პანდემიის პირობებში მუდამ სახლში, უმოძრაოდ ყოფნა წონაში მომატების საფრთხეს გვიქმნის, როგორ ჩავდგეთ/შევინარჩუნოთ სხეულის კარგი ფორმები? - აღნიშნულის შესახებ MomsEdu.ge პირად მწვრთნელს, გიორგი ვასაძეს ესაუბრა.
- ყველაზე აქტუალური კითხვით რომ დავიწყოთ - კარანტინის პერიოდში ფორმის შენარჩუნების/ფორმაში ჩადგომის გზებზე რომ გვესაუბროთ...
- არსებობს ონლაინ სავარჯიშო და კვების პროგრამები, რომლებიც ინდივიდზეა მორგებული. ეს იქნება წონაში კლება, კუნთოვანი მასის გაზრდა, თუ უბრალოდ ფორმაში ყოფნა. შესაბამისად, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაიაროს კონსულტაცია პერსონალურ ტრენერთან და სახლის პირობებში მიიღოს როგორც კვების, ასევე ვარჯიშის პროგრამა. ეს სისტემა უკვე დიდი ხანია დანერგილია და მუშაობს. შესაბამისად, კარანტინის პერიოდში ფორმის შენარჩუნების ან ფორმაში ჩადგომის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.
- რა არის ყველაზე მარტივი გზა წონაში კლებისთვის?
- სანამ ამ კითხვაზე გაგცემდეთ პასუხს, საზოგადოებას პირველ რიგში ვურჩევ, რომ თვითნებურად დაწყებული ვარჯიში არასწორია, ეს საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას. არასწორი ვარჯიშით იზრდება ტრავმის მიღების ალბათობა, შესაძლებელია დავიზიანოთ მყესი, საბოლოო ჯამში, ჯანსაღი სხეულის ნაცვლად მივიღოთ დაზიანებული სხეული. თუ გსურთ ვარჯიშის დაწყება, წონაში მარტივად კლება, კარგი იქნება პერსონალურ მწვრთნელთან ვარჯიში სამი თვე მაინც.სწორედ პროფესიონალი უნდა აკვირდებოდეს ვარჯიშს - ასე ბევრად მარტივია იმ შედეგის მიღება, რაც გსურთ.
- ფიზიკურ დატვირთვაზე რომ ვისაუბროთ, დღის განმავლობაში რამდენსაათიანი ფიზიკური დატვირთვაა მიზანშეწონილი?
- არსებობს ფიტნეს ნორმა, რამდენი ხანი უნდა ივარჯიშოს ადამიანმა. ეს არის ერთი საათიდან საათნახევრამდე. ხოლო რაც შეეხება ადამიანებს, რომლებიც სახლში, თვითნებურად ვარჯიშობენ, მინდა ვურჩიო, რომ არასწორია გაღვიძებისთანავე ვარჯიში, სასურველია ჯერ კვება და ამის შემდეგ, დაახლოებით 2 საათში ვარჯიშის დაწყება.
- ჩქარი სიარული თუ სირბილი, თქვენ რომელს ურჩევდით?
- როგორც წესი, სირბილს რეკომენდაციას არ ვუწევ, რადგან შესაძლებელია, მუხლების დაზიანება გამოიწვიოს, რამაც წლების შემდეგ შეიძლება იჩინოს თავი. მე გირჩევთ ჩქარი ნაბიჯით სიარულს, შესაძლებელია აღმართზე. ამ შემთხვევაში ფილტვები მოითხოვს მეტ ჟანგბადს, შესაბამისად, გულის აჩქარების ხარჯზე ვიღებთ კალორიების წვას. აუცილებელია გაღვიძებიდან 2 საათში, რადგან სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, გულს სერიოზული ზიანი მივაყენოთ.
- რას ფიქრობთ მკაცრ დიეტებზე, საფრთხეს ხომ არ წარმოადგენს ორგანიზმისთვის?
- როგორც თვითნებურად დაწყებული ვარჯიში შესაძლოა, გახდეს საზიანო ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ასევე დიეტაც. ყველაზე სწორი გზა არის, მივეჩვიოთ ჯანსაღად კვებას, რაც 3 საათში ერთხელ სასარგებლო პროდუქტების მიღებას გულისხმობს. მაგალითად, ქათმის გულ-მკერდის ნაწილი, კვერცხი, თევზი, ბრინჯი, წიწიბურა, შვრიის ფანტელი. რაც შეეხება ვიტამინებისა და მინერალების კომპლექტს: ვაშლი, გრეიფრუტი, ფორთოხალი, მარწყვი, ბოსტნეული. ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც ჩვენს ორგანიზმს დაეხმარება, ჯანსაღად გამოიყურებოდეს. არსებობს გამონათქვამი, როგორც იკვებები, ისე გამოიყურები. ეს არის უმთავრესი პრინციპი, თუ ასე მოქცევას დავიწყებთ, შედეგს იმაზე მალე დავინახავთ, ვიდრე ველოდებით.
- 18 საათიანი ან დუკანის დიეტა - რომელს გაუწევდით რეკომენდაციას?
- ყველა დიეტას თავისი მიდგომა აქვს და სპეციალისტი ჰყავს. ყველას ერთს ვურჩევ, როგორი კვების რაციონიც არ უნდა იყოს, გაიაროსნ რეკომენდაცია სპეციალისტთან, დიეტა თვითნებურად არ დაიწყონ. რაც შეეხება 18 საათიან დიეტას, არ ვემხრობი. 6 საათი კვებისთვის ცოტაა და 6-ის შემდეგ კვების აკრძალვა - არასწორი, რადგან ამ შემთხვევაში შიმშილისა და სტრესის ხარჯზე იღებ შედეგს. თუ გვინდა ვიყოთ ჯანმრთელები, უნდა ვიკვებოთ დღეში 5-ჯერ სამსაათიანი შუალედებით.
„არ იწუწუნოთ არასდროს, რომ ავად ვარო, არ დამორჩილდეთ ავადმყოფობას,“ - შალვა ამონაშვილი
აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და თავის მოვლასთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს. მისი თქმით, მთავარია, ადამიანს არ ეშინოდეს:
„ჩემი ამბავი მინდა გიამბოთ. ცხოვრება გავიარე, ვიყავი კარგად, ჯანმრთელად. ბოლოს მოვაღწიე აქამდე. ახლა რომ ვუყურებ ყველაფერ ამას, რას ვფიქრობ? უნდა შევინახო ჩემი თავი ჩემი შვილებისთვის. მე ის უკვე აღარ მაწუხებს, მოვკვდები თუ არა. ყველა კვდება, დედაჩემი წავიდა, მეუღლე წავიდა, ბებო და პაპა. მასწავლებლები გვყავდნენ იშვიათები, მე მარტო დავრჩი. ამას რომ ვემალებოდე, როგორც თაგვი კატას, ეს უარესია. შიში ყველაზე დიდი ავადმყოფობაა. მე ვფიქრობ შევინახო ჯერ ჩემი თავი, რომ შვილებს იქნებ გამოვადგე, ხელი შევუწყო რაღაცაში, ან ჩემი ცოდნა დასჭირდეთ, გამოცდილება. მეც შემიძლია რაღაც გამოვიმუშავო, საქმე გავაკეთო, ოჯახს დავეხმარო ამით, წიგნის დაწერა მიყვარს, დავწერო და ვიღაც გავახარო.“
„სამი რამ მინდა, რომ გირჩიოთ. არ იწუწუნოთ არასდროს, რომ ავად ვარო. არ შეაბეზროთ ხალხი. „აი, ეს მტკივა, რა ცუდად ვარ,“ - ასე იციან თქმა. იმ წუთას სამჯერ უფრო ცუდად ხდება ადამიანი და სხვასაც ცუდად ხდის. არ იწუწუნო, თქვი კარგად ვარო. დადებითი მეტყველება სამკურნალო საშუალებაა. მე რომ მკითხავთ, როგორ ხარო, ძალიან კარგად ვარ, რატომ არ ვარ ძალიან კარგად?! კი, ხუთი სტენტი მიდგას, ხანდახან რაღაც წამჩხვლეტს, რაღაც სხვებიც მაწუხებს, ისე ვეღარ დავრბივარ, მაგრამ ეს ვიწუწუნო? ასაკის მიხედვით ეს ყველაფერი ნორმაა. ამ ასაკის მიხედვით მე ძალიან ჯანმრთელად ვარ.“
„არ შეაბეზროთ თავი ვინმეს და არ დამორჩილდეთ ავადმყოფობას, არ წაუწვეთ ავადმყოფობას. ავადმყოფობას კი უნდა მოეფერო, უნდა მიიღო, მაგრამ არ წაუწვე. ის უნდა გააძევო. ამას აზრითაც გააძევებ, ექიმის დახმარებითაც, შეიძლება ზოგჯერ ექიმბაშმაც კი გიშველოს. ყოველთვის ელოდე, რომ ავადმყოფობა შენგან წავა. რა თქმა უნდა, წავა და გააცილე სიყვარულით, რომ უკან არ დაგიბრუნდეს, წავიდეს, გზა მიეცი მას. არ ირბინო ყველა წვრილმანის გამო ექიმთან. ექიმი, ექიმი, ექიმი, არ უნდა იყოს თქვენს კარზე ექიმი მომდგარი.“
„ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულიაო, უთქვამთ. ეს არ არის სწორი. სულიერი კაცი იტყვის, რომ ჯანსაღ სულს ჯანსაღი სხეული მოჰყვება. ვისაც ჯანსაღი სული აქვს, უყვარს, უნდა, უხარია ცხოვრება, სხვასაც ეშველება, უშურველია, გულუხვია, გულწრფელია, ამ სულს რანაირი სხეული გამოჰყვება, როგორ ფიქრობთ? არც კიბო გაუჩნდება, არც წნევები მოუმატებს. ყველას ბედნიერებას გისურვებთ. ჯანსაღი სული თქვენი ჯანსაღი სხეულის პირველი პირობაა," - აცხადებს შალვა ამონაშვილი.