Baby Bag

მეცნიერების მტკიცებით, ჩვილის ქცევაზე დაკვირვებით მისი ზრდასრულობის ასაკის ხასიათის თავისებურებების განსაზღვრა შეგვიძლია

მეცნიერების მტკიცებით, ჩვილის ქცევაზე დაკვირვებით მისი ზრდასრულობის ასაკის ხასიათის თავისებურებების განსაზღვრა შეგვიძლია
ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული კვლევებით დგინდება, რომ ჩვილის ქცევაზე დაკვირვებით მისი ზრდასრულობის ასაკის ხასიათის თავისებურებების განსაზღვრა შეიძლება. მერილენდის უნივერსიტეტის, ამერიკის კათოლიკური უნივერსიტეტისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ინსტიტუტის ერთობლივი კვლევების შედეგად მეცნიერებმა 165 ბავშვის ფსიქოლოგიური პორტრეტი შეისწავლეს. ისინი უმეტესად 14 თვის ასაკის პატარებს აკვირდებოდნენ. მეცნიერებმა სხვადასხვა ტემპერამენტის მქონე ბავშვები შეისწავლეს.

ბავშვები, რომლებსაც მოქმედების დროს მეტისმეტი სიფრთხილე და წინდახედულობა ახასიათებთ, ზრდასრულ ასაკში სოციუმისგან განცალკევებისა და შფოთვითი აშლილობისკენ მიდრეკილებას ამჟღავნებენ. როგორც წესი, ზედმეტად ფრთხილ ბავშვებს მათთვის უცნობი პიროვნებები ან საგნები ძალიან აშინებთ. კვლევებით დადგინდა, რომ პატარები, რომლებიც შედარებით ლაღი ხასიათით გამოირჩევიან, ზრდასრულ ასაკში შფოთვითი აშლილობებით ნაკლებად იტანჯებიან.

ბავშვების განვითარების თავისებურებებზე დასაკვირვებლად მეცნიერებმა 115 ბავშვი 15 წლის ასაკში სხვადასხვა კრიტერიუმით შეაფასეს, ხოლო 109 ზრდასრული 26 წლის ასაკში შეფასდა. მეცნიერები მოზარდების და ზრდასრულების ფსიქოპათოლოგიას, სოციალურ ფუნქციებს, პიროვნულ მახასიათებლებს, განათლების დონესა და შემოსავლებს აფასებდნენ.

კვლევებით დადგინდა, რომ ბავშვები, რომლებიც ჩვილობისას სიახლეებისადმი შიშსა და შფოთვას იჩენდნენ, 26 წლის ასაკში ჩაკეტილ და იდუმალ პიროვნებებად ყალიბდებოდნენ. მათ თინეიჯერობიდან ადრეულ ზრდასრულობამდე რომანტიკული თავგადასავლები ნაკლებად ჰქონდათ, ხოლო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობა უძნელდებოდათ. ჩვილობის ასაკში სიფრთხილისა და შიშის მაღალი მაჩვენებელი ზრდასრულთა განათლების დონესა და შემოსავლებზე გავლენას არ ახდენდა.

კვლევით დადასტურდა, რომ იმ ბავშვების დიდი ნაწილი, რომლებსაც 15 წლის ასაკში შეცდომების დაშვების შიში ჰქონდათ, 26 წლის ასაკში შფოთვითი აშლილობებითა და დეპრესიით იტანჯებოდა.

ბავშვობის ასაკის თავისებურებები ადამიანის ფსიქიკურ განვითარებაზე რომ უდიდეს გავლენას ახდენს, ეს საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, თუმცა უახლესმა კვლევამ აჩვენა, რომ ზრდასრულ ასაკში გამოვლენილი ფსიქიკური პრობლემების პირველწყაროების მოძიება ჩვილობის ასაკშიც შეგვიძლია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მათ მიერ ჩატარებული კვლევა ფსიქოლოგებსა და ფსიქიატრებს ფსიქიკური აშლილობებისკენ მიდრეკილი ადამიანების ადრეულ ასაკში იდენტიფიცირების შესაძლებლობას მისცემს. რისკ-ჯგუფების ნაადრევად გამოვლენა მათ მომავალში ფსიქიკური პრობლემების განვითარებისგან დაიცავს და მშობლებს აღნიშნული პრობლემების პრევენციის შესაძლებლობებს მისცემს.

კვლევის ორგანიზატორების თქმით, ისინი საკვლევი ჯგუფების გაფართოებას და მიღებული შედეგების ფართო პოპულაციაზე განვრცობას გეგმავენ. 

მომზადებულია ​thejakartapost.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

​რა უნდა ვიცოდეთ D ვიტამინსა და კოვიდ-19-ზე?

​რა უნდა ვიცოდეთ D ვიტამინსა და კოვიდ-19-ზე?

რა უნდა ვიცოდეთ D ვიტამინსა და კოვიდ-19-ზე, - აღნიშნულ თემაზე ექიმი ნანა სხილაძე წერს. გთავზობთ მის ​პოსტს უცვლელად:

„D ვიტამინის პოტენციური როლისადმი ინტერესი მწვავე რესპირატორული ინფექციების პროფილაქტიკაში და მკურნალობაში ჯერ კიდევ 1930-იანი წლებიდან იწყება. ბევრი რანდომიზებული კონტროლირებადი გამოკვლევების მეტაანალიზებით ვლინდებოდა D ვიტამინის დამცავი მოქმედებები მწვავე რესპირატორული ინფექციებისგან, თუმცა ეს ეფექტები იყო ზომიერი მნიშვნელოვანი ჰეტეროგენულობით.

​მისმა დეფიციტმა, სიმსუქნის, ხანდაზმული ასაკისა და შავი ან აზიური ეთნიკური წარმოშობის ჩათვლით, ზოგი მკვლევარი მიიყვანა ჰიპოთეზამდე, რომ D ვიტამინის დამატება შეიძლება იყოს მთავარი, როგორც პრევენციული ან სამკურნალო საშუალება COVID-19-ისთვის.

​მექანიკური თვალსაზრისით, არსებობს საფუძველი იმისა, რომ ვიტამინი D დადებითად აწესრიგებს მასპინძლის რეაქციებს მწვავე რესპირატორული სინდრომის დროს როგორც ადრეულ ვირემიულ (SARS-CoV-2), ასევე მოგვიანებით ჰიპერინფლაზმურ ფაზებზე - COVID-19.

​რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ D ვიტამინის დეფიციტის მქონე პირებში უფრო ძნელად მიმდინარეობდა კოვიდ 19 ვიდრე იმ პირებში, სადაც ამ ვიტამინის უკმარისობა არ აღინიშნებოდა.

​ექსპერტები იკვლევენ, შეუძლია თუ არა D ვიტამინის მიღებამ დაგვიცვას კოვიდ 19-ის ინფექციისგან.

​მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში უამრავი ინფორმაცია იდება დანამატები ვიტამინების შესახებ, რომლებიც ასევე მიიჩნევა კორონავირუსის ფარად, ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, დოქტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ე.წ. იმუნური სისტემის გამაძლიერებელი დანამატები სინამდვილეში არაფერს აკეთებენ.

​მისი აზრით, არსებობს მხოლოდ ერთი დანამატი, რომელიც „მზის ვიტამინად“ მიიჩნევა და ეს არის D ვიტამინი, რომელიც გავლენას ახდენს ინფექციის მგრძნობელობაზე.

​ფაუჩიმ ვრცლად ისაუბრა D ვიტამინის როლზე იმუნური სისტემის მხარდაჭერაში.

​D ვიტამინი ამცირებს რესპირატორული ინფექციების განვითარების რისკს! მრავალი კვლევის თანახმად, D ვიტამინის უმრავლესობამ შეიძლება გაზარდოს კორონავირუსული ინფექციის რისკი და მისი სიმძიმე. გამოკვლევით დგინდება, რომ კოვიდ-19-ის სიკვდილიანობა უფრო მაღალია იმ ქვეყნებში, სადაც მზე თითქმის არასდროს ანათებს მაგ: ფინეთი, მონღოლეთი, ესტონეთი და ა.შ.  და მოსახლეობას მზის სხივების სიმცირის გამო აქვთ D vit. დეფიციტი. კვლევა ცხადჰყოფდა, რომ D ვიტამინის დეფიციტის მქონე პირები უფრო ხშირად იყვნენ კოვიდ დადებითი, ვიდრე ისინი, ვისაც დეფიციტი არ აღენიშნებოდა. სხვა გამოკვლევების თანახმად,  D ვიტამინის დეფიციტის მქონე პირებს, უფრო რთული გამოსავალი ჰქონდათ.

​რასაკვირველია, იმას, თუ ვინ რა დოზით და რა სახით უნდა მიიღოს ნებისმიერი ვიტამინი, ექიმი ადგენს ანალიზის საფუძველზე და დამოუკიდებლად ვერავინ მიიღებს გადაწყვეტილებას.

​ბუნებრივი გზით, მზის სხივებთან ერთად, D ვიტამინი შეგიძლიათ მიიღოთ საკვებიდან:
  • ზეთოვანი თევზი: კალმახი, სკუმბრია, თინუსი,
  • გველთევზა,
  • ქაშაყი ან თევზის კონსერვი.
  • სოკო, რძე ან რძის პროდუქტები,
  • ფორთოხლის წვენი,
  • კვერცხი, სოიო.

​დღეისათვის რეგისტრირებულია საავადმყოფოებზე დაფუძნებული მკურნალობის მთელი რიგი გამოკვლევები, მაგრამ შეიძლება რთული აღმოჩნდეს D ვიტამინის როლის გამოვლენა COVID-19- ის მძიმე პირობებში ორი მიზეზის გამო.

​პირველ რიგში, პაციენტებს აქვთ საავადმყოფოში დაავადების ჰიპერინფლატორული სტადია, ამიტომ მათთვის შეიძლება გვიან იყოს D ვიტამინის დამატებით გამოწვეული ნებისმიერი ანტივირუსული ეფექტით სარგებლობა.

​მეორეც, ძნელი იქნება მიკროელემენტის ეფექტის ჩვენება დექსამეტაზონთან ერთად, რომელსაც აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და დღესდღეობით წარმოადგენს მკურნალობის სტანდარტს კოვიდის მძიმე შემთხვევებში.

​საუკეთესო იმედი, ალბათ პოპულაციაში ჩატარებულ კვლევაშია, რომლებიც იკვლევს პროფილაქტიკური D ვიტამინის დამატებას, როგორც COVID-19-ის შემთხვევების სიმძიმის შესუსტების საშუალებას! ამგვარი გამოკვლევის შედგენის შესახებ ინფორმაცია უნდა იქნას მიღებული D ვიტამინის რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევების მეტაანალიზების მიხედვით.

წაიკითხეთ სრულად