„სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე, მაგრამ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, განათლების სამინისტრომ შეძლო, ეფექტიანად გამკლავებოდა შეზღუდვებს:
„განათლების სამინისტრომ დისტანციური სწავლების მეთოდები როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში ეფექტიანად დანერგა. ამის გათვლისწინებით, დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვთ, რომ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება. სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, პრემიერის თქმით, გამოცდების მექანიზმი არ შეიცვლება:
„ეროვნული გამოცდები ჩატარდება, აქ შეიძლება იყოს გარკვეული გადავადება, თორემ მექანიზმი იქნება სრულად შენარჩუნებული. განათლების სისტემის ამუშავების შესახებ, პრეზენტაციას გავაკეთებთ ცალკე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
განათლების სამინისტრო საჯარო სკოლების მასშტაბურ გამწვანებას იწყებს
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ინიციატივით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლების მასშტაბურ გამწვანებას იწყებს.
პროექტის ფარგლებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 117-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ხეების დარგვის პროცესში მიიღეს მონაწილეობა.
უახლოეს მომავალში თბილისისა და რუსთავის 160-მდე სკოლაში 5500 ხეხილის ნერგი დაირგვება.
„პატრიარქის ინიციატივით, დავიწყეთ მასშტაბური და მნიშვნელოვანი სკოლების გამწვანების პროექტი, რომლის პირველ ეტაპზე თბილისისა და რუსთავის 160-მდე სკოლას გავამწვანებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა გამწვანებულ გარემოში გაატარონ თავისუფალი დრო. ეს აქცია გაგრძელდება და იმედი მაქვს ყველა მოსწავლე ჩაერთვება და მიიღებს მონაწილეობას ხეების მოვლა-პატრონობაში“ - განაცხადა მინისტრმა.
გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით მოსწავლეების ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს სოფლის მეირნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხეხილის ნერგები გადასცა. აღნიშნული ნერგებით, პროექტის პირველ ეტაპზე თბილისსა და რუსთავში მდებარე საჯარო სკოლების ეზოები გამწვანდება.
სამინისტროს ინიციატივით, სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში გამწვანების აქციები მომავალშიც გაიმართება.