დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგი თინათინ კაჭარავა ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დიეტაზე, კეტოგენურ დიეტაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას. რას გულისხმობს კეტოგენური დიეტა, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს მას და რეკომენდებულია თუ არა ამ რეჟიმის დაცვა ყველასთვის, - სწორედ ამ საკითხებს შეიტყობთ დღევანდელი სტატიიდან.
კეტოგენური დიეტა ბოლო დროს დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში. ბევრი ადამიანი მას თვითნებურადაც კი მიმართავს. უნდა აღინიშნოს, რომ ინფორმირებულობა ამ საკითხზე საკმაოდ მწირია და კეტოგენური დიეტის მიმდევართა უმეტესობამ არ იცის, რომ ამ რეჟიმით შესაძლოა, ზიანიც კი მიადგეს ორგანიზმს.
კეტოგენური, იგივე კეტოდიეტა - გულისხმობს საკვებ რაციონში ნახშირწყლების მინიმუმამდე შემცირებას: 70% მოდის ცხიმებზე, 25% ეთმობა ცილებს, ხოლო დანარჩენი 5% კი უკავია ნახშირწყლებს.
ცნობილია, რომ ჩვენი ორგანიზმი ენერგიის ძირითად წყაროდ იყენებს ნახშირწყლებს, ხოლო კეტოგენური რეჟიმის დროს ენერგიის ძირითადი წყარო ხდება ცხიმი, კონკრეტულად კი ცხიმის წვისგან მიღებული კეტონური სხეულები. თუმცა რაოდენ მომხიბვლელადაც არ უნდა გამოიყურებოდეს ეს ტერმინი, კეტოდიეტას თან ახლავს არაერთი გვერდითი მოვლენა.
განვიხილოთ კეტოგენური კვების რაციონი: ამ დროს რაციონი გაჯერებულია ძირითადად ცხიმოვანი საკვებით.
კეტოგენური დიეტის დროს დაშვებულია:
რძის პროდუქტები ცხიმის მაღალი შემცველობით,
კვერცხი,
ნებისმიერი ხორცეული,
თევზი და ზღვის პროდუქტები,
მწვანე ბოსტნეული, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს,
სოკო,
თხილეული,
მცენარეული ზეთი,
ნაღების კარაქი,
ხილიდან - კენკროვნები და ავოკადო.
რაციონის მთავარი პრინციპი კი არის პროცენტული ბალანსის დაცვა - 70% ცხიმი, 25% ცილა და 5% ნახშირწყლები. აქვე აღვნიშნავ, რომ კალორაჟის კონტროლი კეტოდიეტის დროსაც ისევე აუცილებელია, როგორც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში.
შევეხოთ კეტოგენური დიეტის დადებით მხარეებს: ყველაზე ხშირად რასაც ამ დროს პაციენტები აღნიშნავენ არის ის, რომ მათ პრაქტიკულად არ შივდებათ. ამ ტიპის რეჟიმის დროს რეგულირდება ჰორმონ ინსულინის დონე. ინსულინი არის ანაბოლური (მაშენებელი) ჰორმონი, რომელიც იწვევს მადის გაძლიერებას, შესაბამისად, ამ ტიპის კვების დროს ხდება მადის დაქვეითება, წონაში კლება კი მიმდინარეობს ცხიმების ხარჯზე და თან ნაკლებად ხდება კუნთური მასის შემცირება. აქვე განვაგრძოთ მისი უარყოფითი მხარეების ჩამოთვლა: კეტოგენურ კვებას შეუძლია ორგანიზმში გამოიწვიოს ყაბზობა (შეკრულობა), სიმძიმე კუჭ-ნაწლავის არეში, გულისრევის შეგრძნება, კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე რომელიც მიკრო, მაკრო ელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტის ფონზე შეიძლება განვითარდეს. კეტო მიმდევართა უმეტესობა ამ რეჟიმზე გადასვლიდან დაახლოებით ერთ კვირაში აღნიშნავს ძლიერ სისუსტეს, თავბრუსხვევას, არტერიული წნევის დაქვეითებას და კუნთების ტკივილს, რასაც „კეტო ფლუ“ (კეტო გაციება) ეწოდება. როგორც წესი, ეს ჩივილები რამდენიმე დღეში ქრება. ასევე რადგან აღნიშნული კვების რეჟიმის დროს უფრო მეტი დატვირთვით უწევთ მუშაობა ღვიძლს და თირკმლებს, შესაძლებელია, მოხდეს მათი ფუნქციის დარღვევა. გვერდით მოვლენას მიეკუთვნება ორგანიზმში ე.წ „ცუდი“ ქოლესტერინის მატება.
კეტო რეჟიმის დაცვა არ შეიძლება ორსულებისთვის და ლაქტაციაში მყოფი ქალებისთვის. ასევე აკრძლულია ნებისმიერი ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანისთვის (დიაბეტი, გულის უკმარისობა და ა.შ). მისი დაცვა კატეგორიულად აკრძალულია ბავშვთა და მოზარდთა ასაკში.
ბოლოს კი, ტრადიციულად ჩვენს მკითხველს ისევ შევახსენებ, რომ კვების ნებისმიერი ტიპის დროს მხოლოდ რაციონს არ ენიჭება უპირატესობა, აუცილებელია კალორაჟის და კვების ჯერადობის კონტროლი. კვლავ გავუსვათ ხაზი იმას, რომ ყველა ორგანიზმი არის ინდივიდუალური და არ არსებობს ყველასთვის მორგებული არც კვების ტიპი და არც კვების რაციონი.
როგორ უნდა შევარჩიოთ ჩვილისთვის მზისგან დამცავი და რა ასაკიდან შეიძლება გამოვიყენოთ? - თემაზე ზაზა თელია საუბრობს
როგორ უნდა შევარჩიოთ ჩვილისთვის მზისგან დამცავი და რა ასაკიდან შეიძლება გამოვიყენოთ? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია ესაუბრა.
- როგორ აისახება ბავშვის კანზე მზეზე დიდხანს ყოფნა და რა ზიანი შეიძლება მიაყენოს?
- მრავალი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მზისგან ულტრაიისფერი სხივები სერიოზულ ზიანს აყენებს, არამარტო კანს, არამედ მთლიანად ორგანიზმს. შეკრებილი ინფორმაციის მიხედვით, სტატისტიკურად ადამიანის ცხოვრებაში კანის დამწვრობის ეპიზოდების უმეტესი წილი მოდიოდა ბავშვთა ასაკში. მოგეხსენებათ, ერთი დამწვრობის ეპიზოდიც კი კანის კიბოს განვითარების რისკს, დაახლოებით 20-30%-მდე ზრდის. შესაბამისად, ბოლო პერიოდია, აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება დამწვრობების პრევენციისთვის სამედიცინო ასოციაციების მხრიდან, როგორიც არის ამერიკის დერმატოლოგთა ასოციაცია. სამწუხაროდ, 10 წლამდე ასაკის ბავშვებში დამწვრობის ეპიზოდები უფრო ხშირია, ვინაიდან მათ უყვართ ზაფხულში წყალში ყოფნა, დღის მანძილზე გარეთ თამაში, შესაბამისად, მშობლებს უჭირთ რეკომენდაციების დაცვა. მზისგან დამცავის გარდა, მშობლებს ურჩევენ, რომ სწორად შეარჩიონ საცურაო მაისურები, რომლებიც ფარავს ბავშვის კანის დიდ ნაწილს, ასევე, საცურაო ქუდი, რომელსაც ე.წ. ფრთები აქვს და იცავს ბავშვის კისერს. ძალიან მნიშვნელოვანია მზის სათვალის გამოყენება, რადგან თვალებიც ზიანდება მზის ულტრაისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად. ეს რეკომენდაციები გასათვალისწინებელია, არა მარტო დამწვრობის თავიდან ასაცილებლად, არამედ სხვა დამაზიანებელი ეფექტის პრევენციისთვისაც.
- როდიდან უნდა წავუსვათ ბავშვს მზისგან დამცავი?
- 0 წლიდან რეკომენდებულია მზისგან დამცავის კრემის გამოყენება.
- როგორ უნდა შევარჩიოთ ჩვილისთვის მზისგან დამცავი კრემი და რა ნივთიერებებს უნდა შეიცავდეს?
- მოგეხსენებათ, ბავშვის კანი მეტად მგრძნობიარეა ყველაფრის მიმართ, შესაბამისად, კრემი უნდა იყოს ორმაგი დაცვის, უკეთეს შემთხვევაში, ოთხმაგი დაცვის. აუცილებელია, რომ იყოს ულტრაისფერი A და B სხივისგან დამცავი და კარგი იქნება თუ დამატებული ექნება ხილული (visible) და ინფრაწითელი სხივისგან დაცვის მექანიზმიც, ვინაიდან ეს სხივებიც დამაზიანებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ბავშვებისთვის რეკომენდებულია SPF 50.
რაც შეეხება შემადგენლობას:
ორი ტიპის მზისგან დამცავი არსებობს, ე.წ. ფიზიკური და ქიმიური ფილტრაციის. ფიზიკური ფილტრაცია გულისხმობს, რომ მზისგან დამცავი კანს ეკვრება და მზის ულტრაისფერ სხივებს ირეკლავს, ხოლო ქიმიური ფილტრაციის შემთხვევაში თვითონ ნივთიერებები შთანთქავს ულტრაისფერ სხივებს.
ბავშვებში რეკომენდებულია ფიზიკური ფილტრაციის მზისგან დამცავის გამოყენება, რომელიც შეიცავს, როგორც წესი, სამ ნივთიერებას: თუთიის ოქსიდი, რკინის ოქსიდი და ტიტანის დიოქსიდი. თუმცა ასევე შესაძლებელია, გამოვიყენოთ ორმაგი ფილტრაციის მზისგან დამცავი, ვგულისხმობ, რომ კრემი შეიცავდეს ზემოთ ჩამოთვლილ ნივთიერებებს და ამასთანავე, შემადგენლობაში იყოს ქიმიური ფილტრაციაც.
უმჯობესია, თუ მზისგან დამცავი იქნება სქელი კონსისტენციის. კრემი უნდა გადანაწილდეს ტანსაცმლისგან დაუფარავ ადგილებში და განახლდეს ორ საათში ერთხელ. თუ ბავშვი აუზში, ზღვაში ან შხაპის ქვეშ დასველდა, ამ შემთხვევაშიც აუცილებელია განახლება. მოზრდილი ადამიანების შემთხვევაში რაოდენობა, დაახლოებით, გოლფის ბურთის ზომის იყოს, ხოლო ბავშვებისთვის ეს რაოდენობა ნახევრდება.