Baby Bag

კარგი პედაგოგისთვის მატერიალური საკითხი არ უნდა იყოს გადამწყვეტი

კარგი პედაგოგისთვის მატერიალური საკითხი არ უნდა იყოს გადამწყვეტი

მზია აბულაძე 40 წელია დიმიტრი უზნაძის სახელობის თბილისის 22-ე საჯარო სკოლაში ფიზიკას ასწავლის. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფიზიკის სპეციალობით. მაშინ რექტორი ილია ვეკუა გახლდათ და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ამ მიმართულებას. იმ პერიოდში უნივერსიტეტმა შექმნა ფიზიკის არაჩვეულებრივი კერა საქართველოში. ჩემმა სადიპლომო ნამუშევარმა მოგვიანებით, 8 წლის შემდეგ, სახელმწიფო პრემია მიიღო.

პირველი წელი სკოლაში საკმაოდ გამიჭირდა. მივხვდი, რომ ბავშვებთან ურთიერთობა არ იყო მარტივი საქმე. თუმცა, როგორც მსახიობები იწამლებიან, როდესაც ერთხელ სცენის მტვერს შეისუნთქავენ, ასე დამემართა მეც. სკოლას ვეღარ მოვშორდი.

ჩემი აზრით, მასწავლებელს ბავშვი ძალიან უნდა უყვარდეს. კარგ პედაგოგს პასუხისმგებლობის გრძობა უნდა ჰქონდეს, კარგად იცოდეს თავისი საგანი. მატერიალური საკითხი მისთვის არ უნდა იყოს გადამწყვეტი.

თავდაპირველად ძალიან გამიჭირდა იმ აზრთან შეგუება, რომ სკოლაში აღარ მოვალ. მიუხედავად ამისა, მაინც ვფიქრობ, რომ ნამდვილად წასასვლელი ვარ. ბავშვებს ახალგაზრდა მასწავლებელი ურჩევნია. ახალგაზრდებსაც უნდა მიეცეთ განვითარების შესაძლებლობა. გულწრფელად ძალიან მინდა, რომ ჩემს ნაცვლად კარგი ადამიანი და კარგი მასწავლებელი მოვიდეს.

სახელმწიფოს მხრიდან საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის ჯილდოს გადაცემა უდიდესი დაფასებაა. ჩემამდე არაერთი ღირსეული მასწავლებელი წავიდა სკოლიდან. მათ ეს კანონი, სამწუხაროდ, არ შეხებია.“

შეიძლება დაინტერესდეთ

„სისტემა მართავს ამ პროცესებს და სწავლაზე ხელმისაწვდომობა გარანტირებულია თითოეული მოსწავლისთვის“

„სისტემა მართავს ამ პროცესებს და სწავლაზე ხელმისაწვდომობა გარანტირებულია თითოეული მოსწავლისთვის“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკა დგებუაძის განცხადებით, კორონავირუსის პირობებში სამინისტრო სკოლების მართვას, ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის სრული დაცვით ახორციელებს.

„განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კორონავირუსის პირობებში ახორციელებს სკოლების მართვას, ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით დაცვით.

ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია თუ როგორ ემზადებოდა განათლების სისტემა იმისთვის, რომ დავბრუნებულიყავით საკლასო ოთახებში და ამისთვის უზარმაზარი სამუშაო გასწია განათლების სამინისტრომ სხვა უწყებასთან ერთად.

იმ სკოლებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დასტურდება წერტილოვანი შეზღუდვები წესდება.

სკოლა მაშინვე უკავშირდება დაავადებათა კონტროლის ცენტრს და მისი რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებს. სკოლას უტარდება დეზინფექცია, თუ საჭიროა, ყველა პედაგოგი და მოსწავლე გადადის თვითიზოლაციაში, თუ არადა მხოლოდ კლასი, სწავლა კი დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.

დღევანდელი სტატისტიკური მონაცემებით ვადასტურებთ იმას, რომ კოვიდ-ინფიცირების ფაქტები არსებობს მოსწავლეებსა და მასწავლებლებშიც. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ სისტემა მართავს ამ პროცესებს და სწავლაზე ხელმისაწვდომობა გარანტირებულია თითოეული მოსწავლისთვის.

4 ქალაქის, (თბილისი, ზუგდიდი, რუსთავი და ქუთაისი) საჯარო სკოლებში, სადაც სწავლა 1-ლი ოქტომბრიდან, 1-6 კლასებში, საკლასო ოთახებში განახლდა, ფიქსირდება 132 422 მოსწავლე.

ჩვენს ხელთ არსებული ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო, აღნიშნულ ქალაქებში სულ 20 სკოლა გადავიდა სრულად დისტანციურ სწავლებაზე, ასევე, 55 სკოლის ცალკეული კლასი.

რაც შეეხება სკოლებში უსაფრთხოებას, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ახალი სასწავლო წლისთვის სამინისტრომ საჯარო სკოლები სრულად უზრუნველყო პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით. გარდა ამისა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების განხორციელების პროცესს აკვირდება განათლების სამინისტრო, სისტემატიურად ხორციელდება სკოლებში მონიტორინგი.

განათლების სამინისტრომ შესთავაზე მოსწავლეებსა და მათ მშობლებს გაეკეთებინათ არჩევანი დისტანციურ სწავლებასა და საკლასო ოთახში სწავლის განახლებას შორის. დღეისათვის 1- 6 კლასების 130 000 მოსწავლიდან დისტანციური სწავლების სურვილი გამოთქვა 10 000-მდე მოსწავლემ,“ - აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ. 

წაიკითხეთ სრულად