,,პრობლემა სახელად უჭმელობა ფანტაზიის, დიდი ნერვების და ძალისხმევის წყალობით დამარცხებულია,'' - ასეთი სათაურით აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში დედა ეკა ხიზანიშვილი.
ეკა თავის გამოცდილებას უზიარებს დედებს, რომლებსაც მასავით აწუხებთ ბავშვის უჭმელობა. გთავაზობთ მის პოსტს უცლელად:
ჩემმა 2 წლის შვილმა ერთდროულად მომხდარი მოვლენების ფონზე მთლიანად შეწყვიტა ჭამა.
1. პატარა ძამიკო მოვუყვანეთ სახლში,რაზეც საშინლად იეჭვიანა.
2. მოულოდნელად დატოვა ძიძამ,რამაც ძალიან იმოქმედა მასზე.
3. წინა პერიოდში გარკვეულ ეტაპზე ძალდატანებით უწევდა ჭამა (არ დავკონკრეტდები).
🚫მოშივდება და შეჭამს
🚫დაუდე საყვარელი საკვები მისაწვდომ ადგილას
🚫ლამაზად გაუფორმე
🚫მეგობრები დაუპატიჟე
🚫უფროსებთან ერთად დასვი სუფრაზე
🚫რაციონი გაუმრავალფეროვნე
და კიდევ რა აღარ...
მაგრამ არაფერმა იმუშავა.
რაც მთავარია, შიოდა და არ ჭამდა. ამ ფონზე გახდა ჭირვეული, დაიწყო მთელი ხმით ტირილი, ფეხების ბაკუნით და თავის ძირს გაწოლებით გაპროტესტება.
გააპროტესტა ზიარებაც...
დაიწყო ტირილი ბანაობისას...
მოკლედ კოშმარული 1.5 თვე გავატარეთ მთელმა ოჯახმა.მაგრამ დიდი ნებისყოფის ფასად და დაკვირვების შედეგად, აღმოვაჩინე მისი ახალი კუმირი - "მიკიუსი".
მოვიარე მთელი თბილისი და ბოლოს მივაკვლიე ამ ორ ჯადოსნურ ნივთს.
პირველ დღესვე ყურებიანი თავსახურის წყალობით საწრუპით მიიღო დასალევი იოგურტი, მთელი ჭიქა.(ხომ წარმოგიდგენიათ,რამდენად არაფერს ჭამდა,რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი).
ფაქტობრივად ჰაერით და წყლით იკვებებოდა და ... რძით.
მეორე დღესაც იგივე განმეორდა დილით და მერე წავიყვანეთ ზიარებაზე.ეზიარა (ცოტა გაჭიევეულდა, მაგრამ...)
შუადღეს ისევ გავუკეთე სადილი, უიმედოდ მაგრამ... ნუ, იმ დღის შემდეგ თამაშით, სიმღერით და ცეკვით, მაგრამ ჭამს.
როგორც კი იტყვის, რომ ,,მორჩა" - აღარ ვაჭმევ.
თითქმის ყველა ჯერზე ცდილობს, ბოლომდე ჭამოს და მიიღოს დამსახურებული კომპლიმენტი აპლოდირების ფონზე.
გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილების გაზიარება მათთვის ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, რადგან უკვე კარგად ვიცი, რას ნიშნავს მშიერი შვილი,'' - აღნიშნავს ეკა ხიზანიშვილი.
„გაკაჟებისთვის უნდა გამოვიყენოთ ზაფხულის პერიოდი, ჰაერის, მზის და წყლის აბაზანები,“ - თემურ მიქელაძე
პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში პასიური კურორტული მკურნალობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, კურორტზე ჰაერის, მზის და წყლის აბაზანების მიღება ბავშვის ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა:
„ჩვენ ყოველთვის ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ თუ არის შესაძლებლობა, ექვს თვეზე ზემოთ ბავშვმა გამოიცვალოს რამდენიმე კურორტი. ბავშვებში არის მხოლოდ პასიური კურორტული მკურნალობა ჰაერითა და მზის აბაზანებით. ბავშვებს ძირითადად ქრონიკული პათოლოგია არ ახასიათებთ. მათ აქვთ მწვავე დაავადებები. ჩვენი სოციალური პრობლემებიდან გამომდინარე მშობლებს არ აქვთ იმის საშუალება, რომ ერთ კვირაში ერთ კურორტზე წაიყვანონ, მეორე კვირაში მეორე კურორტზე. მშობლები მუშაობენ, სამსახურს ვერ ტოვებენ. არ უნდა ჩავთვალოთ, რომ კურორტის გამოცვლა აუცილებელი რეკომენდაციაა. ყველას მეტ-ნაკლებად აქვს სოფელი ან აგარაკი. მშობელს შეუძლია ბავშვი წაიყვანოს თავის სოფელში. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში 100-ზე მეტი კურორტია. ნებისმიერი რაიონული ცენტრი ახლოს არის კურორტთან.“
თემურ მიქელაძემ აღნიშნა, რომ ზაფხული მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ბავშვის გაკაჟებისთვის:
„საბჭოთა მარკეტინგი იყო ის, რომ ძვლები მაგრდება ურეკში, ფილტვები ბორჯომში და ა.შ. რა თქმა უნდა, ფანტასტიკური კურორტები გვაქვს და ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ დროულად. თუ ბავშვს აქვს კონკრეტული ალერგია რაიმე მცენარეზე, რა თქმა უნდა, მას სჭირდება კურორტის შერჩევა. ყვავილობის, დამტვერვის სეზონზე ასეთი ალერგიის მქონე ბავშვები არ უნდა გავიყვანოთ. ზაფხული თბილი სეზონია, ამიტომ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ გაკაჟებისთვის. მე წინააღმდეგი ვარ კუსტარული აუზების. გინახავთ, ბავშვებს აქვთ გასაბერი აუზები. მტკნარი წყალი დაახლოებით 2-3 საათში შეიძლება დაინფიცირდეს. ეს არის სწორედ გამომწვევი ყურის ხშირი ანთებისა. ხშირია მიმართვიანობა კანის ჩირქოვანი ინფექციების გამო. მიზეზია დაბინძურებული სანაპირო და მტკნარი წყალი, რომელიც თუ არ იქლორება, გაკაჟების ნაცვლად, პირიქით, შეიძლება ინფექციის წყარო გახდეს.“
„გაკაჟებისთვის უნდა გამოვიყენოთ ზაფხულის პერიოდი, ჰაერის აბაზანა, მზის და წყლის აბაზანა. სახლის პირობებს რაც შეეხება, ასე ვერანაირად ვერ გავაკაჟებთ ბავშვს. ადრეული ასაკის ბავშვს მდინარის ცივ წყალში ვერ ჩავსვამთ. ყველა სოფელთან მეტ-ნაკლებად ჩვენ გვაქვს მდინარე. ბავშვები არ უნდა ჩავიყვანოთ მტკნარ, გუბურა წყლებში. ეს არის ინფექციის მაღალი რისკი. როდესაც ვიყენებთ მზის აბაზანებს, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბავშვმა არ მიიღოს მზით დამწვრობა. 6 თვემდე ასაკის ბავშვი მზის გულზე არ უნდა გავიყვანოთ. არაპირდაპირი მზის სხივი აუცილებელია მისთვის, იმიტომ, რომ კანმა უნდა გამოიმუშაოს D ვიტამინი,“ - აღნიშნულ საკითხებზე თემურ მიქელაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.