Baby Bag

„ახალშობილებს ახასიათებთ გახანგრძლივებული ტირილი, ეს არ არის ჩაბჟირება - მშვიდად იყავით, დედიკოებო“ - ინტერვიუ ნეონატოლოგ მაკა ჭიღლაძესთან

„ახალშობილებს ახასიათებთ გახანგრძლივებული ტირილი, ეს არ არის ჩაბჟირება - მშვიდად იყავით, დედიკოებო“ - ინტერვიუ ნეონატოლოგ მაკა ჭიღლაძესთან
რომელ კვირამდე დაბადებული ბავშვი ითვლება დღენაკლულად, როგორ დავუმუშავოთ ჭიპი ახალშობილს და რომელი დღიდან შეიძლება მისი სუფთა ჰაერზე გასეირნება? -  MomsEdu.g​e-ს ამ და სხვა კითხვებს ნეონატოლოგმა მაკა ჭიღლაძემ უპასუხა. 

- ქალბატონო მაკა, რომელ კვირამდე დაბადებული ბავშვი ითვლება დღენაკლულად და თქვენი პრაქტიკიდან, ყველაზე მცირე წონის ახალშობილი რამდენი გრამი იყო და როგორ განვითარდა?

- ოცდაჩვიდმეტ კვირამდე დაბადებულები ითვლებიან დღენაკლ ახალშობილებად. 400 გრ.-დან 700 გრ.-მდეც დაბადებულან ბავშვები. ასეთ დროს, ისინი სამშობიაროდან რეანიმაციაში გადაგვყავს. ვითარდებიან საკმაოდ წარმატებულად და აღწევენ საჭირო, დამაკმაყოფილებელ წონას. მათი ჯანმრთელობა, ჩვეულებრივ, უმჯობესდება და სრულიად ჯანმრთელები ეწერებიან ბინაზე. მშობლები უნდა ეცადონ, რომ ორსულობა მიიტანონ ბოლომდე და გააჩინონ დროული ახალშობილები, მაგრამ თუ ნაადრევად მოხდება ეს ყველაფერი, ჰქონდეთ ჩვენი, კვალიფიცირებული კადრების და იმ სათანადო მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის იმედი, რომელიც გაგვაჩნია. დღენაკლული ბავშვების მდგომარეობა გაუმჯობესდება, განვითარდებიან აბსოლუტურად ნორმალურად და გახდებიან საზოგადოების სრულფასოვანი წევრები.

- რა დახმარება ეწევა ნაადრევად დაბადებულ ახალშობილს, რა პირობების შექმნაა საჭირო მათთვის?

- აუცილებელია სათანადო მოვლა, სითბური რეჟიმი, ნაკლები ინვაზიური პროცედურები, დროული ენტერალური კვება, მშობლებთან სიახლოვე და მაქსიმალური მზრუნველობა.

- რა რჩევებს მისცემთ ახალბედა დედებს?

- ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალშობილს ეცვას თავისუფლად. საჭიროების თვალსაზრისით, ყველაზე მეტად მათ მშობლების სითბო, დედასთან სიახლოვე სჭირდებათ. ისინი დროულად მიგვყავს დედასთან, კანით კანთან კონტაქტი ხორციელდება, ხდება ხელშეწყობა და პირველი საათიდან იწყებენ ძუძუთი კვებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან დროულად დაწყებული ძუძუთი კვება არის იმის გარანტი, რომ დედას და შვილს ექნებათ ხანგრძლივი ურთიერთობა. ძუძუთი კვება გრძელდება 6 თვემდე და სასარგებლო და მიზანშეწოლილია თუ კვება გაგრძელდება 2 წლამდე. აქვე აღვნიშნავ, რომ სამშობიარო სახლში ხელოვნური საკვების დანიშვნა არის კატეგორიულად გამორიცხული. როგორც უკვე გითხარით, ახალდაბადებულები პირველი საათიდანვე იმყოფებიან დედასთან და პირველივე საათიდან ეჭიდებიან დედის ძუძუს. ისინი იღებენ მხოლოდ დედის რძეს.

- რადგან კვებაზე ვსაუბრობთ რომ გვითხრათ, რამდენ საათში ერთხელ არის კვება აუცილებელი ჩვილებში და ბუნებრივია თუ არა, როდესაც ახალშობილი პირველი სამი დღის განმავლობაში წონაში იკლებს?

- ჩვილები იკვებებიან თავიანთი სურვილის მიხედვით, უსისტემოდ, უდოზოდ. რაც შეეხება წონაში კლებას პირველი სამი დღის განმავლობაში, ეს რა თქმა უნდა, ბუნებრივია. პატარების საწყისი წონა აღდგება მე-8, მე-9, მე-10 დღიდან. ამაზე დედიკოებმა არ უნდა ინერვიულონ.

- თუ ჩვილი გამუდებით ტირის, მიუხედავად იმისა, რომ საკვებს საჭირო რაოდენობით იღებს, რა მიზეზი შეიძლება იყოს ამ დროს?

- შეიძლება, მიზეზი იყოს მშობლების ყურადღების დეფიციტი ან მათი განწყობა, რომელსაც ძალიან გრძნობენ პატარები. ამას არამარტო ჩვილები, არამედ ნაყოფიც გრძნობს მუცლადყოფნის პერიოდში.

- ახალშობილის დაბანის წესებზეც რომ გვესაუბროთ. დაბადებიდან მერამდენე დღეს უნდა დავბანოთ პატარა და რა უნდა გავითვალისწინოთ ამ დროს?

- ახალშობილის დაბანა დაბადებიდან 12 საათის შემდეგ არის მიზანშეწონილი. ამ დრომდე საჭიროა სითბური რეჟიმის შექმნა. წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 37 გრადუსი. აუცილებელია, დაბანა ყოველდღიურ რუტინად ჩამოყალიბდეს და  სასურველია, რომ პატარები მივაჩვიოთ რეჟიმს და დავბანოთ ერთსა და იმავე დროს.

- როგორ დავუმუშავოთ ჭიპი ახალშობილს და დაბადებიდან რომელ დღეს უნდა მოძვრეს?

- ჭიპის დამუშავება ხდება დაბადებისთანავე. მის ნარჩენზე უნდა დაიდოს მომჭერი, უნდა მოვუაროთ მშრალად და დავამუშავოთ ბეტადინით. ჭიპლარის ნარჩენის მოცილება არის ინდივიდუალური. საშუალოდ, მეექვსე-მეშვიდე დღეს ახალშობილს სცილდება ჭიპლარის ნარჩენი და გრძელდება ჭიპის ჭრილის დამუშავება ბეტადინით ან ქლორჰექსიდინის ხსნარით.

- რომელი დღიდან შეიძლება ახალშობილის გარეთ გაყვანა, გასეირნება?

- აუცილებელია, რომ ახალშობილი სამშობიაროდან გაწერისთანავე გავიდეს გარეთ, თუნდაც იმავე დღიდან. წელიწადის დროს არ აქვს მნიშვნელობა. მათ ისევე ესაჭიროებათ ჟანგბადი, სუფთა ჰაერი, როგორც ჩვენ-მოზრდილებს. ბავშვები, რომლებიც მშობლებთან ძალიან ახლოს არიან, აქვთ ძალიან მაღალი IQ. 

- ჩვილების ჩაბჟირებაზეც რომ გვესაუბროთ - გვეშინოდეს თუ არა და როგორ მოვიქცეთ ამ დროს?


- ჯანმრთელი და დროული ახალშობილის გახანგრძლივებული ტირილი ხშირად მშობლებს ერევათ ჩაბჟირებაში. ახალშობილებს ახასიათებთ გახანგრძლივებული ტირილი. ეს არ არის ჩაბჟირება, მშვიდად იყავით, დედიკოებო. და თუ თქვენ ეს ძალიან გაშინებთ და ატყობთ, რომ ბავშვს კანის ფერი ეცვლება ან პათოლოგიურ სიმპტომატიკას ავლენს, აუცილებლად უნდა მიმართოთ ბავშვთა ნევროლოგს.

ესაუბრა თამუნა კიკალიშვილი

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვები ძალიან ცოტას მოძრაობენ და ამის გამო არ შივდებათ,“- ენდოკრინოლოგი ირაკლი ფაღავა უმადობის გამომწვევ მიზეზებზე

„ბავშვები ძალიან ცოტას მოძრაობენ და ამის გამო არ შივდებათ,“- ენდოკრინოლოგი ირაკლი ფაღავა უმადობის გამომწვევ მიზეზებზე

ენდოკრინოლოგმა ირაკლი ფაღავამ ბავშვების უმადობის ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზი დაასახელა და აღნიშნა, რომ ბავშვები ფიზიკურად ნაკლებად იტვირთებიან:

„ბავშვებს პირადი მაგალითიც უნდა ვუჩვენოთ. თუ ბავშვი ხედავს, რომ მშობელი კარტოფილის, მაკარონის, ხაჭაპურის მეტს არაფერს არ მიირთმევს, ნაკლები ალბათობაა, რომ თვითონ სხვა პროდუქტები გასინჯოს. ჩემი დაკვირვებებით, დღეს და უკვე ათწლეულებია ასეა, რომ ბავშვები ძალიან ცოტას მოძრაობენ და ცოტას რომ მოძრაობენ არ შივდებათ. აბა რეალურად ფიზიკურად დაღლილი, მოქანცული, ნარბენი ბავშვი მოვიდეს, ის ყველაფერს გადასანსლავს. თუ ყველაფერს არა, ბევრ რამეს გასინჯავს. მეტი ალბათობაა, რომ იგივე ტოლმა შეჭამოს ან სხვა რამე.

ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია ბავშვის ასაკსა და წონაზე. ჩემი დაკვირვებებით, ბავშვები უფრო ხშირად ეტანებიან პურს. მათ უყვართ პური, იმიტომ, რომ ის ნახშირწყალია, ტკბილია. ის, რომ ბავშვი არ ჭამს პურს, ეს უფრო მეტად არის მშობლისა და ბებია-ბაბუის ახირება. ერთი პურის ნაჭერი იმდენ კალორიას შეიცავს, რომ ჰყოფნით ბავშვებს. საქართველოში საკმაოდ გავრცელებულია ცელიაკია. ცელიაკია ეს არის ხორბლის, ჭვავის, ქერისა და შვრიის აუტანლობა. მადაც ეკარგება აქ ბავშვს და თუ ჭამს, არ ერგება, ვერ იმატებს წონაში და არის გამხდარი,“- მოცემულ საკითხზე ირაკლი ფაღავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად