Baby Bag

თამარ გაბუნია დისტანციურ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით საუბრობს

თამარ გაბუნია დისტანციურ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით საუბრობს

საქართველოში ბოლო ორი დღეა კორონავირუსით ინფიცირების ​მაჩვენებელმა მოიმატა. გამომდინარე აქედან, დაიკეტა ბაღების ნაწილი, სკოლებში კი კლასების გარკვეული ნაწილი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. 

ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მოსალოდნელია თუ არა სკოლების ისევ დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა, აღნიშნულ საკითხზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია საუბრობს. 

მისი თქმით, ყველაფერი კეთდება, რომ სასკოლო გარემოში შენარჩუნდეს სწავლების პროცესი:

,,ამისთვის მასწავლებლების უდიდესი ნაწილი უკვე ვაქცინირებულია, ​ტესტირებები უფრო ხშირად ტარდება და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ინფექციის გავრცელების შემთხვევები იყო, სკოლების ის რაოდენობა, რომელიც გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე, არის ძალიან ცოტა - დაახლოებით 2-2,5%. გამომდინარე იქიდან, რომ ვაქცინაცია გრძელდება, ტესტირებები უფრო ხშირად ტარდება, სკოლაში ყველაფერი კეთდება, რომ ინფექცია არ გავრცელდეს, ვფიქრობთ, დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა არ იქნება საჭირო. სკოლა ყველაზე გვიან უნდა დაექვემდებაროს შემზღუდველ ღობისძიებებს და ყველაზე ადრე უნდა შეეხოს შეზღუდვების მოხსნა. ვფიქრობ, ბავშვები უნდა დადიოდნენ სკოლაში და იქ იღებდნენ განათლებას,'' - დასძინა თამარ გაბუნიამ. 


შეიძლება დაინტერესდეთ

სახელმწიფო სტრუქტურებში ისეთი სახელფასო ზრდა არცერთ პროფესიას არ ჰქონია, როგორც მასწავლებელს 2024 წელს ექნება

სახელმწიფო სტრუქტურებში ისეთი სახელფასო ზრდა არცერთ პროფესიას არ ჰქონია, როგორც მასწავლებელს 2024 წელს ექნება

სკოლის ორგანიზაციული მოწყობა არის უნიკალური და არცერთი სხვა ორგანიზაცია მას არ ჰგავს, სკოლა არის ორგანიზაცია, სადაც დაწინაურების საშუალება არ არსებობს და ამ სტატუსებმა, გარკვეულწილად, შექმნა დაწინაურების საშუალება, – განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“.

„სკოლაში არის დირექტორი, არის ერთი მოადგილე და 180 მასწავლებელი. ამიტომ ამ სტატუსებმა, გარკვეულწილად, შექმნა დაწინაურების საშუალება. ისევე, როგორც უნივერსიტეტში, მე მინდა, რომ ვიყო, მაგალითად, სრული პროფესორი და არ მინდა, ვიყო ასისტენტ პროფესორი“, – განაცხადა შუკაკიძემ.

მისი თქმით, ხარისხიანი გაკვეთილის ჩატარება არის ყველა მასწავლებლის ვალდებულება, მას სტატუსიც რომ არ ჰქონდეს და ამასთან სტატუსი არაფერ შუაშია, მაგრამ სკოლას უამრავი ფუნქცია აქვს შესასრულებელი.

„ახლა ძალიან დიდი აქცენტი კეთდება, მაგალითად, ავტორიზაციაზე და ავტორიზაციისთვის სტანდარტებით დადგენილი საჭიროებების შესრულებას მარტო დირექტორი ვერ გააკეთებს. მას სჭირდება ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც, სწავლა-სწავლების გარდა, ასევე სხვა დამატებითი ფუნქციების შესრულებაში დაეხმარებიან დირექტორს და მის მოადგილეს, რომ სკოლამ მიიღოს ავტორიზაცია, ჰქონდეს ავტორიზებულის სტატუსი და თავისი მოსწავლეების წინაშე ასე წარსდგეს“, – განაცხადა შუკაკიძემ.

როგორც შუკაკიძემ აღნიშნა, ის განათლების სისტემაში დიდი ხანია მუშაობს, ხედავს სქემის განვითარებას და მოხდა ძალიან ცუდი რამ, როდესაც მოხდა სახელფასო პოლიტიკის მიბმა სტატუსთან მიმართებაში.

„ეს უფრო უკეთ შეიძლებოდა, ყოფილიყო. მასწავლებლის ხელფასი იყო მცირე და სტატუსის დანამატი იყო მაღალი, ახლაც ასეა და ამან გამოიწვია ეს ციებ-ცხელება, რომ სტატუსებზე მეტი აქცენტი გაკეთებულიყო. მუშაობა მიდის რამდენიმე ვერსიაზე და მინისტრი გადაწყვეტილებას დეკემბერში გამოაცხადებს. ერთი, რაც მინდა, ვთქვა, არის ის, რომ არაფერი ისე დრამატულად არ შეიცვლება, რაც ვინმეს დააზარალებს. არცერთ მასწავლებელს ეს არ დააზარალებს. მასწავლებლების მიერ მოპოვებულ სტატუსებს არაფერი არ ემუქრება“, – განაცხადა შუკაკიძემ.

ამასთან, პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თქვა, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში ისეთი სახელფასო ზრდა არცერთ პროფესიას არ ჰქონია, როგორც მასწავლებელს 2024 წელს ექნება.

ბერიკა შუკაკიძემ ასევე განაცხადა, რომ საზოგადოებას ახსოვს სამინისტროს ისტორია და ასეთი ღიაობა, როგორიც უწყებას ახლა აქვს, არასოდეს ყოფილა.

„საზოგადოებას არ ახსოვს ასეთი ღიაობა, ამდენი შეხვედრა პედაგოგებთან, დისკუსია და ამ შეხვედრებზე იმის თხოვნა, მოდით, თქვენ ისაუბრეთ, ოღონდ, დასაბუთებულად, იმაზე, თუ რა პრობლემები არსებობს დღეს და რა გიშლით ხელს, რომ უფრო მეტად ხარისხიანი განათლება მივაწოდოთ ჩვენ სისტემას“, – განაცხადა შუკაკიძემ.

წყარო: ​,,გადაწყვეტილება'' 

წაიკითხეთ სრულად