Baby Bag

​ზაფხულში ზღვა თუ მთა და რამდენი დღეა საჭირო, რომ ბავშვს ჰაერის გამოცვლაში ჩაეთვალოს

​ზაფხულში ზღვა თუ მთა და რამდენი დღეა საჭირო, რომ ბავშვს ჰაერის გამოცვლაში ჩაეთვალოს

ზაფხულში ზღვა თუ მთა, რომელია მეტად სასურველი? - Momsedu.ge-ს კითხვას ცნობილმა პედიატრმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ინგა მამუჩიშვილმა უპასუხა. მისი თქმით, ორივე ძალიან სასარგებლოა:

ორივე ძალიან სასარგებლოა. მე ყოველთვის იმას ვამბობ, რომ ვერ მოვუწოდებ საზოგადოებას, მაინცდამაინც ამა და ამ კურორტზე უნდა წაიყვანოს ბავშვი, ნამდვილად არა. უბრალოდ, სასურველია თუ თბილისის დაბინძურებულ გარემოს გავარიდებთ ბავშვს და წავიყვანთ შედარებით გამწვანებულ, რეკრეაციულ ზონებში, თუნდაც სოფელში.“

კითხვაზე თუ რამდენი რამდენი დღე არის საჭირო, რომ ბავშვს ჰაერის გამოცვლაში ჩაეთვალოს, როგორც პედიატრი აღნიშნავს ბავშვს სჭირდება ადაპტაციური პერიოდი წაყვანის ან თუნდაც ჩამოყვანის დროს. ამისათვის საკმარისია, არანაკლებ 14 დღე:

„ბავშვს სჭირდება ადაპტაციური პერიოდი წაყვანის ან თუნდაც ჩამოყვანის დროს. ამისათვის საკმარისია, არანაკლებ 14 დღე. რა თქმა უნდა, სასურველია 1 თვეც. შეძლებისდაგვარად, როგორც მოახერხებთ, სადაც მოახერხებთ, მთაც და ზღვაც, ორივე სასურველია. რა თქმა უნდა, მშვიდობიან ზაფხულს ვუსურვებ ყველას, თუმცა უმჯობესია თუ ბავშვს ცენტრალურ ქალაქებთან ახლოს გაიყვანთ დასასვენელად, რადგან საჭიროების შემთხევევაში სამედიცინო დახმარება სწრაფად აღმოუჩინონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. მივესალმები შერეულ ჰავას, იქ, სადაც მთაც და ზღვაც გვხდება. უბრალოდ ზღვაზე უნდა დავიცვათ ჰიგიენური ნორმები. ასევე, არ უნდა გვყავდეს ბავშვი მზეზე დიდხანს, არ უნდა გადავახუროთ, უნდა შევეცადოთ, რომ წყალში არ შევიყვანოთ ისეთ დონეზე, რომ წყალი ყლაპოს. გოგონებში ძალიან ხშირია სოკოვანი ინფექციები ზღვის შემდგომ, ამიტომ ყველანაირად უნდა დავიცვათ ეს ნორმები, უნდა შევეცადოთ ვიხმაროთ წყალგაუმტარი საცურაო კოსტიუმები და ა.შ.“

შეიძლება დაინტერესდეთ

„რაც მეტს იწუწავებს, რაც მეტს გაგრილდება, უფრო კარგად არის ბავშვი,“ - ბავშვთა ნევროლოგი ბაკურ კოტეტიშვილი

ბავშვთა ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა მშობლებს ურჩია, რომ სოფელში დასასვენებლად წაყვანილ ბავშვს თავისუფლება მისცენ და ის ზედმეტად არ შეზღუდონ:

„ბავშვები მონატრებულები არიან სოფელს. გაიხსენეთ თქვენი თავი, როდესაც ჩადიოდით სოფელში. პირველ დღესვე ხომ ყველა კუთხე-კუნჭულს მოირბენდით, ყველა ხეზე აძვრებოდით. პირველივე დღეს უნდა ბავშვს, რომ მოამთავროს ყველაფერი. ამ დროს მშობლები ეუბნებიან: რა დროს ეს არის? დაჯექი! ადაპტაცია უნდა ბავშვს, უნდა შეეგუოს, მათი აზრით. გარბიხარ ბავშვებთან, იმიტომ, რომ გენატრება ისინი. ბავშვებს მივცეთ თავისუფლება. ეს ყველაზე მთავარია. ჩვენ უნდა გავყვეთ ბავშვებს ჭიშკარს გარეთ.

ტანსაცმელი იმისთვის არის, რომ დაისვაროს. კიდევ ერთ-ერთი მთავარი არის წყლის ფენომენი. ჩვენ ბავშვობიდანვე წყალს გვიკრძალავენ. ბავშვებს ეუბნებიან: „ბევრი წყალი არ დალიო, საჭმელს ვერ შეჭამ!“ ეს არის აბსოლუტური სისულელე. როგორ უნდა დავლიო ბევრი და იმაზე მეტი, რაც მინდა? რა შუაშია ჭამა წყალთან?! წყალს ხელს შევუშვერდით და რას გვეუბნებოდნენ? „არ დასველდე! გაცივდები!“ ამ დროს გრილდება ბავშვი. მისი ტემპერატურა ჩვენს ტემპერატურაზე ყოველთვის მაღალია. მას გაგრილება უნდა. ხომ წუწაობდით ბავშვობაში?! ამას ვუშლით ბავშვებს. რაც მეტს იწუწავებს, რაც მეტს გაგრილდება, უფრო კარგად არის ბავშვი,“- მოცემულ საკითხზე ბაკურ კოტეტიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად