დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგი თინათინ კაჭარავა ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დიეტაზე, კეტოგენურ დიეტაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას. რას გულისხმობს კეტოგენური დიეტა, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს მას და რეკომენდებულია თუ არა ამ რეჟიმის დაცვა ყველასთვის, - სწორედ ამ საკითხებს შეიტყობთ დღევანდელი სტატიიდან.
კეტოგენური დიეტა ბოლო დროს დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში. ბევრი ადამიანი მას თვითნებურადაც კი მიმართავს. უნდა აღინიშნოს, რომ ინფორმირებულობა ამ საკითხზე საკმაოდ მწირია და კეტოგენური დიეტის მიმდევართა უმეტესობამ არ იცის, რომ ამ რეჟიმით შესაძლოა, ზიანიც კი მიადგეს ორგანიზმს.
კეტოგენური, იგივე კეტოდიეტა - გულისხმობს საკვებ რაციონში ნახშირწყლების მინიმუმამდე შემცირებას: 70% მოდის ცხიმებზე, 25% ეთმობა ცილებს, ხოლო დანარჩენი 5% კი უკავია ნახშირწყლებს.
ცნობილია, რომ ჩვენი ორგანიზმი ენერგიის ძირითად წყაროდ იყენებს ნახშირწყლებს, ხოლო კეტოგენური რეჟიმის დროს ენერგიის ძირითადი წყარო ხდება ცხიმი, კონკრეტულად კი ცხიმის წვისგან მიღებული კეტონური სხეულები. თუმცა რაოდენ მომხიბვლელადაც არ უნდა გამოიყურებოდეს ეს ტერმინი, კეტოდიეტას თან ახლავს არაერთი გვერდითი მოვლენა.
განვიხილოთ კეტოგენური კვების რაციონი: ამ დროს რაციონი გაჯერებულია ძირითადად ცხიმოვანი საკვებით.
კეტოგენური დიეტის დროს დაშვებულია:
რძის პროდუქტები ცხიმის მაღალი შემცველობით,
კვერცხი,
ნებისმიერი ხორცეული,
თევზი და ზღვის პროდუქტები,
მწვანე ბოსტნეული, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს,
სოკო,
თხილეული,
მცენარეული ზეთი,
ნაღების კარაქი,
ხილიდან - კენკროვნები და ავოკადო.
რაციონის მთავარი პრინციპი კი არის პროცენტული ბალანსის დაცვა - 70% ცხიმი, 25% ცილა და 5% ნახშირწყლები. აქვე აღვნიშნავ, რომ კალორაჟის კონტროლი კეტოდიეტის დროსაც ისევე აუცილებელია, როგორც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში.
შევეხოთ კეტოგენური დიეტის დადებით მხარეებს: ყველაზე ხშირად რასაც ამ დროს პაციენტები აღნიშნავენ არის ის, რომ მათ პრაქტიკულად არ შივდებათ. ამ ტიპის რეჟიმის დროს რეგულირდება ჰორმონ ინსულინის დონე. ინსულინი არის ანაბოლური (მაშენებელი) ჰორმონი, რომელიც იწვევს მადის გაძლიერებას, შესაბამისად, ამ ტიპის კვების დროს ხდება მადის დაქვეითება, წონაში კლება კი მიმდინარეობს ცხიმების ხარჯზე და თან ნაკლებად ხდება კუნთური მასის შემცირება. აქვე განვაგრძოთ მისი უარყოფითი მხარეების ჩამოთვლა: კეტოგენურ კვებას შეუძლია ორგანიზმში გამოიწვიოს ყაბზობა (შეკრულობა), სიმძიმე კუჭ-ნაწლავის არეში, გულისრევის შეგრძნება, კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე რომელიც მიკრო, მაკრო ელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტის ფონზე შეიძლება განვითარდეს. კეტო მიმდევართა უმეტესობა ამ რეჟიმზე გადასვლიდან დაახლოებით ერთ კვირაში აღნიშნავს ძლიერ სისუსტეს, თავბრუსხვევას, არტერიული წნევის დაქვეითებას და კუნთების ტკივილს, რასაც „კეტო ფლუ“ (კეტო გაციება) ეწოდება. როგორც წესი, ეს ჩივილები რამდენიმე დღეში ქრება. ასევე რადგან აღნიშნული კვების რეჟიმის დროს უფრო მეტი დატვირთვით უწევთ მუშაობა ღვიძლს და თირკმლებს, შესაძლებელია, მოხდეს მათი ფუნქციის დარღვევა. გვერდით მოვლენას მიეკუთვნება ორგანიზმში ე.წ „ცუდი“ ქოლესტერინის მატება.
კეტო რეჟიმის დაცვა არ შეიძლება ორსულებისთვის და ლაქტაციაში მყოფი ქალებისთვის. ასევე აკრძლულია ნებისმიერი ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანისთვის (დიაბეტი, გულის უკმარისობა და ა.შ). მისი დაცვა კატეგორიულად აკრძალულია ბავშვთა და მოზარდთა ასაკში.
ბოლოს კი, ტრადიციულად ჩვენს მკითხველს ისევ შევახსენებ, რომ კვების ნებისმიერი ტიპის დროს მხოლოდ რაციონს არ ენიჭება უპირატესობა, აუცილებელია კალორაჟის და კვების ჯერადობის კონტროლი. კვლავ გავუსვათ ხაზი იმას, რომ ყველა ორგანიზმი არის ინდივიდუალური და არ არსებობს ყველასთვის მორგებული არც კვების ტიპი და არც კვების რაციონი.
„თუ ყელი გვეტკინა, ეს ყოველთვის არ ნიშნავს, რომ სუსტი ყელი გვაქვს“
როგორ ვუშველოთ ყელის ტკივილს და სეზონური ვირუსების გართულებებს? - თემაზე მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ოტორინოლარინგოლოგი ქეთი გოცაძე საუბრობს.
„ყველა რესპირატორული დაავადება მოქმედებს ყელზე, ამიტომ ის, რომ ბევრი ვირუსი იწყება ყელის ტკივილით საგანგაშო არ არის.
რა არის ყელის სიწითლე? - მნიშვნელოვანია დიფერენცირება, რამდენად საშიშია და რატომ არის ყელი წითელი. როდესაც ხახის ლორწოვან ზონას ჩავხედავთ, უნდა იყოს ვარდისფერი, მაგრამ თუ პაციენტი მწეველია, მავნე გარემოში მუშაობს და კუჭ-ნაწლავის პრობლემები აწუხებს, მათ უმრავლესობას ყელში აქვს ქრონიკული სიწითლე. ამიტომ, თქვენთვის რთული გასარჩევია ეს ავადობაა, თუ ქრონიკულადაა შეწითლებული. თუ ავადობაა, უნდა დაერთოს ყელის ტკივილი, ყლაპვის გაძნელება და თუ ვირუსთან გვაქვს საქმე - ეს ყველაფერი ერთად არის. ხშირად, პაციენტი მოდის და მეუბნება, რომ ჩირქი აქვს ყელში. ეს არის ფიბრიდული ნადები, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ვირუსმა და თეთრი ნადები, რომელსაც ყველა ხედავს - ექიმთან უნდა გაირკვეს, ჩირქია თუ ვირუსული ნადები,'' - აღნიშნა ქეთი გოცაძემ.
თუ მშობელმა ბავშვის ყელში დაინახა სიწითლე, თეთრი ნადები... და ამას დაერთო ყლაპვის გაძნელება, ტემპერატურის მატება, უმჯობესია, მალე მიიყვანოს ექიმთან. ხოლო, თუ შეინიშნება ზოგადი სისუსტე და ხშირი ავადობა, მაშინ მივდივართ გეგმიურად, რათა გავარკვიოთ „სუსტი ყელი“ აქვს თუ სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე.
ოტორინოლარინგოლოგმა აღნიშნა, რომ არ არის მიზანშეწონილი თვითმკურნალობა:
,,აუცილებელია ექიმთან შედგეს სატელეფონო კომუნიკაცია და ის, როცა საჭირო იქნება, გადაგამისამართებთ ოტოლარინგოლოგთან. როდესაც მწვავე ინფექციაა, ვღებულობთ სითხეს (თბილს), ჩასაწუწნ აბებს, გამოსავლებს. თუმცა, თუ ვირუსულმა ინფექციამ 5-7 დღის შემდეგ არ ჩაიარა და ტემპერატურა ისევ აღინიშნება, მაშინ მივდივართ ექიმთან.
თუ ადამიანს ყელში მორეციდივე სტრეფტოკოკული ინფექცია აქვს, მიკრობი ცივ გარემოში აქტიურდება და ამას მოყვება ყელის ტკივილი. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, როდესაც ბავშვს ექნება იმუნიტეტი, მაშინ დავიწყოთ გაკაჟება და უცებ არ მივცეთ ნაყინი, ნელ-ნელა შევაჩვიოთ. სუსტი ყელი გადაილახება, თუ ჩვენ პორციულად მივაწვდით ცივ სითხეს ან ნაყინს. სუსტი ყელის ძირითადი მიზეზი არის იქ ჩაბუდებული სტრეფტოკოკული ინფექცია. ვირუსულ ინფექციას ვერსად ვერ გავექცევით და თუ ყელი გვეტკინა, ეს ყოველთვის არ ნიშნავს რომ სუსტი ყელი გვაქვს.
დიაგნოზის დასმა არის ყველაზე მთავარი. თუ გავარკვიეთ რომ პაციენტს აქვს ვირუსული ტონზილიტი და ფარინგიტი - ამას ანტიბიოტიკი საერთოდ არ სჭირდება. ხოლო, თუ სპეციფიკურ ვირუსთან გვაქვს საქმე (გრიპის ვირუსი) აქ შეგვიძლია ჩავრთოთ ანტივირუსული მკურნალობა. აღმოჩნდა, რომ მწვავედ მიმდინარე ყელის ტკივილი, რომელიც მოითხოვს ანტიბიოტიკს, არის ძალიან პატარა სეგმენტში. დიაგნოზს სჭირდება სისხლის ტესტი, სწრაფი ტესტი ყელიდან. მიუხედავად იმისა, რომ სიცხე და ჩირქი გვაქვს, თუ დიაგნოზის შედეგად გამოირიცხა ანტიბიოტიკის საჭიროება, მისი ზედმეტად მიღება ქმნის ბაქტერიორეზისტენტობას და შემდეგ, არსებულ ინფექციასთან ანტიბიოტიკებით ბრძოლა აღარ იქნება ეფექტური,“ - დასძინა ქეთი გოცაძემ.