დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგი თინათინ კაჭარავა ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დიეტაზე, კეტოგენურ დიეტაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას. რას გულისხმობს კეტოგენური დიეტა, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს მას და რეკომენდებულია თუ არა ამ რეჟიმის დაცვა ყველასთვის, - სწორედ ამ საკითხებს შეიტყობთ დღევანდელი სტატიიდან.
კეტოგენური დიეტა ბოლო დროს დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში. ბევრი ადამიანი მას თვითნებურადაც კი მიმართავს. უნდა აღინიშნოს, რომ ინფორმირებულობა ამ საკითხზე საკმაოდ მწირია და კეტოგენური დიეტის მიმდევართა უმეტესობამ არ იცის, რომ ამ რეჟიმით შესაძლოა, ზიანიც კი მიადგეს ორგანიზმს.
კეტოგენური, იგივე კეტოდიეტა - გულისხმობს საკვებ რაციონში ნახშირწყლების მინიმუმამდე შემცირებას: 70% მოდის ცხიმებზე, 25% ეთმობა ცილებს, ხოლო დანარჩენი 5% კი უკავია ნახშირწყლებს.
ცნობილია, რომ ჩვენი ორგანიზმი ენერგიის ძირითად წყაროდ იყენებს ნახშირწყლებს, ხოლო კეტოგენური რეჟიმის დროს ენერგიის ძირითადი წყარო ხდება ცხიმი, კონკრეტულად კი ცხიმის წვისგან მიღებული კეტონური სხეულები. თუმცა რაოდენ მომხიბვლელადაც არ უნდა გამოიყურებოდეს ეს ტერმინი, კეტოდიეტას თან ახლავს არაერთი გვერდითი მოვლენა.
განვიხილოთ კეტოგენური კვების რაციონი: ამ დროს რაციონი გაჯერებულია ძირითადად ცხიმოვანი საკვებით.
კეტოგენური დიეტის დროს დაშვებულია:
რძის პროდუქტები ცხიმის მაღალი შემცველობით,
კვერცხი,
ნებისმიერი ხორცეული,
თევზი და ზღვის პროდუქტები,
მწვანე ბოსტნეული, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს,
სოკო,
თხილეული,
მცენარეული ზეთი,
ნაღების კარაქი,
ხილიდან - კენკროვნები და ავოკადო.
რაციონის მთავარი პრინციპი კი არის პროცენტული ბალანსის დაცვა - 70% ცხიმი, 25% ცილა და 5% ნახშირწყლები. აქვე აღვნიშნავ, რომ კალორაჟის კონტროლი კეტოდიეტის დროსაც ისევე აუცილებელია, როგორც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში.
შევეხოთ კეტოგენური დიეტის დადებით მხარეებს: ყველაზე ხშირად რასაც ამ დროს პაციენტები აღნიშნავენ არის ის, რომ მათ პრაქტიკულად არ შივდებათ. ამ ტიპის რეჟიმის დროს რეგულირდება ჰორმონ ინსულინის დონე. ინსულინი არის ანაბოლური (მაშენებელი) ჰორმონი, რომელიც იწვევს მადის გაძლიერებას, შესაბამისად, ამ ტიპის კვების დროს ხდება მადის დაქვეითება, წონაში კლება კი მიმდინარეობს ცხიმების ხარჯზე და თან ნაკლებად ხდება კუნთური მასის შემცირება. აქვე განვაგრძოთ მისი უარყოფითი მხარეების ჩამოთვლა: კეტოგენურ კვებას შეუძლია ორგანიზმში გამოიწვიოს ყაბზობა (შეკრულობა), სიმძიმე კუჭ-ნაწლავის არეში, გულისრევის შეგრძნება, კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე რომელიც მიკრო, მაკრო ელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტის ფონზე შეიძლება განვითარდეს. კეტო მიმდევართა უმეტესობა ამ რეჟიმზე გადასვლიდან დაახლოებით ერთ კვირაში აღნიშნავს ძლიერ სისუსტეს, თავბრუსხვევას, არტერიული წნევის დაქვეითებას და კუნთების ტკივილს, რასაც „კეტო ფლუ“ (კეტო გაციება) ეწოდება. როგორც წესი, ეს ჩივილები რამდენიმე დღეში ქრება. ასევე რადგან აღნიშნული კვების რეჟიმის დროს უფრო მეტი დატვირთვით უწევთ მუშაობა ღვიძლს და თირკმლებს, შესაძლებელია, მოხდეს მათი ფუნქციის დარღვევა. გვერდით მოვლენას მიეკუთვნება ორგანიზმში ე.წ „ცუდი“ ქოლესტერინის მატება.
კეტო რეჟიმის დაცვა არ შეიძლება ორსულებისთვის და ლაქტაციაში მყოფი ქალებისთვის. ასევე აკრძლულია ნებისმიერი ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანისთვის (დიაბეტი, გულის უკმარისობა და ა.შ). მისი დაცვა კატეგორიულად აკრძალულია ბავშვთა და მოზარდთა ასაკში.
ბოლოს კი, ტრადიციულად ჩვენს მკითხველს ისევ შევახსენებ, რომ კვების ნებისმიერი ტიპის დროს მხოლოდ რაციონს არ ენიჭება უპირატესობა, აუცილებელია კალორაჟის და კვების ჯერადობის კონტროლი. კვლავ გავუსვათ ხაზი იმას, რომ ყველა ორგანიზმი არის ინდივიდუალური და არ არსებობს ყველასთვის მორგებული არც კვების ტიპი და არც კვების რაციონი.
,,ბავშვების პრობლემები უმეტესად არა ცხვირის ღრუში, არამედ - ცხვირ-ხახაშია" - ოტორინოლარინგოლოგი
,,როდესაც პაციენტი შემოდის ჩემთან და მეუბნება, რომ მას აქვს ყურის პრობლემა, პირველ შეკითხვას ყოველთვის ცხვირთან დაკავშირებით ვუსვამ ხოლმე და ვაკვირდები რეაქციასაც - სულ უკვირთ, რა შუაშია ცხვირი, როდესაც ისინი ყურის ჩივილებით მოდიან. განსაკუთრებით, მშობლებს მინდა - გავაგებინო, რომ ეს პირდაპირ კავშირშია, მით უმეტეს, ბავშვებში", - ამის შესახებ ოტორინოლარინგოლოგმა, პროფესორმა გიორგი გოგნიაშვილმა ,,პირველი არხის" გადაცემაში ,,პირადი ექიმი მარი მალაზონია" ისაუბრა.
,,ბავშვების პრობლემები უმეტესად არა ცხვირის ღრუში, არამედ - ცხვირ-ხახაშია. უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვებისთვის ცხვირი და სუნთქვის მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანია ყურის ფუნქციებისთვის. თუ ამას არ მივაქცევთ ყურადღებას, ბავშვს უკვე შეექმნება პრობლემები სმენის მხრივ და შემდგომ სერიოზული ჩარევები გვიწევს ყურზე. ამიტომ, სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვებში ნორმალური სუნთქვა წინაპირობაა იმის, რომ არა მარტო ცხვირის ფუნქცია მოვაწესრიგოთ, არამედ - ყურის ფუნქციაც.
საკმაოდ ხშირია ვირუსული ინფექციების დროს ყელის პრობლემები. მინდა, საზოგადოებას ვთხოვო, რომ პირდაპირ არ დავიწყოთ ანტიბიოტიკოთერაპიით - ეს ორგანიზმისთვის არის დამღუპველი. ანტიბიოტიკი ძალიან კარგი პრეპარატია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ მისი მიზანი და დანიშნულება. ვირუსის დროს, რა თქმა უნდა, არის ხოლმე ყელის ტკივილი - ხშირ შემთხვევაში, უნდა განვასხვავით - ეს ტკივილი არის ვირუსული თუ ბაქტერიული. ამას ძალიან მარტივად გავარკვევთ სისხლის ანალიზის მეშვეობით. თუ ბაქტერიული მონაცემები მომატებულია სისხლის ანალიზში, ეს ტკივილი ბაქტერიულია და უნდა ვიმკურნალოთ ანტიბიოტიკით, თუ ვირუსულია - მაშინ აზრი არ აქვს ანტიბიოტიკების მოხმარებას, რადგან უფრო ვაზიანებთ ჩვენ ამით ორგანიზმს, ვაქვეითებთ იმუნიტეტს და შესაბამის ვირუსს ეძლევა საშუალება, რომ უფრო მეტად დაგვაზიანოს", - აღნიშნა გიორგი გოგნიაშვილმა.