Baby Bag

​ჩემი პირველი მასწავლებელი

​ჩემი პირველი მასწავლებელი

ჩემი პირველი მასწავლებელი დედაჩემი იყო. მშვიდი და წყნარი, დარდით გატეხილი, თუმცა მაინც მომღიმარი, შავებში ჩაცმული ქალი, ნაადრევი ჭაღარით.

დედას რიტუალი
სოფლის სკოლაში ვსწავლობდი. ნაძვნარში ოდნავ მოჩანდა ორსართულიანი შენობა, რომელსაც უზარმაზარი ეზო და სათამაშო მოედანი ჰქონდა. სკოლის გვერდით მდინარე ჩამოდიოდა და სანამ ღობეს გაავლებდნენ, სათითაოდ გვდარაჯობდნენ ხოლმე მასწავლებლები პირველკლასელებს, ვაითუ, ნაპირს ზედმეტად მივახლოვებოდით.

​დედაჩემს ერთი რიტუალი ჰქონდა. პირველივე დღეს პირველი კლასის ყველა მოსწავლეს ხელს ჩაჰკიდებდა და სკოლის მთელ შემოგარენს შემოატარებდა. ეს შეცნობა იყო. დედა ფიქრობდა, რომ ნამტირალევი, დედებს მონატრებული პატარები უცხო გარემოს უნდა შეჩვეოდნენ, სადაც წლების გატარება მოუწევდათ.
ამის შესახებ მე ცოტა მოგვიანებით გავიგე და დავფიქრდი, როდესაც ერთ-ერთ პირველ დღეს სკოლაში სკოლის მოედანზე მოსეირნე დედა და პატარები შევნიშნე. უცნაურია, რომ მანამდე ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ცხადია, ჩემი „შეცნობა“ არ მემახსოვრებოდა, თუმცა მახსოვდა ის პირველი დღე, როდესაც სკოლაში ყველაზე თბილი და ყველაზე ლამაზი ოთახის ნაწილი გავხდი.
ფერადი გეომეტრიული ფიგურები
ჩემი კლასი დედასთვისაც პირველი იყო. პირველი „პირველი კლასი“ და ალბათ სწორედ ამიტომ ვიყავით მისთვის განსაკუთრებულები, გამორჩეულები და საუკეთესოები. თვითონ ასე ამბობდა.
დედას პირველ „პირველ კლასში“ ერთი კარადა იდგა, ლამაზი, ნაცრისფერი ფარდებით. ეს კარადა ძალიან ბევრ მნიშვნელოვან და საჭირო რამეს ინახავდა, თუმცა ჩემთვის ყველაზე გამორჩეული მაინც ფერადი გეომეტრიული ფიგურები იყო, რომელთა დახმარებითაც დედამ მათემატიკა გვასწავლა. მე და ჩემს კლასელებს ყოველთვის გვემახსოვრება ის წითელი წრე, მწვანე კვადრატი და ყვითელი სამკუთხედი და დედაჩემი, მუქი ყავისფერი დაფის წინ მდგომი, რომელსაც ჩვენთვის ციფრები გამოჰყავდა.
წლების შემდეგაც, როცა სკოლას ვსტუმრობ, საკუთარ კლასზე მეტად, სწორედ ამ ოთახის დანახვა მახარებს და იმ კარადის, ალბათ, მეათასეჯერ დათვალიერება, სადაც ისევ ისე ლამაზად და ფაქიზად უწყვია დედას ქაღალდის ყუთში წითელი წრე, მწვანე კვადრატი და ყვითელი სამკუთხედი.
პირველი გაკვეთილი პირველი მასწავლებლისგან
მახსოვს, ერთხელ კლასში ვიჩხუბე. ზამთარი იყო. გარეთ თეთრად ბარდნიდა. დიდ შესვენებაზე რაღაცაზე ნაწყენმა ჩემს კლასელს კალამი ვატაკე მუცელში. მან სამაგიერო ხელის კვრით გადამიხადა და მეც თავი ვერ შევიკავე, კედელს შევასკდი. ჩხუბს ჩემი მარჯვენა ყურის ნაწილი შეეწირა, თუმცა ამ ამბავს დედაჩემი დიდად არ აუღელვებია. სისხლი მდიოდა და მტკიოდა და მას მაინც ვუსმენდი, ქალს, მასწავლებელსა და ყველაზე ბოლოს, დედაჩემს, რომელიც მტკიცედ და მკაცრად მიმითითებდა ჩემი არასწორი საქციელისკენ. მაშინ იმ ფაქტმა, რომ დედასთვის სკოლაში არა შვილი, არამედ მისი მოსწავლე ვიყავი, სხვებისგან არაფრით გამორჩეული, ძალიან გამაბრაზა.
მერე ცხადი გახდა, რომ დედაჩემმა მაშინ თავისი პირველი, პერსონალური გაკვეთილი ჩამიტარა, ჯერ როგორც მოსწავლეს და შემდეგ, როგორც შვილს.
ტვირთის შესახებ
ცოტა ხნის წინ ერთმა კარგმა ადამიანმა ახალგაზრდა მასწავლებლებს გვითხრა, რომ ჩვენ ადამიანები, ყველანი ჩვენი ტვირთებით მოვდივართ, თუმცა ეს ტვირთი კლასის კარებთან უნდა დავტოვოთ და მოსწავლეებთან ცარიელი ზურგებით შევიდეთ, რადგან მათ ჩვენი ტვირთების ტარება არ ევალებათ.
ტვირთი დედასაც ჰქონდა, ძალიან მძიმე და ძალიან მტკივნეული. უჭირდა, მაგრამ ყოველი გაკვეთილის წინ სარკესთან იდგა და საკუთარ თავს უმეორებდა, რომ მასწავლებელი იყო და მოსწავლეებს სჭირდებოდა. მან იცოდა, რომ მისი ცხრა მოსწავლე მოთმინებით იცდიდა, სანამ კარი გაიღებოდა და კლასში შავი ტანსაცმლით და ჭაღარა თმით, მომღიმარი ახალგაზრდა ქალი შევიდოდა.
შემდეგ გაცილებით მარტივი იყო. მთავარი კლასის კარებთან იწყებოდა, თუმცა ბევრი სხვა მასწავლებლის მსგავსად, დედაც იხსნიდა თავის ტვირთს და ტოვებდა, ტოვებდა, რათა ცარიელი ზურგით შესულიყო პატარა ადამიანებთან.
ისევ დედას რიტუალი

დედაჩემს ერთი რიტუალი აქვს. სასწავლო წლის პირველ დღეს თავისი პირველკლასელები სასეირნოდ მიჰყავს. ეს შეცნობაა, რომლის დროსაც ნამტირალევი, დედებს მონატრებული პატარები უცხო გარემოს სწავლობენ და ეჩვევიან.
დედაჩემს ერთი რიტუალი აქვს, ერთი რიტუალი, უკვე მეოცე წელია. 

ავტორი: მარიამ გვარამია 

    შეიძლება დაინტერესდეთ

    „ძალიან ბევრ ბავშვს არ უყვარს ლექსების სწავლა, კლასიკის შესწავლა... თვითონ ნაწარმოები არაფერ შუაში არ არის, მიმწოდებელია შუაში,“- პაატა ამონაშვილი

    „ძალიან ბევრ ბავშვს არ უყვარს ლექსების სწავლა, კლასიკის შესწავლა... თვითონ ნაწარმოები არაფერ შუაში არ არის, მიმწოდებელია შუაში,“- პაატა ამონაშვილი

    ფსიქოლოგმა პაატა ამონაშვილმა ბავშვების კლასიკური ლიტერატურით დაინტერესებაში მასწავლებლის უდიდესი როლის შესახებ ისაუბრა:

    „ძალიან ბევრ ბავშვს არ უყვარს კლასიკის შესწავლა, არ უყვარს ლექსების სწავლა, თუმცა ისეთებსაც ვხედავ, რომლებსაც უყვართ ეს ყველაფერი. თვითონ ლირიკა და ნაწარმოები არაფერ შუაში არ არის აქ, მიმწოდებელია შუაში. მასწავლებელი არის შუამავალი ბავშვსა და კლასიკურ საგანძურს შორის. თუ მასწავლებელს ეს კლასიკური საგანძური მოაქვს, როგორც მხოლოდ სკოლის პროგრამის ნაწილი, რომ მერე ტესტი ჩაატაროს, თან ამას აკეთებს მკაცრი სახით, თან ეჩხუბება, ეს გავლენას ახდენს ბავშვზე. ერთ-ერთ ბავშვს ვკითხე, როგორი მასწავლებლები გყავს-თქო. მან მიპასუხა: „არცერთი მასწავლებელი არ მყავს, რომელიც გაკვეთილის წინ რომ დამინახავს, მკითხავს, როგორ ხარო.“ კლასში რომ შედის მასწავლებელი და „როგორ ხართ?“ კითხვის ნაცვლად ამბობს: „გადაშალეთ წიგნები, როგორ არ მოიტანეთ დავალება?“  და ამის ფონზე ამოიღებს საგანძურს, ეს საგანძური ბავშვისთვის აღარ არის საგანძური.“

    „10 წლის წინ საქართველოში ექსპერიმენტი ჩავატარეთ. გავზომეთ როგორ უყვართ ბავშვებს თავიანთი მასწავლებლები სხვადასხვა საგანში. ეროვნული გამოცდა რომ ჩააბარეს ბავშვებმა, შევადარეთ ქულები იმას, თუ როგორ უყვარდათ მასწავლებელი. სადაც მასწავლებელი ძალიან უყვარს, ძალიან მაღალ ქულას იღებს ბავშვი, სადაც სძულს - ძალიან დაბალს. მამაჩემს, შალვა ამონაშვილს ჰყავდა მასწავლებელი ვარვარა ვარდიაშვილი. ის ისე აწვდიდა ბავშვებს „ვეფხისტყაოსანს,“ რომ დღემდე ჯიბით დააქვს მამაჩემს „ვეფხისტყაოსანი.“ მე არ მყავდა, სამწუხაროდ, ვარვარა ვარდიაშვილი მასწავლებლად და მიკვრიდა, რა აინტერესებს-მეთქი მამაჩემს ამ „ვეფხისტყაოსანში.“ სკოლაში „ვეფხისტყაოსანი“ იყო ისეთი ნაწარმოები, რომელიც ძალიან არ მიხაროდა. გაძალებდნენ დაზეპირებას, რთულია, ვერ გიხსნის მასწავლებელი. თვითონ „ვეფხისტყაოსნის“ ბრალი კი არ არის, მიმწოდებლის ბრალია ეს. ყველაზე დიდი კლასიკური საგანძურიც შეიძლება ბავშვისთვის საძულველი გახდეს საძულველი მასწავლებლის ხელიდან. სანამ კლასიკას მივიტან ბავშვთან, რატომ არ უნდა ვიზრუნო იმაზე, რომ შევაყვარო თავი?! მოდი, ჯერ მე შევუყვარდე და რასაც მივუტან, ისიც შეუყვარდება. თუ სიძულვილს მივუტან, თუ მე არ მოვწონვარ, რასაც მივუტან ისიც არ მოეწონება. საუკეთესო პატრიოტული ლექსიც გახდება იძულების ნაწილი. თუ დამაძალებთ, დავიზეპირებ, მაგრამ დავივიწყებ, როგორც კი გამოცდას ჩავაბარებ,”- აღნიშნულ საკითხზე პაატა ამონაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „შემდეგი გაჩერება“ ისაუბრა.

    წყარო: ​„შემდეგი გაჩერება“

    წაიკითხეთ სრულად