Baby Bag

კარგი პედაგოგისთვის მატერიალური საკითხი არ უნდა იყოს გადამწყვეტი

კარგი პედაგოგისთვის მატერიალური საკითხი არ უნდა იყოს გადამწყვეტი

მზია აბულაძე 40 წელია დიმიტრი უზნაძის სახელობის თბილისის 22-ე საჯარო სკოლაში ფიზიკას ასწავლის. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფიზიკის სპეციალობით. მაშინ რექტორი ილია ვეკუა გახლდათ და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ამ მიმართულებას. იმ პერიოდში უნივერსიტეტმა შექმნა ფიზიკის არაჩვეულებრივი კერა საქართველოში. ჩემმა სადიპლომო ნამუშევარმა მოგვიანებით, 8 წლის შემდეგ, სახელმწიფო პრემია მიიღო.

პირველი წელი სკოლაში საკმაოდ გამიჭირდა. მივხვდი, რომ ბავშვებთან ურთიერთობა არ იყო მარტივი საქმე. თუმცა, როგორც მსახიობები იწამლებიან, როდესაც ერთხელ სცენის მტვერს შეისუნთქავენ, ასე დამემართა მეც. სკოლას ვეღარ მოვშორდი.

ჩემი აზრით, მასწავლებელს ბავშვი ძალიან უნდა უყვარდეს. კარგ პედაგოგს პასუხისმგებლობის გრძობა უნდა ჰქონდეს, კარგად იცოდეს თავისი საგანი. მატერიალური საკითხი მისთვის არ უნდა იყოს გადამწყვეტი.

თავდაპირველად ძალიან გამიჭირდა იმ აზრთან შეგუება, რომ სკოლაში აღარ მოვალ. მიუხედავად ამისა, მაინც ვფიქრობ, რომ ნამდვილად წასასვლელი ვარ. ბავშვებს ახალგაზრდა მასწავლებელი ურჩევნია. ახალგაზრდებსაც უნდა მიეცეთ განვითარების შესაძლებლობა. გულწრფელად ძალიან მინდა, რომ ჩემს ნაცვლად კარგი ადამიანი და კარგი მასწავლებელი მოვიდეს.

სახელმწიფოს მხრიდან საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის ჯილდოს გადაცემა უდიდესი დაფასებაა. ჩემამდე არაერთი ღირსეული მასწავლებელი წავიდა სკოლიდან. მათ ეს კანონი, სამწუხაროდ, არ შეხებია.“

შეიძლება დაინტერესდეთ

აჭარაში და 10 ქალაქში 4 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე სასწავლო პროცესი ყველა კლასის მოსწავლეებისათვის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება

აჭარაში და 10 ქალაქში 4 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე სასწავლო პროცესი ყველა კლასის მოსწავლეებისათვის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს შემდეგ ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გორში, გარდაბანში, ფოთსა და მარნეულში 4 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე სასწავლო პროცესი ყველა კლასის მოსწავლეებისათვის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. სასწავლო პროცესი ასევე დისტანციურად მიმდინარეობს აჭარის რეგიონში.

​გადაწყვეტილება გახანგრძლივებული საარჩევნო პროცესისა და დიდ ქალაქებში მობილობის შემცირების მიზნით იქნა მიღებული. კერძოდ, 21 ნოემბერს ჩატარდება არჩევნების მეორე ტური, საარჩევნო უბნებად კი ასეულობით სკოლა კვლავ იქნება გამოყენებული.

​რაც შეეხება უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს, ისინი სასწავლო პროცესს ისევე განაგრძობენ, როგორც აქამდე. კერძოდ, უნივერსიტეტები პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მეცადინეობებს წარმართავენ არადისტანციურ რეჟიმში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვით.

​აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს აგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში.

წაიკითხეთ სრულად