Baby Bag

მეცნიერების მტკიცებით, ჩვილის ქცევაზე დაკვირვებით მისი ზრდასრულობის ასაკის ხასიათის თავისებურებების განსაზღვრა შეგვიძლია

მეცნიერების მტკიცებით, ჩვილის ქცევაზე დაკვირვებით მისი ზრდასრულობის ასაკის ხასიათის თავისებურებების განსაზღვრა შეგვიძლია
ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული კვლევებით დგინდება, რომ ჩვილის ქცევაზე დაკვირვებით მისი ზრდასრულობის ასაკის ხასიათის თავისებურებების განსაზღვრა შეიძლება. მერილენდის უნივერსიტეტის, ამერიკის კათოლიკური უნივერსიტეტისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ინსტიტუტის ერთობლივი კვლევების შედეგად მეცნიერებმა 165 ბავშვის ფსიქოლოგიური პორტრეტი შეისწავლეს. ისინი უმეტესად 14 თვის ასაკის პატარებს აკვირდებოდნენ. მეცნიერებმა სხვადასხვა ტემპერამენტის მქონე ბავშვები შეისწავლეს.

ბავშვები, რომლებსაც მოქმედების დროს მეტისმეტი სიფრთხილე და წინდახედულობა ახასიათებთ, ზრდასრულ ასაკში სოციუმისგან განცალკევებისა და შფოთვითი აშლილობისკენ მიდრეკილებას ამჟღავნებენ. როგორც წესი, ზედმეტად ფრთხილ ბავშვებს მათთვის უცნობი პიროვნებები ან საგნები ძალიან აშინებთ. კვლევებით დადგინდა, რომ პატარები, რომლებიც შედარებით ლაღი ხასიათით გამოირჩევიან, ზრდასრულ ასაკში შფოთვითი აშლილობებით ნაკლებად იტანჯებიან.

ბავშვების განვითარების თავისებურებებზე დასაკვირვებლად მეცნიერებმა 115 ბავშვი 15 წლის ასაკში სხვადასხვა კრიტერიუმით შეაფასეს, ხოლო 109 ზრდასრული 26 წლის ასაკში შეფასდა. მეცნიერები მოზარდების და ზრდასრულების ფსიქოპათოლოგიას, სოციალურ ფუნქციებს, პიროვნულ მახასიათებლებს, განათლების დონესა და შემოსავლებს აფასებდნენ.

კვლევებით დადგინდა, რომ ბავშვები, რომლებიც ჩვილობისას სიახლეებისადმი შიშსა და შფოთვას იჩენდნენ, 26 წლის ასაკში ჩაკეტილ და იდუმალ პიროვნებებად ყალიბდებოდნენ. მათ თინეიჯერობიდან ადრეულ ზრდასრულობამდე რომანტიკული თავგადასავლები ნაკლებად ჰქონდათ, ხოლო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობა უძნელდებოდათ. ჩვილობის ასაკში სიფრთხილისა და შიშის მაღალი მაჩვენებელი ზრდასრულთა განათლების დონესა და შემოსავლებზე გავლენას არ ახდენდა.

კვლევით დადასტურდა, რომ იმ ბავშვების დიდი ნაწილი, რომლებსაც 15 წლის ასაკში შეცდომების დაშვების შიში ჰქონდათ, 26 წლის ასაკში შფოთვითი აშლილობებითა და დეპრესიით იტანჯებოდა.

ბავშვობის ასაკის თავისებურებები ადამიანის ფსიქიკურ განვითარებაზე რომ უდიდეს გავლენას ახდენს, ეს საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, თუმცა უახლესმა კვლევამ აჩვენა, რომ ზრდასრულ ასაკში გამოვლენილი ფსიქიკური პრობლემების პირველწყაროების მოძიება ჩვილობის ასაკშიც შეგვიძლია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მათ მიერ ჩატარებული კვლევა ფსიქოლოგებსა და ფსიქიატრებს ფსიქიკური აშლილობებისკენ მიდრეკილი ადამიანების ადრეულ ასაკში იდენტიფიცირების შესაძლებლობას მისცემს. რისკ-ჯგუფების ნაადრევად გამოვლენა მათ მომავალში ფსიქიკური პრობლემების განვითარებისგან დაიცავს და მშობლებს აღნიშნული პრობლემების პრევენციის შესაძლებლობებს მისცემს.

კვლევის ორგანიზატორების თქმით, ისინი საკვლევი ჯგუფების გაფართოებას და მიღებული შედეგების ფართო პოპულაციაზე განვრცობას გეგმავენ. 

მომზადებულია ​thejakartapost.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვებში კოვიდ-19-ით ინფიცირებისას ცხვირიდან გამონადენი არის წყალივით, როგორც ალერგიული სურდოს დროს,“ - ოტორინოლარინგოლოგი ლიკა ლომიძე

„ბავშვებში კოვიდ-19-ით ინფიცირებისას ცხვირიდან გამონადენი არის წყალივით, როგორც ალერგიული სურდოს დროს,“ - ოტორინოლარინგოლოგი ლიკა ლომიძე

ოტორინოლარინგოლოგი ლიკა ლომიძე საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი-მარი მალაზონია“ ბავშვებში გავრცელებულ კოვიდ-19-ის სიმპტომებზე საუბრობს. მისი თქმით, ყნოსვის დაკარგვა კორონავირუსის ყველაზე აშკარა სიმპტომია:

„როდესაც ​ყნოსვის დაკარგვაზე ვსაუბრობთ, სხვანაირად არის საქმე. ასე უეცრად ყნოსვის დაკარგვა არ ვითარდება, ეს იშვიათი სიმპტომია და ასეთ შემთხვევაში პირდაპირ ვვარაუდობთ, რომ კოვიდთან გვაქვს საქმე.“

ლიკა ლომიძის თქმით, კოვიდ-19-ს ალერგიული სურდოსთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვს:

​რაც შეეხება ყელის ტკივილს და თუნდაც რინორეას, რომელიც ახასიათებს კოვიდს, ვგულისხმობ ცხვირიდან გამონადენს, კოვიდ-19-ით ინფიცირების დროს არის წყალივით გამონადენი, როგორც ალერგიულ სურდოს ახასიათებს ისეთი. მას არ ახასიათებს ის სქელი გამონადენი, რომელიც ვირუსული ინფექციის გამწვავების დროს იცის. ტიპიურია, რომ შევხედავთ, თითქოს ალერგია გვეგონება, მაგრამ არის გაუთავებელი და ​არ შველის ცხვირში ჩასაწვეთებლები. წვეთებს მხოლოდ რამდენიმე ხნით, 2-3 საათით შეუძლია მდგომარეობის შემსუბუქება.“

„რაც შეეხება ყელის ტკივილს, ის ბევრნაირია. ​შესაძლოა, იყოს მწვავე ტონზილიტი, იგივე ანგინა, ნებისმიერი ტიპის ანგინით შეიძლება გამოვლინდეს. ეს იქნება კატარალურით დაწყებული, თუ ჩირქოვანი ნადებით დამთავრებული. ტონზილიტზე უკვე უნდა ავიღოთ ეჭვი, რომ ყველა ვარიანტში გაკეთდეს გამოკვლევა,“ - აცხადებს მარი ლომიძე.

წყარო: ​პირადი ექიმი - მარი მალაზონია

წაიკითხეთ სრულად