Baby Bag

შევიძინოთ თუ არა თევზი ზაფხულში? - შეფ-მზარეულ ნუცა ბაიაძის რეკომენდაციები

შევიძინოთ თუ არა თევზი ზაფხულში? - შეფ-მზარეულ ნუცა ბაიაძის რეკომენდაციები

შეფ-მზარეულმა ნუცა ბაიაძემ თევზის შეძენისას აუცილებლად გასათვალისწინებელ წესებზე ისაუბრა:

„როდესაც თევზები იწყებენ ქვირითობას, ეს არის დაახლოებით 4 თვე: მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო. არსებობს მოსაზრება, რომ ვაცადოთ თევზებს ეს პერიოდი და შემდეგ შევიძინოთ, მაგრამ ეს მითია და არ არის დამტკიცებული კვლევებით.

თევზის შერჩევის რამოდენიმე კრიტერიუმი არსებობს: პირველი კრიტერიუმი არის სუნი, თევზს უნდა ჰქონდეს ნეიტრალური და სასიამოვნო ზღვის სუნი. ცოტა უსიამოვნო არომატი პირველი ნიშანია იმისა, რომ თევზი გაფუჭებას იწყებს. როდესაც თევზს ზედაპირზე მსუბუქად დავაწვებით, ის საწყის ფორმას ისევ უნდა დაუბრუნდეს. თუ მთლიან თევზს ვყიდულობთ, თვალები არ უნდა ჰქონდეს დაბინდული. ეს აუცილებელია. ეს იმის ნიშანია, რომ თევზი დაავადებული და გაფუჭებულია. თუ ფილეს ვყიდულობთ, ეს ნაჭერი უნდა იყოს განცალკევებით, მშრალ, ცივ ადგილას. სასურველია მოთავსებული იყოს ყინულიან ზედაპირზე.

შეიცვალა წესები და დამოკიდებულება გაყინული თევზის მიმართ. ადრე ყველას ეგონა, რომ გაფუჭების ზღვარზე მისულ თევზს ყინავდნენ. ეს მიდგომები შეიცვალა. ახლა არსებობს თევზის დაჭერიდან მალე საკმაოდ ღრმა და სწრაფი გაყინვა. თევზს როგორც კი დაიჭერენ, მაღალი ტექნოლოგიების დახმარებით ღრმა ყინვით გაყინავენ. მომზადებისას ის თითქმის ახალი თევზის იდენტურია. შეფუთვაზეც აქვს შესაბამისი წარწერა, როდესაც ახალდაჭერილი თევზი არის გაყინული,“- მოცემულ საკითხზე ნუცა ბაიაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „სხვა შუადღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

რა სასწაულმოქმედ ინგრედიენტებს შეიცავს ტრადიციული პასკა? - ექიმების განმარტება

რა სასწაულმოქმედ ინგრედიენტებს შეიცავს ტრადიციული პასკა? - ექიმების განმარტება

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ექიმების“ წამყვანებმა პასკაში შემავალი სასარგებლო ინგრედიენტების შესახებ ისაუბრეს და თითოეული მათგანი ცალ-ცალკე განიხილეს:

„ტრადიციულ პასკაში შემავალი სუნელები, ისეთი როგორიც არის მიხაკი, დარიჩინი, ილი, მუსკატის კაკალი, ყველა არის საოცრად არომატული. ეს სანელებლები მართლაც ეგზოტიკურია და ყველა მათგანი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა.

დარიჩინი არის საოცრად არომატული, შეიცავს ძალიან ბევრ ანტიოქსიდანტს. ის იცავს უჯრედებს დაზიანებისგან. ამასთან ამცირებს გულ-სისხლღარღვთა დაავადების განვითარების რისკს, ხელს უწყობს ცხიმის წვას, კარგი წონის კლებისთვის. დარიჩინი გვხვდება სხვადასხვა დიეტაში, ამცირებს დიაბეტის განვითარების რისკს.

მიხაკში შედის ისეთი სასარგებლო მინერალები, როგორიცაა: კალციუმი, რკინა, მაგნიუმი, ფოსფორი, ნატრიუმი. დაფქული სახით მისი მიღება სასარგებლოა. მიხაკს ახასიათებს ანტიბაქტერიული თვისებები. ის იცავს ღვიძლს. მასში შემავალი ფლავონოიდები ხელს უწყობენ ძვლის სიმკვრივის შენარჩუნებას. მიხაკი გამოიყენება პირის ღრუს სავლებადაც.

მუსკატის კაკალი შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, მაგნიუმს, რკინას. ის ამცირებს დეპრესიულობას, აქვს ანტისპაზმური თვისებები, ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

ილი არის არტერიული წნევის დამარეგულირებელი საშუალება. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები, იცავს ორგანიზმს ქრონიკული დაავადებებისგან, მასში შედის სხვადასხვა ვიტამინი.

ვანილი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. ის მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ამცირებს აკნეს განვითარების რისკს, ასტიმულირებს ზრდის პროცესებს, აქვს კანის დაბერების საწინააღმდეგო ეფექტი.

ეს ყველაფერი ამ დალოცვილ, გემრიელ პროდუქტშია.“

წყარო: ​„ექიმები“

წაიკითხეთ სრულად