,,პრობლემა სახელად უჭმელობა ფანტაზიის, დიდი ნერვების და ძალისხმევის წყალობით დამარცხებულია,'' - ასეთი სათაურით აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში დედა ეკა ხიზანიშვილი.
ეკა თავის გამოცდილებას უზიარებს დედებს, რომლებსაც მასავით აწუხებთ ბავშვის უჭმელობა. გთავაზობთ მის პოსტს უცლელად:
ჩემმა 2 წლის შვილმა ერთდროულად მომხდარი მოვლენების ფონზე მთლიანად შეწყვიტა ჭამა.
1. პატარა ძამიკო მოვუყვანეთ სახლში,რაზეც საშინლად იეჭვიანა.
2. მოულოდნელად დატოვა ძიძამ,რამაც ძალიან იმოქმედა მასზე.
3. წინა პერიოდში გარკვეულ ეტაპზე ძალდატანებით უწევდა ჭამა (არ დავკონკრეტდები).
🚫მოშივდება და შეჭამს
🚫დაუდე საყვარელი საკვები მისაწვდომ ადგილას
🚫ლამაზად გაუფორმე
🚫მეგობრები დაუპატიჟე
🚫უფროსებთან ერთად დასვი სუფრაზე
🚫რაციონი გაუმრავალფეროვნე
და კიდევ რა აღარ...
მაგრამ არაფერმა იმუშავა.
რაც მთავარია, შიოდა და არ ჭამდა. ამ ფონზე გახდა ჭირვეული, დაიწყო მთელი ხმით ტირილი, ფეხების ბაკუნით და თავის ძირს გაწოლებით გაპროტესტება.
გააპროტესტა ზიარებაც...
დაიწყო ტირილი ბანაობისას...
მოკლედ კოშმარული 1.5 თვე გავატარეთ მთელმა ოჯახმა.მაგრამ დიდი ნებისყოფის ფასად და დაკვირვების შედეგად, აღმოვაჩინე მისი ახალი კუმირი - "მიკიუსი".
მოვიარე მთელი თბილისი და ბოლოს მივაკვლიე ამ ორ ჯადოსნურ ნივთს.
პირველ დღესვე ყურებიანი თავსახურის წყალობით საწრუპით მიიღო დასალევი იოგურტი, მთელი ჭიქა.(ხომ წარმოგიდგენიათ,რამდენად არაფერს ჭამდა,რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი).
ფაქტობრივად ჰაერით და წყლით იკვებებოდა და ... რძით.
მეორე დღესაც იგივე განმეორდა დილით და მერე წავიყვანეთ ზიარებაზე.ეზიარა (ცოტა გაჭიევეულდა, მაგრამ...)
შუადღეს ისევ გავუკეთე სადილი, უიმედოდ მაგრამ... ნუ, იმ დღის შემდეგ თამაშით, სიმღერით და ცეკვით, მაგრამ ჭამს.
როგორც კი იტყვის, რომ ,,მორჩა" - აღარ ვაჭმევ.
თითქმის ყველა ჯერზე ცდილობს, ბოლომდე ჭამოს და მიიღოს დამსახურებული კომპლიმენტი აპლოდირების ფონზე.
გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილების გაზიარება მათთვის ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, რადგან უკვე კარგად ვიცი, რას ნიშნავს მშიერი შვილი,'' - აღნიშნავს ეკა ხიზანიშვილი.
5 რამ, რაც ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბავშვის ფიზიკური ჯანმრთელობისთვის აუცილებელია მას სახლი, საკვები და ტანისამოსი ჰქონდეს. გაცილებით რთულია იმის გარკვევა, თუ რა ახდენს ყველაზე დადებით ზეგავლენას ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. კლინიკური ფსიქოლოგებისა და მედიცინის ექსპერტთა უმრავლესობა თანხმდება, რომ ბავშვს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ემოციური სტაბილურობისთვის 5 მნიშვნელოვანი რამ ესაჭიროება.
1. უსაფრთხო ოჯახური გარემო
პოზიტიური და უსაფრთხო ოჯახური ატმოსფერო ბავშვის ემოციურ სტაბილურობასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დიდ ზეგავლენას ახდენს. მშობლების გარკვეული ნაწილი ვერ აცნობიერებს, რომ უსაფრთხო გარემო მხოლოდ ფიზიკური და ემოციური ძალადობისგან თავისუფალ გარემოს არ გულისხმობს (თუმცა ეს ორი ასპექტი ძალიან მნიშვნელოვანია). პოზიტიურ გარემოში ბავშვებს ასწავლიან, როგორ გაუმკლავდნენ პრობლემებს ჯანსაღი გზების გამოყენებით. მშობლებმა ბავშვს უნდა შეუქმნან უსაფრთხო გარემო, სადაც ისინი თავისუფლად შეძლებენ საკუთარ პრობლემებზე საუბარს და შიშის გარეშე გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს. მშობლებმა შვილებს უნდა მისცენ მაგალითი, როგორ უნდა ისაუბროს ადამიანმა თავის ემოციებსა და გრძნობებზე და როგორ გადალახოს დაბრკოლებები ჯანსაღი გზებით.
2. წინამძღოლობა და დისციპლინა
ბავშვებს მშობლებისა და უფროსების მხრიდან თანმიმდევრული, მუდმივი სწავლება და დისციპლინა ესაჭიროებათ. მათ უნდა იცოდნენ, რომელი სახის ქცევაა მისაღები და მიუღებელი სოციუმში. ეს ბავშვს ეხმარება ჩამოიყალიბოს გარკვეული ჩარჩო, რომლის ფარგლებში ის თავს კომფორტულად და თავდაჯერებულად იგრძნობს. მშობელმა ბავშვს უნდა ასწავლოს, როგორი ნეგატიური გავლენა აქვს ნეგატიურ ქცევას გარშემომყოფებზე. უფროსი და-ძმა და მშობელი ბავშვისთვის უნდა იყოს მაგალითი იმისა, თუ როგორი ქცევა ითვლება მისაღებად ოჯახში. დისციპლინა ბავშვს სხვადასხვა სფეროში წარმატების მიღწევაში ეხმარება.
3. რეგულარული თამაში
ბავშვებისთვის თამაში გართობაა, რაც მათ სიხარულს ანიჭებს. გარდა ამისა, თამაშს ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მრავალმხრივი დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია. თამაშის დახმარებით ბავშვები პრობლემის გადაჭრის უნარებს იძენენ, კრეატიულ აზროვნებას სწავლობენ და საკუთარი ქცევის კონტროლსაც ეჩვევიან. წყვილებში თამაში ბავშვს სოციალური უნარების განვითარებას და თანამშრომლობას ასწავლის. ბავშვი ჯგუფში ყოფნას ეჩვევა და ბავშვებთან ჯანსაღ ურთიერთობას სწავლობს.
4. თავდაჯერება
მშობელი ბავშვს თავდაჯერების შეძენაში თუ ეხმარება, ის მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ძალიან დადებით ზეგავლენას ახდენს. თავდაჯერების მატებისთვის მხოლოდ კომპლიმენტების თქმა და ბავშვის შექება საკმარისი არ არის. ბავშვი მხოლოდ მაშინ უნდა შეაქოთ, როდესაც ის ამას რეალურად იმსახურებს. უმჯობესია, ბავშვი წარმატების მიღწევისთვის შეაქოთ და არა მისი გარეგნობის გამო.
5. უპირობო სიყვარული
უპირობო სიყვარული ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვი გრძნობს, რომ ის უყვართ, მას უსაფრთხოების და მიკუთვნებულობის განცდა ეუფლება. ბავშვი აცნობიერებს, რომ ოჯახის წევრების სიყვარული არ არის დამოკიდებული მის მიღწევებზე, გარეგნულ მახასიათებლებსა და უნარებზე. ეს ყოველივე ბავშვს უდიდეს მოტივაციას სძენს. ბავშვი ხვდება, რომ შეცდომები და უკუსვლა მის ცხოვრებას საბოლოოდ არ ანგრევს და ყველაფრის გამოსწორება შესაძლებელია, რადგან ის უყვართ.