდე), როდესაც ჰაერი განსაკუთრებით სუფთაა. არ არის შეზღუდული სეირნობის დრო (მხოლოდ ძლიერი ყინვისას) საწყის ეტაპზე ვიწყებთ 30 წუთით და ყოველდღიურად ვზრდით დროს, შესაძლებლობების მიხედვით.

პატარას ვასეირნებთ სპეციალურად მოწყობილ პარკებსა და სკვერებში. ახალშობილის სეირნობა რეკომენდებულია ყველანაირი ამინდის პირობებში, გარდა ქარისა.

- როდის უნდა დავბანოთ ახალშობილი?

- ახალშობილისთვის დაბანა ძალიან სასიამოვნო პროცესია, თუმცა წყალთან პირველი კონტაქტი ზოგისთვის შეიძლება არაკომფორტული იყოს და იტიროს. დაბანა არ არის რეკომენდებული ჭიპლარის მოცილებამდე, ინფიცირების რისკის გამო. ვბანთ ყოველ დღე, ჭამამდე ან ჭამიდან 1 საათის შემდეგ, თბილ წყალში, აბაზანის სახით. კვირაში ერთხელ საბავშვო გელით და შამპუნით (ყოველდღიური მოხმარება აშრობს კანს). არა არის რეკომენდებული სუნიანი და ქაფიანი დასაბანი საშუალებები.

ბანაობისას წყალი უნდა ფარავდეს ახალშობილის ბეჭებს. მშობელს ერთი ხელით უნდა ეჭიროს ბავშვის თავი და მხრები, მეორე ხელით სხეული ჩამობანოს ნაზად.

წყალი არ უნდა იყოს გადადუღებული ან სტერილური. ტემპერატურა უნდა მერყეობდეს 37-38 ცელსიუს გრადუსამდე. აუცილებელია, რომ ნაკლებად გამოვიყენოთ ე.წ. სველი ხელსახოცები, გოგონებს ვბანთ წინიდან უკან მიმართულებით, ბიჭუნებს პირიქით. ჩაბანის ტექნიკა მნიშვნელოვანია ინფექციის განვითარების პრევენციისთვის. უსაფრთხოების მიზნით, საბავშვო აბაზანა უნდა იდგას მყარ ზედაპირზე და ბავშვი არასდროს უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ.

- როგორ უნდა მოვუაროთ ახალშობილის კანს?

ჩვეულებრივ შემთხვევაში ახალშობილის კანს სპეციალური კოსმეტიკური საშუალებები არ სჭირდება. თუ კანი არ არის გამომშრალი, ყოველდღიურად დამატენიანებელი კრემების გამოყენება რეკომენდებული არ არის.

მნიშვნელოვანია, რომ ბანაობის შემდეგ ახალშობილი გავამშრალოთ კარგად, განსაკუთრებით კანის ნაკეცებში. კანის სიწითლის ან დაზიანების შემთხვევაში, არ ვიყენეთ სპირტს და პუდრას. ვიყენებთ მხოლოდ სპეციალურ საცხს, იქნება ეს საფენის ქვეშ თუ კანის ნაკეცები.

- როგორ უნდა მოვუაროთ ახალშობილის ყურს, ცხვირს და თვალებს?

- ყოველი აბაზანის შემდეგ, ახალშობილს ყურები და ცხვირი უნდა გავუმშრალოთ გარედან, სუფთა პირსახოცით. შეგვიძლია აღნიშნული არეები ზედაპირულად გავწმინდოთ სპეციალური, საბავშვო ბამბის ჩხირით.

თვალებუდის არეებს ყოველდღიური დამუშავება არ სჭირდება, უნდა გამშრალდეს ჩვეულებრივ. საჭიროების შემთხვევაში, თუ ატყობთ მცირე გამონადენს/სეკრეტს, ბამბის დისკს ვასველებთ სუფთა, გაგრილებულ-გადადუღებულ წყალში ან ფიზიოლოგიურ ხსნარში და ნაზად, ზედაპირულად ვწმენდთ თვალბუდის არეს, ცხვირის შიდა კუთხიდან - გარეთ მიმართულებით. ახალშობილის საცრემლე არხის დაინფიცირება მარტივად ხდება და დამუშავების ტექნიკას დიდი მნიშნელობა აქვს.

არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ერთი ბამბის დისკი ორივე თვალზე. თუ თვალის გარშემო ატყობთ სიწითლეს, შეშუპებას, უხვი რაოდენობით გამონადენს და ქუთუთოები დაწებებულია, მიმართავთ პედიატრს/ნეონატოლოგს.

- როგორ უნდა მოვუაროთ ახალშობილის ჭიპლარს?

ახალშობილის ჭიპლარის ტაკვს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. ვიდრე ტაკვი მომჭერშია ან არაა შეხორცებული, არ უნდა მოვაქციოთ პამპერსში, საფენი უნდა შევკრათ ჭიპის ქვემოთ, რათა არ მოხდეს დაინფიცირება. დაბანის დროს, არ არის რეკომენდებული ჭიპის ტაკვის შეხვევა ან რაიმეს დაკვრა, ვამშრალებთ ჩვეულებრივ. არ საჭიროებს ყოველდღიურად დამუშავებას სპეციალური ანტისეპტიკური ხსნარებით. ჭიპლარის ტაკვის გასუფთავების მიზნით უნდა გამოვიყენოთ უალკოჰოლო ხსნარები.

- როდის უნდა მოცილდეს ახალშობილს ჭიპლარი?

ჭიპლარის მუმიფიცირების და მოცილების დრო ინდივიდუალურია. ჩვეულებრივ შემთხვევაში, პროცესი, დაახლოებით, გრძელდება 4 დღიდან 10 დღემდე.  ჭრილობა ხორცდება 4 კვირამდე.

- რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს?

- სანამ ჭრილობა ღიაა, ჭიპლარის ტაკვიდან შეიძლება მოხდეს ინფიცირება და განვითარდეს ადგილობრივი ან სისტემური ინფექციური პროცესი.

- რა საშუალებები შეიძლება გამოვიყენოთ ჭიპლარის სწორად მოვლისთვის?

ახალშობილის ჭიპლარი სპეციალურ მოვლის საშუალებებს არ საჭიროებს. გასუფთავებისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ ოქტენისეპტის უალკოჰოლო ხსნარი, ანფიზიოლოგიური ხსნარი. აღარაა რეკომენდებული ფერადი ანტისეპტიკური საშუალებების (ბეტადინის ხსნარი ან ბრილიანტის მწვანე), სპირტის (არც 70%-იანი), ქლორჰექსიდინის გამოყენება. დასაშვებია მხოლოდ საჭიროებისას, ექიმის დანიშნულებით.

- რა ნიშნების შემთხვევაში უნდა მივმართოდ პედიატრს?

თუ ჭიპლარის ტაკვის გარშემო ატყობთ სიწითლეს ან სისველეს და სუნიან გამონადენს აუცილებლად უნდა მიმართოთ ნეონატოლოგს/პედიატრს.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ტემპერატურა ორი-სამი დღის განმავლობაში მაღალ ციფრებზეა, მაშინ უნდა იფიქროთ, რომ ეს არის კორონავირუსი,“ - ივანე ჩხაიძე

„თუ ტემპერატურა ორი-სამი დღის განმავლობაში მაღალ ციფრებზეა, მაშინ უნდა იფიქროთ, რომ ეს არის კორონავირუსი,“ - ივანე ჩხაიძე

პედიატრმა ივანე ჩხაიძემ ბავშვებში კოვიდ-19-ის მიმდინარეობის თავისებურებებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ვირუსი ყველაზე საშიშია წლამდე ასაკის პატარებისთვის:

„ყველაზე საშიში არის წლამდე ასაკი. წლამდე ასაკის ბავშვი, ​თუ კორონავირუსი დაფიქსირდა და ცხელება არის, აუცილებლად უნდა იყოს საავადმყოფოში. იქ გართულებების რისკი გაცილებით მაღალია. ამ ასაკობრივ ჯგუფში ჩვენ ყოველთვის უფრო ფრთხილად ვართ. იმუნური სისტემის მზაობა გაცილებით უფრო სუსტია, ვიდრე მოზრდილ ასაკობრივ ჯგუფში. ჩვენ ყოველთვის გვეშინია წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ნებისმიერი ვირუსული ინფექციის.“

ივანე ჩხაიძის თქმით, მაისში გრიპის არცერთი შემთხვევა საქართველოში არ ფიქსირდება და გრიპის სეზონი აპრილში დასრულდა:

„მაისის თვეში არცერთი შემთხვევა არ არის გრიპი. გრიპის სეზონი საქართველოში იწყება ნოემბერში და მთავრდება ყველაზე გვიან აპრილში. წელს ქვეყანაში ორი შემთხვევაა დაფიქსირებული გრიპის. ის, რომ ახლა სეზონური ვირუსების მატება აღინიშნება, ეს ფაქტია, მაგრამ ეს არ არის გრიპი. გრიპის დროს აუცილებლად არის მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, სახსრების, კუნთების ტკივილი, ზოგადი მდგომარეობა მძიმეა. ეს არის გრიპი. ის ვირუსები, რომლებიც ახლაა, ძირითადად სასუნთქ სისტემაზე მოქმედებენ.​ არის ხველა, ცხვირიდან გამონადენი, შეიძლება იყოს მსუბუქი ყელის ტკივილი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მაღალი ტემპერატურა, არავითარ შემთხვევაში ძლიერი დაღლილობის, სხეულის ტკივილის, საერთო სისუსტის შეგრძნება. ეს უფრო გრიპისთვის არის დამახასიათებელი.“

„თუ ტემპერატურა ორი-სამი დღის განმავლობაში მაღალ ციფრებზეა, მაშინ ​უნდა იფიქროთ, რომ ეს არის კორონავირუსი. არცერთ იმ ტიპის ვირუსს არ ახასიათებს გახანგრძლივებული ტემპერატურა 38-ზე მაღალი. ყველაზე მარტივი რჩევა ეს იქნება. თუ თქვენი შვილი არ ჭამს, ძილიანია, უხასიათოდ არის, იფიქრეთ, რომ ეს შეიძლება იყოს კორონავირუსი. აუცილებლად მიმართეთ ექიმს,“ - აღნიშნულ საკითხებზე ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად