Baby Bag

კარგი პედაგოგისთვის მატერიალური საკითხი არ უნდა იყოს გადამწყვეტი

კარგი პედაგოგისთვის მატერიალური საკითხი არ უნდა იყოს გადამწყვეტი

მზია აბულაძე 40 წელია დიმიტრი უზნაძის სახელობის თბილისის 22-ე საჯარო სკოლაში ფიზიკას ასწავლის. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფიზიკის სპეციალობით. მაშინ რექტორი ილია ვეკუა გახლდათ და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ამ მიმართულებას. იმ პერიოდში უნივერსიტეტმა შექმნა ფიზიკის არაჩვეულებრივი კერა საქართველოში. ჩემმა სადიპლომო ნამუშევარმა მოგვიანებით, 8 წლის შემდეგ, სახელმწიფო პრემია მიიღო.

პირველი წელი სკოლაში საკმაოდ გამიჭირდა. მივხვდი, რომ ბავშვებთან ურთიერთობა არ იყო მარტივი საქმე. თუმცა, როგორც მსახიობები იწამლებიან, როდესაც ერთხელ სცენის მტვერს შეისუნთქავენ, ასე დამემართა მეც. სკოლას ვეღარ მოვშორდი.

ჩემი აზრით, მასწავლებელს ბავშვი ძალიან უნდა უყვარდეს. კარგ პედაგოგს პასუხისმგებლობის გრძობა უნდა ჰქონდეს, კარგად იცოდეს თავისი საგანი. მატერიალური საკითხი მისთვის არ უნდა იყოს გადამწყვეტი.

თავდაპირველად ძალიან გამიჭირდა იმ აზრთან შეგუება, რომ სკოლაში აღარ მოვალ. მიუხედავად ამისა, მაინც ვფიქრობ, რომ ნამდვილად წასასვლელი ვარ. ბავშვებს ახალგაზრდა მასწავლებელი ურჩევნია. ახალგაზრდებსაც უნდა მიეცეთ განვითარების შესაძლებლობა. გულწრფელად ძალიან მინდა, რომ ჩემს ნაცვლად კარგი ადამიანი და კარგი მასწავლებელი მოვიდეს.

სახელმწიფოს მხრიდან საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის ჯილდოს გადაცემა უდიდესი დაფასებაა. ჩემამდე არაერთი ღირსეული მასწავლებელი წავიდა სკოლიდან. მათ ეს კანონი, სამწუხაროდ, არ შეხებია.“

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის სახლი ტრენინგზე რეგისტრაციას აცხადებს

მასწავლებლის სახლი ტრენინგზე რეგისტრაციას აცხადებს

მასწავლებლის სახლი ტრენინგზე „კლიმატის ცვლილება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში - როგორ ვუპასუხოთ კლიმატის ცვლილებისადმი მოსწავლეების გაზრდილ ინტერესს“ რეგისტრაციას აცხადებს. მათი ცნობით, ტრენინგი განკუთვნილია პროგრამა eTwinning plus-ში რეგისტრირებული პედაგოგებისთვის. 

მასწავლებლის სახლის ინფორმაციით, ტრენინგმოდულის მიზანია, მასწავლებლებმა შეძლონ კლიმატის ცვლილების ჩართვა სწავლებაში, სასწავლო პროგრამაში და აამაღლონ მოსწავლეთა ცნობიერება, მათი კომპეტენციები მდგრადობის მიმართულებით. დაგეგმონ და განახორციელონ პროექტები აღნიშნულ თემაზე.

კერძოდ:

  • შეძლონ კლიმატის ცვლილების ინტეგრირებას სასწავლო პროგრამაში, ფორმალურ თუ არაფორმალურ განათლებაში;
  • შეძლონ გაიაზრონ თავად და გაააზრებინონ მოსწავლეებს კლიმატის ცვლილების ბუნებრივი და ანთროპოგენური მიზეზები და შედეგები;
  • შეძლონ ონლაინ აპლიკაციების და მწვანე კალკულატორების გამოყენებას;
  • შეძლონ იმ ღონისძიებათა ერთობლიობაზე მსჯელობას, რომლებსაც საერთაშორისო საზოგადოება გლობალურ დონეზე ახორციელებს;
  • შეძლონ სკოლაში კლიმატის ცვლილებაზე ერთიანი სასკოლო მიდგომის შემუშავებას და თემატიკის სწავლების პროცესში ინტეგრირებას;
  • შეძლონ შესაბამისი პროექტების დაგეგმვის გზით მდგრადობის მიმართულებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას, მათი კომპეტენციების განვითარებას.

​ტრენინგის ხანგრძლივობაა 8 საკონტაქტო საათი, რეგისტრაცია 31 ოქტომბრის ჩათვლითაა შესაძლებელი. ტრენინგები ჩატარდება ონლაინ რეჟიმში.

რეგისტრაცია მოდულზე http://tr.tp​dc.ge/direction/28/31/222

წაიკითხეთ სრულად