Baby Bag

„სასურველია, რომ კვირაში ორჯერ მივიღოთ სხვადასხვა სახეობის თევზის პროდუქტი,“- ლევან რატიანის რეკომენდაცია

„სასურველია, რომ კვირაში ორჯერ მივიღოთ სხვადასხვა სახეობის თევზის პროდუქტი,“- ლევან რატიანის რეკომენდაცია

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ თევზის სასარგებლო თვისებებზე ისაუბრა:

„ნუტრიციოლოგებმა თევზი შეიტანეს იმ საკვებთა ნუსხაში, რომლებიც სიცოცხლის გამახანგრძლივებელ საკვებ ნივთიერებას წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე სასურველია, რომ კვირაში ორჯერ მივიღოთ სხვადასხვა სახეობის თევზის პროდუქტი. ეს თავისთავად იწვევს მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას, ანტიოქსიდანტური სისტემის აქტივაციას, იმუნომოდულაციას.

პირველი, რაზეც კვირაში ორჯერ თევზის მიღება აისახება, ეს არის კანი. მას ენიჭება ელასტიურობა და რეგენერაციის მაღალი უნარი. ადამიანები უფრო მოგვიანებით ნაოჭდებიან.

თევზის მიღება ომეგა 3-ის შემცველობიდან გამომდინარე მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის რისკს ამცირებს. ასევე თევზი ხელს უწყობს გულის ნორმალური რიტმის შენარჩუნებას.

თევზი დადებითად მოქმედებს და ისეთი დაავადებების პრევენციას ახორციელებს, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში დეფექტურ იმუნიტეტს წარმოქმნის. ეს არის ე.წ. აუტოიმუნური დაავადებები.

თევზში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები მეხსიერების გაუმჯობესებას უწყობს ხელს.“

ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას თქმით, თევზის მიღება სასარგებლოა ჩვენი სისხლისთვისაც.

„თევზის მიღება ხელს უშლის სისხლძარღვებში ქოლესტერინის ფოლაქების ჩალაგებას, შესაბამისად გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიის განვითარების რისკებს ამცირებს.

თევზში შემავალი ომეგა 3 ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორია D ვიტამინის წარმოქმნის. ის ჩვენს ორგანიზმსა და გუნება-განწყობაზე დადებითად მოქმედებს.

თევზი დადებითად ზემოქმედებს თვალის ჯანმრთელობაზე,“- აღნიშნა ლაშა უჩავამ.

წყარო:​ „ექიმები“

შეიძლება დაინტერესდეთ

„თითქოს ბავშვი ჯანმრთელია ყველანაირად, დარბის, უცებ ასტკივდა მუცელი და 24-48 საათში უკვე საოპერაციოში ხვდება,“- ბავშვთა ქირურგი მალხაზ კარტოზია აპენდიციტის ნიშნებზე

ბავშვთა ქირურგმა მალხაზ კარტოზიამ ბავშვებში აპდენდიციტის ნიშნები დაასახელა და მშობლებს მოუწოდა, რომ მსგავსი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში სიფრთხილე გამოიჩინონ და პედიატრს მიმართონ:

„პატარა ბავშვის შემთხვევაშიც, განსაკუთრებით ორი წლის ასაკიდან, რომელიც ჭირვეულობს, აუხსნელია ტკივილი, თუ ჭირვეულობის მიზეზი, აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ შესაძლებელია, აქ მიმდინარეობდეს მწვავე ქირურგიული პათოლოგია, როგორიც არის აპენდიციტი. თითქოს ბავშვი ჯანმრთელია ყველანაირად, დარბის, დახტის, უცებ ასტკივდა მუცელი და ეს პაციენტი, 24-48 საათში უკვე სტაციონარში ხვდება, საოპერაციოში ხვდება.

ბავშვთა ასაკში მუცლის ტკივილის შემთხვევაში ყოველთვის უნდა გვქონდეს მხედველობაში, რომ არ გამოგვეპაროს ქირურგიული პათოლოგია. პატარა ბავშვებში როდესაც იწყება მუდმივი ჭირვეულობა, როდესაც ბავშვს ცხელება წამოუვა, როდესაც ღებინების ეპიზოდია, როდესაც უძილო ღამეა, მშობლები ყოველთვის უნდა ვიყოთ ფხიზლად იმისთვის, რომ პირველივე ასეთ სიტუაციაში მივმართოთ პედიატრს,“- მოცემულ საკითხზე მალხაზ კარტოზიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად